ავტორი: ანი ზირაქაშვილი
მუზეუმის შესახებ
„საბრძოლო დიდების სახელმწიფო მუზეუმის“ დაარსების იდეა ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის (1992-1993 წლები) დასრულების შემდეგ გაჩნდა. ეს ინიციატივა პირველ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ეკუთვნის და მუზეუმიც სწორედ მის სახელს ატარებს.
მუზეუმის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მისი დანიშნულებაა „აფხაზი ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომის“ დროინდელი და აფხაზეთის სხვა ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებული ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების შენახვა, შესწავლა და საჯარო პრეზენტაცია. მუზეუმის დამფუძნებელია აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის სამინისტრო, დირექტორი კი გახლავთ „აფხაზეთის გმირი“ მზია ბეია. იგი 1992-1993 წლების ომის მონაწილეა.
„საბრძოლო დიდების სახელმწიფო მუზეუმი“ ქ. სოხუმში ოფიციალურად 2014 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვაც აქვს - 14 დეკემბერს აფხაზეთში ლათის ტრაგედიაში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. 1992 წელს სოფ. ლათის თავზე რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 85 პირი ადგილზე დაიღუპა. ლათის ტრაგედია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი იყო.
მუზეუმის შენობა
მუზეუმის თემატური დარბაზები
მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მასალა - ფოტოები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები; აქვეა ელექტრონული ბაზაც, რომელშიც ომის მონაწილეთა მონაცემებია შეყვანილი.
საერთო ჯამში, მუზეუმში ფუნქციონირებს 14 თემატური დარბაზი. მათ შორის აღსანიშნავია:
მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი
მუზეუმის სხვა საქმიანობა
მუზეუმი არ ემსახურება მხოლოდ ისტორიული ექსპონატების გამოფენას. მუზეუმს აქვს „სააქტო“ დარბაზიც, რომელშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება 1992-1993 წლების ომის თემატიკაზე - კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, დროებითი გამოფენები, კინოჩვენებები და სხვ.
მუზეუმი ასევე აქტიურადაა ჩართული მეორე მსოფლიო ომთან („დიდი სამამულო ომი“) დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში. მათ შორის აღსანიშნავია „უკვდავი პოლკის“ აქცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება „გამარჯვების დღესთან“ (9 მაისი) დაკავშირებით. „უკვდავი პოლკი“ საერთაშორისო საზოგადოებრივ-პატრიოტული მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა ქ. ტომსკში (რუსეთი) და „დიდი სამამულო ომის“ მეხსიერების შენახვას ისახავს მიზნად. მიმდინარე წელს აღნიშნული აქციის ორგანიზატორები იყვნენ „საბრძოლო დიდების სახელმწიფო მუზეუმი“ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა აფხაზეთში.
ასევე აღსანიშნავია პროექტი „ჩემი ომი“, რომელიც „დიდი სამამულო ომის“ 75 წლისთავს მიეძღვნა და რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ ფილმებს ომის მონაწილეთა შესახებ. მუზეუმი ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო - ომის ვეტერანთა ინტერვიუები სწორედ აღნიშნულ მუზეუმში ჩაიწერა.
რუსეთის მუზეუმთან თანამშრომლობა
მუზეუმი რუსეთთან კავშირების განვითარებაზეც ზრუნავს. 2018 წლის იანვარში ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის ცენტრალურ მუზეუმთან (ე.წ. გამარჯვების მუზეუმი), რომელიც ქ. მოსკოვში მდებარეობს. ხელშეკრულება „საბრძოლო დიდების სახელმწიფო მუზეუმსა“ და გამარჯვების მუზეუმს ერთობლივი გამოფენებისა და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების, ასევე სამეცნიერო, ინფორმაციული და საგანმანათლებლო საქმიანობის უფრო აქტიურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ვინ იყო ვლადისლავ არძინბა?
ვლადისლავ არძინბა სეპარატისტული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი იყო. ამ თანამდებობას ის 1994 წლის 26 ნოემბრიდან 2005 წლის 12 თებერვლამდე იკავებდა. „პრეზიდენტად“ დანიშვნამდე არძინბა აფხაზურ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული. კერძოდ, 1990-1992 წლებში გახლდათ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 1992-1994 წლებში კი გახდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარე. გარდაიცვალა 2010 წლის 4 მარტს.