9 დეკემბერს ქ. სოხუმში „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ფილმის წინასწარი პრემიერა შედგა. ფილმი „ძიება“ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გადაიღეს. აღნიშნული მიმართულებით ინვესტიცია მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ცნობიერების ამაღლებას „დიდი სამამულო ომისა“ და ომში დაკარგულთა ძიების პროცესის შესახებ.
პრემიერა „მოსკოვის სახლში“ გაიმართა. ფილმი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გადაიღეს - „სახელის დაბრუნება“ აფხაზეთის თავდაცვის „სამინისტროს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომლის მიზანია წითელი არმიის მებრძოლთა შესახებ ისტორიული მეხსიერების შენახვა. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი კი დოკუმენტური ფილმის გადაღებაა.
ფილმს 2018-2019 წლებში იღებდნენ. მის ბიუჯეტს 700 ათასამდე რუბლი შეადგენდა. მოსკოვში პრემიერა იანვრის ბოლოს შედგება.