4 ივნისს ქ. ცხინვალში რუსული ენის საერთაშორისო დღე და რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის დაბადების 222 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება პუშკინის სკვერში გაიმართა. მას დაესწრნენ დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლები, პედაგოგები და რუსისტები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. დამსწრეთა შორის იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი და რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის (АПРЯЛ) პრეზიდენტმა ზალინა თედეევამ. მისი თქმით, „პუშკინის ლექსები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო წერტილში - რუსულ სამყაროში - მოგზაურობის საშუალებას იძლევა“. მან პუშკინს „სიტყვით გამოხატული რუსეთი“ უწოდა.
მე-6 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს სასცენო წარმოდგენები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს პუშკინის ლექსების მიხედვით შექმნილი სიმღერები. ღონისძიების ბოლოს კი დამსწრე საზოგადოებამ პუშკინის ძეგლი ყვავილებით შეამკო.