ახალი ამბები

„აფხაზეთის ღვინო და წყლები“ - აფხაზეთის მთავარი ღვინის კომპანია

2022 / 02 / 08

ავტორი: გიორგი ბეროშვილი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ძირითადი შემოსავლის წყაროა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს ყველა სახის ეკონომიკურ აქტივობას აფხაზეთში მთავრობის ავტორიზაციის გარეშე, შესაბამისად აფხაზური ექსპორტის (ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტები) თითქმის მთლიანი ნაწილი რუსულ ბაზარზე მიემართება. ამას გარდა, ღვინის ბიზნესს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აფხაზეთის სოფლის მეურნეობაში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი და გავლენიანი მწარმოებელი „აფხაზეთის ღვინო და წყლებია“, რომელსაც აჩბების ოჯახი ფლობს. წინამდებარე სტატია მოცემული კომპანიის ისტორიას, განვითარებასა და პრობლემებს მიმოიხილავს.

ნიკოლაი აჩბა, აფხაზეთის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე. წყარო: Sputnik Abkhazia

კომპანიის ისტორია და პროდუქცია

აფხაზეთის ღვინის ისტორია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. ის ცნობილ მეღვინეს, ნიკოლაი აჩბას უკავშირდება. 1954 წლიდან იგი აფხაზეთის ღვინის ქარხნის („აბხაზვინკომბინატ“ - „Абхазвинкомбинат“) მთავარი მეღვინე/ღვინის მწარმოებელი გახდა. ამ პერიოდში მანვე შექმნა ღვინო „ლიხნი“. 1972 წელს, ნიკოლაი აჩბას გარდაცვალების შემდეგ საწარმოს, მისი შვილი, ვლადიმერ აჩბა ჩაუდგა სათავეში. აფხაზეთის ომის შემდეგ ღვინის წარმოება შეწყდა, თუმცა 1999 წელს რუსეთიდან მიღებული ინვესტიციის შემდეგ კომპანიას „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ დაერქვა და 2000 წლისთვის მუშაობა აღადგინა. 

ამჟამად „აფხაზეთის ღვინო და წყლების“ ვენახები 600 ჰექტარს ფარავს მდინარე გუმისთის მიმდებარედ. კომპანია ასევე ფლობს ღვინის საწარმოს სოხუმში. ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო ღვინის დასამზადებლად იტალიურ და ფრანგულ დანადგარებს იყენებს, ღვინის შესანახი კონტეინერები სპეციალურად საფრანგეთიდან არის ჩამოტანილი, ბოთლის საცობები კი პორტუგალიიდან. 2020 წლის მიხედვით კომპანიაში სულ 250 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება მეღვინეებს, კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკოლაი აჩბას განცხადებით „ისინი პროფესიულ გადამზადებას ევროპაში (საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში) იღებენ.“

კომპანიის ვებგვერდის ინფორმაციით, „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ ჯამში 17 ტიპის ღვინოს ამზადებს, როგორიცაა „ანაკოფია“, „ფსოუ“, „აფხაზეთის თაიგული“ და „ლიხნი“. ღვინის გარდა კომპანია კონიაკს (მაგ. „აფხაზეთი“), დესერტის ღვინოსა (მაგ. „ახალი ათონი“) და ჭაჭას უშვებს.

კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები. წყარო: trip-advise.ru

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი წელიწადში 28 მილიონ ბოთლს უშვებენ, ხოლო მათი ღვინო „რეგულარულად იმარჯვებს საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში“, თუმცა აქვე განთავსებული სურათებიდან ჩანს, რომ „საერთაშორისო“ კონკურსებზე მიღებულ სერტიფიკატთა უდიდესი ნაწილი რუსეთშია გაცემული.

მოსკოვში ჩატარებული XXI ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი 2017, წყარო: Vinabkhazia.ru

კომპანიის ერთ-ერთმა ღვინომ ოქროს მედალი აიღო 2018 წელს ვარნაში გამართულ (ბულგარეთი) მეღვინეობის ფორუმზეც, რომელიც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის მონაწილეთა სიაში მითითებულია, რომ „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ აფხაზეთის რეგიონიდან არის. აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსში ქართული კომპანიების („ალაზანი“, „ბადაგონი“, „ბოლერო“, „ქართული ღვინის სახლი“ და სხვ.) წარმოებული ღვინოებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ვარნაში ჩატარებული „შავი ზღვის მეღვინეობის ფორუმი 2018“, წყარო: Vinabkhazia.ru

ამას გარდა, კომპანიას ერთ-ერთი სერტიფიკატი 2016 წელს იალტაში გამართულ „საერთაშორისო“ გამოფენაზეც აქვს აღებული, რაც საინტერესოს ხდის თუ რა სახის ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ სხვადასხვა ოკუპირებულ თუ ანექსირებულ ტერიტორიებს.

