ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში რუსეთის დღე აღნიშნეს

2021 / 06 / 13

12 ივნისს რუსეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 2005 წლის შემდეგ ეს თარიღი ცხინვალის რეგიონში აღინიშნება, როგორც ერთ-ერთი „სახელმწიფო“ დღესასწაული. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. საღამოს კი გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ბიბილოვი, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი და სხვა პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეები. „ჩვენს სამშობლოს - რუსეთს - ვუსურვებ, რომ მუდამ ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყოს,“ - აღნიშნა ბიბილოვმა.

ამავე დღეს გაიმართა მსვლელობა მანქანებით, რომლის ორგანიზატორი იყო მიხაილ კოჩიევი - ახალგაზრდული ორგანიზაცია „ერთიანი ალანიის“ ლიდერი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანატოლი ბიბილოვმა და ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა. მსვლელობის დროს მანქანებზე დამონტაჟებული იყო რუსეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დროშები.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობაში ასევე გაიმართა ხეზე ხატვის ტრადიციული რუსული ტექნიკის მასტერკლასი „Золотая хохлома“. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული ტექნიკის ისტორიას, მის ძირითად სახეობებს და თავიანთი ნამუშევრებიც შექმნეს. მასტერკლასის ორგანიზატორი იყო ცხინვალის რეგიონში რუსი მოსახლეობის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „РОССЫ“.

რუსეთის დღესთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე „დიდ სამამულო ომში“ დაღუპულ გმირთა ხეივანი და მარადიული ცეცხლის მონუმენტი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ მე-4 სამხედრო ბაზის მეთაურები, ასევე რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.

Go BackGo Back