24 ნოემბერს „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ გალის რაიონული საავადმყოფო მოინახულა. მთავარმა ექიმმა ასტამურ გამგიამ ბჟანიას მოახსენა, რომ მაგნიტურ-რეზონანსული აპარატი, რომლის ღირებულება 11 მლნ 700 ათასი რუბლი იყო და რომელიც საავადმყოფოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე გადაეცა, უკვე ვეღარ ფუნქციონირებს.
აპარატი საავადმყოფოს ჯანდაცვის „სამინისტრომ“ 2017 წელს გადასცა. გამგიას თქმით, „სამინისტროს“ აპარატისთვის აუცილებელი რამდენიმე ნაწილი მოგვიანებით უნდა მიეწოდებინა, თუმცა აღარ გადაუციათ. გალის რაიონის „ხელმძღვანელმა“ კონსტანტინ ფილიამ განაცხადა, რომ აპარატის ამუშავების მიზნით რუსეთიდან მოიწვიეს სპეციალისტები, თუმცა მათ განაცხადეს, რომ აპარატს უკვე აღარ შეეძლო ფუნქციონირება.
მთავარმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ საავადმყოფო 1964 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი იქ არ ჩატარებულა.