ახალი ამბები

ცხინვალში ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორებს უმასპინძლეს

2021 / 08 / 16

ცხინვალში რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის გუნდის მწვრთნელ - ძამბოლატ თედეევსა და ჩრდილოეთ ოსეთიდან ტოკიოს ოლიმპიურ ჩემპიონს - ზაურბეკ სიდაკოვს და პრიზიორებს - არტურ ნაიფონოვსა და სერგეი კოზირევს საზეიმოდ უმასპინძლეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ოქროს მფლობელი სოსლან რამონოვიც.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ტარდებოდა. რუსეთი 33 სპორტის სახეობაში 335 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. სანქციების გამო რუსეთი ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იყო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით. მათ 20 ოქრო, 28 ვერცხლი და 23 ბრინჯაო მოიპოვეს. ჩრდილოეთ ოსეთიდან მონაწილე 8 ათლეტიდან 4 პრიზიორი გახდა. მათ ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

საზეიმო შეხვედრას ცხინვალში ასობით ადამიანი ესწრებოდა. თედეევმა, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდანაა, განაცხდა, რომ: „ჩვენ სამშობლოში მოვედით. ტოკიოში მუდამ ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ყველა ოლიმპიური თამაშიდან ჩვენ ოლიმპიური მედალი მოგვაქვს პატარა ოსეთისთვის. იყვნენ რამონოვი, გაცალოვი, თაიმაზოვი, ბაროევი - ეს უკვე კარგი ტრადიციაა“. ასევე, თედეევის განცხადებით, „ოსეთს არავინ ჰყოფს, მაგრამ ცხინვალი ოსეთის გულია“. მისივე შენიშვნით, თუ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას 15 ქვეყანა აღიარებს, მას ოლიმპიურ თამაშებზე „ნეიტრალური ოლიმპიური დროშით“ გამოსვლა შეეძლება.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჩემპიონები - ოქროს მფლობელი ზაურბერკ სიდაკოვი, ბრინჯაოს მფლობელი არტურ ნაიფონოვი, ვერცხლის მფლობელი ჩოგბურთელი ასლან კარაცევი და ბრინჯაოს მფლობელი ძიუდოისტი მადინა თაიმაზოვა „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.

Go BackGo Back