ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, გენადი ბეკოევმა სოფ. მზივში ბავშვთა ბანაკის მშენებლობა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ამ მიდამოებში საბჭოთა პერიოდში საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული ბაზა ფუნქციონირებდა.
ახალი ობიექტის მშენებლობა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და რემონტისათვის 240 მლნ რუბლზე მეტია გამოყოფილი. როგორც კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია „ბადო“ ვარაუდობს, ძირითადი სამუშაოები 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ბეკოევის განცხადებით, ობიექტის საერთო ფართობი 3 000 კვ.მ. იქნება, სადაც 150 ბავშვზე გათვლილი სამ-სართულიანი დასასვენებელი სახლები აშენდება. ბანაკი განკუთვნილი იქნება ბავშვების კულტურული დასვენებისთვის, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის. საგულისხმოა, რომ ბანაკში არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის სკოლის მოსწავლეები, არამედ რუსი ახალგაზრდებიც შეძლებენ დასვენებას.
„პრემიერ-მინისტრმა“ დვალეთის ხეობაც მოინახულა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა სამი ხიდი, სამომავლოდ კი დაგეგმილია კეთილმოწყობილი გზების დაგება სოფლების - ზღუბირის, ედისას, ერმანის მიმართულებით და წყალმომარაგების ნაგებობების რეკონსტრუქცია. როგორც ბეკოევმა აღნიშნა, საგზაო ქსელის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, არამედ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ტურიზმის განვითარებას. გამომდინარე იქიდან, რომ დაბა ჯავაში დიდი რაოდენობით ისტორიული ძეგლები და მინერალური წყლებია თავმოყრილი, ადგილობრივ ტურიზმს განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია.