აფხაზი ბოქსიორი საირ კაჭარავა რუსეთის გუნდის სახელით საქართველოში კრივის ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს. აფხაზეთის დე ფაქტო ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ფეისბუქ გვერდის თანახმად, ჩემპიონატი 1-13 ივლისს ჩატარდება.
დე ფაქტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზმა კაჭარავას ევროპის ჩემპიონატზე „ბრწყინვალე გამარჯვება და ოქროს მედლის“ მოპოვება უსურვა.
მოკრივე 15 წლისაა და მას აპრილში კრასნოდარის ოლქის ქალაქ ანაპაში 15-16 წლის ახალგაზრდებს შორის რუსეთის კრივის ჩემპიონატი აქვს მოგებული. კაჭარავას არნოლდ გუბაზი და ალიას აგრბა წვრთნიდნენ.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ გვერდის თანახმად, „პირველად ქართული კრივის ისტორიაში ჭაბუკ მოკრივეთა შორის“ ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს და იგი 1-12 ივლისს ჩატარდება.