ახალი ამბები

აფხაზეთის ფეხბურთის ამბები: მოყვარულთა ლიგა და სანკტ-პეტერბურგის ტურნირი

2021 / 06 / 06

5 ივნისიდან სოხუმში ფეხბურთის მოყვარულთა ლიგის თამაშები დაიწყო. ფეხბურთის „ფედერაციის“ პრეზიდენტმა თარაშ ხაგბამ და ფეხბურთის მოყვარულთა ლიგის დირექტორმა კიაგუა კვარაცხელიამ ამ საკითხსა და აფხაზი ფეხბურთელების სანკტ-პეტერბურგში გამართულ ტურნირში მონაწილეობაზე დეტალურად ისაუბრეს.

მოყვარულთა ლიგა

თარაშ ხაგბას განცხადებით, მოყვარულთა ფეხბურთის ლიგის გახსნა აფხაზეთში ფეხბურთის განვითარების გეგმის ნაწილია. ლიგის ორგანიზატორი „Apsnу Sports Group-ია“, რომელსაც „აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია“ უჭერს მხარს. კვარაცხელიას თქმით, ლიგაში 26 გუნდი მონაწილეობს. თამაშები ერთ წრედ, შაბათ-კვირას ჩატარდება. ჩემპიონატი 5 დეკემბერს დასრულდება.

გუნდებს შორის არიან დე ფაქტო შს სამინისტროს, ე.წ. „საბაჟო“ კომიტეტის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის თანამშრომლები და ფეხბურთის მოყვარულთა სხვა გუნდები.

ლიგის შეხვედრები მინი ფეხბურთის სტადიონზე („Совмин“) გაიმართება. ტურნირის გამარჯვებული გუნდი პრიზთან (50 ათასი რუბლი) ერთად რუსეთის მოყვარულთა სუპერლიგაში ითამაშებს.

სანკტ-პეტერბურგის ტურნირი

1-2 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საბავშვო და ახალგაზრდული ფეხბურთის ტურნირი - „მეგობრობის თასი“ გაიმართა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ (რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ საკუთრება) საბავშვო აკადემიამ მოაწყო. „ზენიტის“ აფხაზური ფილიალის გუნდმა აღნიშნულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.

„ზენიტის” მოწვევით ტურნირს ესწრებოდნენ ხაგბა და „ფედერაციის“ კიდევ ორი წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ აფხაზმა მაქსიმილიან სმირმა ტურნირში „საუკეთესო ფორვარდის“ ტიტული მიიღო, რაც მას „ზენიტის“ აკადემიაში მოხვედრის შანსს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ „ზენიტის“ საბავშვო და ახალგაზრდული აკადემიის ფილიალი აფხაზეთში - სოხუმსა და ახალ ათონში ამა წლის 27 მარტს საზეიმოდ გაიხსნა. 6-13 წლის ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა აკადემიაში ივარჯიშონ და შესაბამისი აღჭურვილობა უფასოდ მიიღონ (ფილიალის გახსნის შესახებ დეტალურად იხ. აქ).

სოჭის ტურნირი

აღსანიშნავია, რომ 6 ივნისს „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდი სოჭის ფეხბურთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ატლანტისს“ შეხვდა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

Go BackGo Back