ქ. ცხინვალში რუსეთის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა ახალგაზრდა მხატვართა გაერთიანების „Tskhinval 5“-ის წევრთა ნამუშევრები. გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორები არიან დე ფაქტო კულტურის სამინისტრო და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში.
ღონისძიებას დაესწრნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სხვები. ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის მჭიდრო კავშირი იყო“. მისი თქმით, რეგიონს რუსეთთან აკავშირებს „ისტორიული წარსული და სულიერი ნათესაობა“.
რუსეთის დღე ყოველწლიურად 12 ივნისს აღინიშნება. ცხინვალის რეგიონში ეს თარიღი ერთ-ერთ „სახელმწიფო“ დღესასწაულადაა გამოცხადებული.