ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონმა რუსეთს ვაქცინის დამატებითი დოზები სთხოვა

2021 / 07 / 20

ცხინვალის რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მიღების მსურველთა რაოდენობა. 20 ივლისის მონაცემებით, „Спутник V“-ის პირველი კომპონენტი 702-მა პირმა მიიღო, 308 კი უკვე ორივე დოზით აიცრა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რეგიონმა რუსეთის ფედერაციის მთავრობას ვაქცინის დამატებითი დოზების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ჯანდაცვის „მინისტრის“ სოსლან ნანიევის განცხადებით, უახლოეს მომავალში რეგიონი მიიღებს ვაქცინის მორიგ პარტიას, რომელშიც ორი ტიპის რუსული ვაქცინა იქნება - „Спутник V“ და „Спутник Лайт“.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება ასევე მუშაობს ცხინვალის რეგიონში გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატების რუსეთის მიერ აღიარების საკითხზე. როგორც ნანიევმა აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებს - რუსეთის მოქალაქეებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებს“ - რეგიონში მიღებული სერტიფიკატების საფუძველზე რუსულ სეტიფიკატებს დაურიგებენ.

Go BackGo Back