ახალი ამბები

აფხაზეთში საველე ჰოსპიტალი ამოქმედდა

2021 / 08 / 23

აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება 19 აგვისტოს დაიწყო. პირველივე დღეს საავადმყოფომ კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მიიღო. მობილური საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გათვლილია 100 საწოლზე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 50 საწოლის დამატება.   

საველე ჰოსპიტალი, აფხაზეთის საწოლფონდის გაზრდის მიზნით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაგზავნა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას დახმარების თხოვნით მიმართა. საავტომობილო კოლონა ქ. ბუდიონოვსკიდან (სტავროპოლის  მხარე) დაიძრა და 800-კილომეტრიანი მარში შეასრულა. ჰოსპიტალი ქ. სოხუმში 18 აგვისტოს ჩავიდა.

ჰოსპიტლის გარდა, რუსეთმა აფხაზეთში რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის 30 სპეციალისტიც გაგზავნა. კოლონა 10 სპეციალურ ტექნიკას მოიცავდა. სპეციალისტებმა ქ. გუდაუთასა და სოხუმში მუშაობა 20 აგვისტოს დაიწყეს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ისინი 50 ათას კვ. მ. ტერიტორიას დაამუშავებენ, მათ შორის იქნება „ადმინისტრაციის“ შენობები, ცენტრალური საავადმყოფოები, თავდაცვის „სამინისტროს“ არქივის შენობა, ბაზრები და სხვ.

Go BackGo Back