აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ ლაითის“ ახალი დოზები ჩაიტანეს. 2022 წლის იანვრის მონაცემებით, აფხაზეთში სულ 16 600 პირია აცრილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე „სპუტნიკ ლაითით“ 6929 პირი აიცრა.
ვაქცინის 3000 დოზა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა. აღნიშნული დოზებით, უპირველეს ყოვლისა, რევაქცინაციის პროცესი დაიწყება. ვაქცინის მიღება შესაძლებელი იქნება სოხუმის საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში, ასევე რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოებში.
გარდა ამისა, რუსეთმა აფხაზეთს უსასყიდლოდ 50 ათასი PCR ტესტიც გადასცა. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 48 808 შემთხვევაა გამოვლენილი.