ახალი ამბები

ოქონის ტრიპტიქონი: ვის ეკუთვნის ხატი?

2021 / 10 / 21

ავტორი: სალომე აბრამიშვილი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია აქტიურად განიხილავს უნიკალური ხატის, ოქონის ტრიპტიქონის დაბრუნების საკითხს. აღნიშნული ქმნილება 1990-იანი წლების დასაწყისში, „ქართულ-ოსური კონფლიქტის საომარი ფაზის“ მიმდინარეობის დროს გაქრა ცხინვალიდან და ამჟამად თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

დე ფაქტო მთავრობის წევრებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს არაერთხელ წამოჭრეს ხატის დაბრუნების საკითხი. მათ ეს მოთხოვნა, ბოლოს, 2021 წლის 12-13 ოქტომბერს 54-ე რაუნდის მიმდინარეობის დროს გააჟღერეს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა“ მურატ ჯიოევმა ერთ-ერთი რაუნდის მიმდინარეობის დროს განაცხადა, რომ „ხატის დაბრუნება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისადმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის გაჩენისთვის“. „ეს წმინდა ჰუმანიტარული საკითხია. ხატი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მეპატრონეს - სამხრეთ ოსეთის ხალხს. ამ საკითხს ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ და ვაპირებთ სიწმინდეზე ვილაპარაკოთ მანამ, სანამ ხატი არ დაბრუნდება“, – განაცხადა ჯიოევმა. მიუხედავად ცხინვალის რეგიონის მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე „ოსურ მხარესთან“ დისკუსიაში შესვლასა და კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ხატის შესახებ

ოქონის ტრიპტიქონი ბიზანტიური ხატწერის ადრეული სკოლის გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. იგი სპილოს ძვლისგანაა დამზადებული და მასზე გრავირების მეთოდით მაცხოვარი და წმინდანები არიან გამოსახული. ხატი მარგალიტითა და ოქრო-ვერცხლითაც იყო შემკული, თუმცა დღეს იგი გაძარცვულია და ძვირფასი ქვები აღარ ამშვენებს.

ხატის ისტორია

თბილისის ვერსია

ქართველი მეცნიერების განცხადებით, ოქონის ხატი საქართველოში ბაგრატ IV-ს პირველმა მეუღლემ, დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა. XII საუკუნეში თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიქონის დასვენება ბრძანა. ოქონის ტრიპტიქონი XII საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება.

მოგვიანებით, XIX საუკუნეში, 30 ძვირფასი ქვით შემკული ხატი წარწერით „ოქონის ხატო, შეუნდე ცოდვილ კათალიკოს ევდემონს“ მკვლევარმა პრასკოვია უვაროვამ თავად ფალავანდიშვილების საგვარეულო ეკლესიაში შემთხვევით აღმოაჩინა. გასაბჭოების შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა სიწმინდეების განადგურება დაიწყეს, ხატი ეკლესიიდან სასულიერო მოძღვარმა 1925 წელს ცხინვალის მუზეუმში მიიტანა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არტეფაქტი არა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, არამედ ადგილობრივ მუზეუმს გადაეცა. აღნიშნულ მუზეუმში სამკარედი 1992 წლამდე ინახებოდა.

ცხინვალის ვერსია

„სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის“ დირექტორი მერაბ ზასეევი ოქონის ტრიპტიქონის ისტორიას ლეგენდის მიხედვით აღწერს. ლეგენდის თანახმად, ხატი XII საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს „სამხრეთ ოსეთში“, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და „სამხრეთ ოსეთის მუზეუმს“ გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა.

ხატის გაუჩინარება

თბილისის ვერსია

2001 წელს ჟენევაში კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ ოლეგ ზემლიანიკოვმა ოქონის სამკარედი გასაყიდად წარადგინა. აუქციონის ორგანიზატორებმა საკითხი გულდასმით შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ აღნიშნული ხატი საქართველოდანაა და ის არა კერძო პირის, არამედ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. საბოლოოდ, ხატი ზემლიანიკოვს ჩამოერთვა და აღნიშნული პიროვნება დააკავეს. როგორც გაირკვა, მან ეს ხატი 300$-ად ცხინვალის მუზეუმში შეიძინა. 2004 წელს, ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, ხატი ჟენევიდან თბილისში ჩამოასვენეს.

ცხინვალის ვერსია

„სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის“ თანამშრომელი, სერგეი ჩიბიროვი ხატის გაქრობის ისტორიას ასე აღწერს: „1991 წლის იანვარში ცხინვალის ის ნაწილი, სადაც მუზეუმი მდებარეობს, ქართულმა მილიციამ დაიკავა. იმ პერიოდში ტრიპტიქონი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო გამოფენილი. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც იქნა, მოვახერხეთ შენობაში შესვლა და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი ექსპონატი, ვერცხლის ქარქაშის მქონე რამდენიმე ხანჯალი და ძველი მონეტები გამქრალიყო. უნიკალური ხატი მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოჩნდა. 2001 წლის ზაფხულში პიროვნება ოლეგ ზემლიანიკოვმა გადაწყვიტა, ის ჟენევაში, კრისტის აუქციონზე გაეყიდა. მისი თქმით, მან აღნიშნული ტრიპტიქონი ვლადიკავკაზის ერთ-ერთ ქუჩაზე მოწყობილ ბაზრობაზე შეიძინა. აუქციონის დირექციას ეჭვი გაუჩნდა. მოიწვიეს ექსპერტები, რომლებმაც უნიკალური ხატის ორიგინალობა საბოლოოდ დაადასტურეს“.

ვის ეკუთვნის ხატი?

თბილისის არგუმენტები

შვეიცარიაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ზემლიანიკოვმა ხატი ცხინვალის მუზეუმში შეიძინა, თუმცა „სამხრეთ ოსეთში“ ამტკიცებენ, რომ ხატი 1992 წლამდე დაიკარგა. 2002 წლამდე, როდესაც ქართულმა მხარემ ოქონის ხატის დაბრუნებისთვის საჭირო ოპერაცია ჩაატარა, ცხინვალს ხატის დაკარგვის ან გაქრობის შესახებ არ განუცხადებია. ხატი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც შვეიცარიამ საქართველოს ოფიციალურად დაუბრუნა და მისი გადაცემა დაუშვებელია.

ცხინვალის არგუმენტები

„სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორის“ მერაბ ზასეევის თქმით, ხატი „სამხრეთ ოსეთის კულტურული მემკვიდრეობის“ ნაწილია. ცხინვალის რეგიონში ხატის საქართველოში გადმოცემის მთავარ მიზეზად „ცხინვალის მუზეუმში მისი შენახვის არადამაკმაყოფილებელ პირობებს“ ასახელებენ. თუმცა ზასეევის განცხადებით, დღეს მუზეუმის ახალ შენობას, რომელიც ყველა თანამედროვე ნორმის დაცვითაა აგებული, შეუძლია ეს სიწმინდე უსაფრთხოებით, ტემპერატურული რეჟიმითა და ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოს.

Go BackGo Back