„აფხაზეთის ღვინო და წყლები“ ერთადერთი მწარმოებელია აფხაზეთიდან, რომელიც ღვინოს რუსეთში ყიდის. კომპანიის მისამართი სოხუმშია, ხოლო მათი გაყიდვების ოფისი, შპს „მისტრალ ალკო“ მოსკოვში მდებარეობს, რომელიც აფხაზეთში დამზადებული ღვინის გარდა იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩილედან შემოტანილ ღვინოსაც ყიდის. რაც შეეხება ღვინის საერთაშორისო ბაზარზე გატანას, 2017 წელს ჩატარებულ ინტერვიუში, კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკოლაი აჩბა ამბობს, რომ მისი სურვილია საკუთარი ღვინო რუსეთის გარეთაც გაყიდოს. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამზადებული ღვინო ონლაინ კატალოგებში  როგორც აფხაზეთში, ისე რუსეთში გამოშვებულად იძებნება და შესაბამისად მისი შეძენაც რუსეთის გავლით უნდა იყოს შესაძლებელი, თუმცა ამჟამად ის ხელმიუწვდომელია.

ნიკოლაი აჩბა, კომპანიის გენერალური დირექტორი. წყარო: Financial Times

კომპანიის მესაკუთრე და მისი საქმიანობა

დღეს კომპანიის დირექტორი ბიზნესმენი ნიკოლაი აჩბაა, რომელიც 2017 წელს ინტერვიუში ამბობს, რომ „ღვინოსთან მუდმივმა შეხებამ და მამის გავლენამ მიაღებინა ოჯახური ტრადიციის გაგრძელების გადაწყვეტილება“.

ნიკოლაი აჩბა საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს აფხაზეთში. იგი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთში კორონავირუსის პანდემიის მართვაში - მისი მონაწილეობით დაფუძნდა მოძრაობა „ჩვენ - ერთად“ („Мы – Вместе“), რომელმაც პანდემიის დასაწყისში 56 მილიონ რუბლს მოუყარა თავი. აჩბას განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში მოხდა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის შეძენა, რომელიც გუდაუთის რეგიონულ საავადმყოფოში განთავსდა.

ვალერი ავიძბას, „აფხაზეთის ღვინო და წყლების“ მთავარი მეღვინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას და კარანტინის განმავლობაში კომპანიამ აქტივობები შეწყვიტა, ხოლო შემდგომ მუშაობა მკაცრი წესების დაცვით განაგრძო. ამავე განცხადებაში, ნიკოლაი აჩბამ ისაუბრა პანდემიის სირთულეებზე, კერძოდ, ხელფასების გადახდასა და „სახელმწიფოს“ მხრიდან დახმარების თაობაზე.  2020 წლის ივნისში ნიკოლაი აჩბას ინიციატივით კომპანიის პერსონალს კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა.

კორონავირუსის მართვის გარდა, იგი აქტიურადაა ჩართული კულტურულ და სოციალურ პროექტებში. მაგალითად, 2020 წლის აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლაი აჩბა დაინტერესდა შპს „კარტას“ მიერ სოფლის მეურნეობაში მდგრადი მართვის ტექნოლოგიების დანერგვით.  ასევე, ის კულტურულ ღონისძიებებშიცაა ჩართული და მხარს უჭერს ისეთ მომღერლებს, როგორიცაა ხიბლა გერზმავა. 2021 წლის ინტერვიუში აჩბამ ოპერის მომღერალთან ერთად ისაუბრა პანდემიის დროს გაჩენილ პრობლემებზე.

დასკვნა

მიუხედავად მწირი საექსპორტო პოტენციალისა, ფაქტია, რომ „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ საკმაოდ გავლენიანი კომპანიაა ოკუპირებულ რეგიონში. კომპანია და მისი დირექტორი მხარს უჭერს მრავალ ადგილობრივ ინიციატივასა თუ პროექტს, რაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას ზრდის. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ცდილობს ეს კომპანია წარმოაჩინოს აფხაზეთი მსოფლიო რუკაზე საკუთარი პროდუქციის გაყიდვით. მართალია, ეს წარმატებით ვერ ხერხდება, თუმცა როგორც ჩანს, კომპანია მაინც იქცევს გარკვეულ ყურადღებას მეღვინეობასთან დაკავშირებული ღონისძიებებით. ეს კი შესაძლოა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისთვის კიდევ ერთ გამოწვევად შეფასდეს.

Go BackGo Back