რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების, მექანიზაციის, ქიმიზაციისა და ნარგავების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის - რომან ნეკრასოვის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო.
ნეკრასოვთან ერთად აფხაზეთს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო ინსტიტუტის - „Россельхозцентр-ის“ დირექტორი - ალექსანდრე მალკო, ამავე ინსტიტუტის ვიცე-დირექტორი - ხამზათ ბელხაროევი და „Россельхозцентр-ის“ კრასნოდარის ფილიალის უფროსი - ვიტალი მარჩენკო ესტუმრნენ.
აფხაზეთს კი წარმოადგენდნენ დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი, დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბესლან ჯოპუა და „აგრონომიის ინსტიტუტის“ დირექტორი ლესიკ აიბა.
სანერგე მეურნეობის განსავითარებლად აფხაზეთის აგრონომიის ინსტიტუტს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 50-ზე მეტი დანადგარი გადასცა: მინი ტრაქტორები, გუთნები, ჰიდრავლიკური ტრაილერები, კულტივატორ-მიწის შემოსაყრელები.
დახმარება აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის განვითარების შესახებ „მთავრობათაშორისი“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რუსულმა მხარემ ტექნიკა ჯერ მწარმოებლებს შეუკვეთა, რომელთაც გარკვეული დანადგარები სპეციალურად აფხაზეთისთვის დაამზადეს, შემდეგ კი ამ ყველაფრის მობილიზება სოჭში მოხდა.
ანქვაბმა მადლობის სიტყვაში აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობით ბევრი პრობლემა გვარდება, მათ შორის, უკვე მოხერხდა აზიურ ფაროსანასთან წარმატებით გამკლავება.
ნეკრასოვის თანახმად, აფხაზეთთან თანამშრომლობა უშუალოდ მინისტრ დიმიტრი პატრუშევის კონტროლქვეშაა. მისივე თქმით, აფხაზეთს ციტრუსების წარმოების დიდი პოტენციალი აქვს და რუსეთი მას წელიწადში მილიონამდე ნერგის გამოყვანაში დაეხმარება.