ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ადამიანის უფლებათა სფეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი“ ინალ ტასოევი და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში“ ზნაურ გასიევი.
ტატიანა მოსკალკოვამ რუსეთის ფედერაციაში ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსების ისტორიასა და საქმიანობაზე ისაუბრა. ბიბილოვმა და მოსკალკოვამ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის „ადამიანის უფლებათა სფეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელის აპარატის“ თანამშრომლების საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს.