ახალი ამბები

ანატოლი ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

2021 / 06 / 06

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში (ПМЭФ) მონაწილეობდა. ფორუმი 2-5 ივნისს ჩატარდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი ბეკოევი, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ძამბოლატ ტადტაევი, ფინანსთა მინისტრი აზა ხაბალოვა და ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ რუსეთში ზნაურ გასიევი.

ანატოლი ბიბილოვმა ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ხელმძღვანელ სერგეი მენიაილოსთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ბესლანის ტრაგედიის მონუმენტი ყვავილებით შეამკო.

ინტერვიუ ТАСС-თან: ინვესტორები ცხინვალის რეგიონში

ფორუმის საინფორმაციო პარტნიორ ТАСС-თან ინტერვიუში ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი და რუსეთი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე მუშაობენ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობასა და „აგრო-სამრეწველო კომპლექსს“ ექცევა, რადგან ცხინვალის რეგიონი აგრარული „რესპუბლიკაა“. ცხინვალის რეგიონს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აღჭურვილობის მისაღებად რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარა. ბანკის სესხით ნაყიდი აღჭურვილობის ღირებულება 65 მლნ რუბლს აჭარბებს. ასევე, ბიბილოვის თქმით, ცხინვალის რეგიონის დელეგაციამ რუსეთის რეგიონებთან მოლაპარაკებები გამართა. ამ ყველაფრის საერთო მიზანი კი ცხინვალის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდაა.

ბიბილოვის თქმით, ცხინვალის რეგიონში არაერთი წარმატებული ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო განსაკუთრებით პერსპექტიული სოფლის მეურნეობაში ვაშლის, ყურძნის და ასევე, კენკროვნების მოყვანაა:

  • „სამხრეთის ბაღი“ - ინვესტორი, რომელმაც 50 ჰექტარზე ბაღები გააშენა და გაფართოებას აპირებს. წლის ბოლოსთვის კომპანიის ინვესტიცია ცხინვალის რეგიონში 200 მლნ რუბლს მიაღწევს.
  • ღვინის კომპანია „ირონსანმა“ გასულ წელს 200 ათასი ტონა სხვადასხვა სახის ღვინო გაიტანა რუსეთში. კომპანიას უკვე 15 ჰექტარი ვენახი აქვს გაშენებული.
  • 2008 წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონში კომპანია „БТК-4“ შემოვიდა და წარმატებით მუშაობს.

„სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“

საინტერესოა, რომ ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“ და ასე არამხოლოდ ის, არამედ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაც ფიქრობს. მისი თქმით, საპრეზიდენტო „არჩევნებში“, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, იმ შემთხვევაში იყრის კენჭს მეორედ, თუკი მოსახლეობა მის საქმიანობას დადებითად შეაფასებს.

პლენარული სესია და სირიაში „სამხრეთ ოსეთის საელჩოს“ საკითხი

ბიბილოვი ფორუმის პლენარულ სესიას დაესწრო. ცხინვალის რეგიონის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად იგი პოლიტიკოსებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და რუსეთის რეგიონების კომპანიებს ესაუბრა.

რუსეთის ფედერაციაში სირიის ელჩ - რიად ხადადთან შეხვედრისას ბიბილოვმა სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ-ასადის გამარჯვება შეაფასა, როგორც „სამართლიანობის ტრიუმფი და სირიელი ხალხის პოლიტიკური გამარჯვება“. ბიბილოვმა აღნიშნა, რომ სირიასთან ცხინვალის რეგიონს „ძმური ურთიერთობები“ აკავშირებს, ხოლო სირიაში „სამხრეთ ოსეთის საელჩოს“ გახსნის საკითხი ახლო მომავალში მოგვარდება.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 მაისს სირიამ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 22 ივლისს კი მან ცხინვალის რეგიონთან „დიპლომატიური ურთიერთობა“ დაამყარა.

ცხინვალის სინაგოგის საკითხი

ბიბილოვი, ასევე, რუსეთის მთავარ რაბინს - ბერლ ლაზარსაც შეხვდა და ცხინვალში სინაგოგის აღდგენაზე ესაუბრა. მისი შენიშვნით, შენობა „ქართულ აგრესიამდე“ საბჭოთა კავშირის უძველესი სინაგოგა იყო. ლაზარმა აღნიშნა, რომ სინაგოგის აღსადგენად საჭირო ზომებს მიიღებდა.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ ფორუმში მონაწილეობა ცხინვალის რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე იმოქმედებს და ფორუმის მნიშვნელობა დიდია იმის გათვალისწინებით, რომ მასში ცხინვალის რეგიონი სხვა ქვეყნებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

Go BackGo Back