10 აპრილს დაგეგმილ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხინვალს რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები არიან: ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილო, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ყაზბეკ კოკოვი, რუსეთის ფედერაციის სენატორი სერგეი კარელინი და სხვები, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის საზეიმო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი და მოქმედი „პრეზიდენტები“ და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებიც დაესწრებიან, რომელშიც 26 საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა შეყვანილი.
რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა ცხინვალის ცენტრში, დრამატული თეატრის დარბაზში, 16:00 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
წინა დღით, დებატების დროს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ პარასკევს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართებოდა.