ახალი ამბები

ცხინვალში „სამშვიდობო“ ოპერაციის დაწყების 29-წლისთავი აღნიშნეს

2021 / 07 / 14

ცხინვალის რეგიონში „სამშვიდობო“ ოპერაციის დაწყების 29-წლისთავი აღნიშნეს და „მამულის მცველთა“ მემორიალური კომპლექსი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას დაესწრნენ „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, ასევე დე ფაქტო სამინისტროების წარმომადგენლები და სხვები.

მოგვიანებით, „რესპუბლიკური“ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ბიბილოვი „სამშვიდობო“ ძალების ვეტერანებს შეხვდა. მან მადლიერება გამოთქვა მარატ კულახმეტოვისადმი, რომელიც თავად მეთაურობდა „სამშვიდობო“ ძალებს 2004-2008 წლებში. ღონისძიების ბოლოს საზეიმო კონცერტიც გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ „სამშვიდობო“ ოპერაცია ცხინვალის რეგიონში 1992 წლის 14 ივლისს დაიწყო. დაგომისის (სოჭის) ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული საკონტროლო მისია და რეგიონში რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. ოპერაცია 2008 წლის აგვისტოში დასრულდა.

Go BackGo Back