ავტორი: თამთა კაპანაძე
10 აპრილს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. „არჩევნების“ მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან. „არჩევნებს“, ტრადიციულად, ძირითადად რუსეთის წარმომადგენლები დააკვირდნენ, თუმცა იყვნენ ევროპიდანაც. ვინ არიან ევროპელი „დამკვირვებლები“?
„დამკვირვებელი“ ავსტრიიდან
არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს „დამკვირვებლის“ სტატუსით ავსტრიელი პატრიკ პოპელი (სურათზე) ესწრებოდა. მისი თქმით „არჩევნები“ ღიად და დემოკრატიულად ჩატარდა: „მე ვხედავ დემოკრატიულ სტანდარტებს ... ეს იქნება ახალი ეტაპი ამ ქვეყნის ისტორიაში“. პოპელმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ნორმალური ქვეყანაა. 9 აპრილს პოპელს ბიბილოვმაც უმასპინძლა.
პოპელი 2019 წლამდე ავსტრიაში სუვოროვის ინსტიტუტის გენერალური მდივანი იყო, რომელიც 2015 წლის იანვარში ვენაში შეიქმნა. ორგანიზაცია პროკრემლისტური იდეოლოგიით გამოირჩევა და ატარებს ნაციონალისტურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ დღის წესრიგს. ინსტიტუტის საქმიანობა მიმართულია რუსეთთან დიალოგის გაფართოებისა და გაღრმავებისკენ. ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს რუსული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებზე. ინსტიტუტის თაოსნობით რეგულარულად ეწყობა ლექციები, ტარდება რუსული ენის კურსებსაც. ისინი მაუწყებლობენ YouTube არხის მეშვეობითაც.
Pravorf-თან ინტერვიუში პოპელი ორგანიზაციის სტრუქტურაზე საუბრობს: „ჩვენი ხერხემალი ვენაში ათი თანამშრომელია, რომელთაგან თითოეული პასუხისმგებელია თავისი პროექტის განხორციელებაზე. “ გარდა ამისა მოსკოვსა და ეკატერინბურგში დაფუძნებულია ორგანიზაციის წარმომადგენლობები.
ამჟამად პოპელი „ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების“ გენერალური მდივანია. იგი 2019 წლის ნოემბერში იმყოფებოდა აფხაზეთში, სადაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს „აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების“ სამუშაო გეგმებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და ავსტრიას შორის კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
2016-2017 წლებში პოპელი რეგულარული კონტრიბუტორი იყო რუსი ულტრანაციონალისტი ბიზნესმენის, კონსტანტინე მალოფეევის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის - Katehon. მალოფეევი უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების საქმიანობასაც აფინანსებდა.
2018 წლის იანვარში ვენაში პოპელმა კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს უმასპინძლა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ავსტრიულ მედიაში.
2018-2019 წლებში იგი ესწრებოდა არალეგიტიმურ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა ანექსირებულ ყირიმში და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. 2019 წელს პოპელი აფხაზეთში არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს (ჩატარდა 25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს) „საერთაშორისო დამკვირვებლის“ სტატუსით დაესწრო. შესაბამისად, მისთვის ეს ამპლუა არახალია.
პოპელი უკრაინულ ვებ-საიტებზე „სახელმწიფოს მტრადაა“ გამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერის გამო.
ფეისბუქზე არსებობს გვერდი სახელწოდებით - „აფხაზეთი და მსოფლიო“ რომლის პოსტების უმეტესობაც სწორედ პოპელის ვიზიტებს ეძღვნება. ბოლო სიახლე 14 აპრილსაა ატვირთული და პოპელის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ გვამცნობს.
„დამკვირვებელი“ იტალიიდან
არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს მაურო მურჯაც დააკვირდა, რომელიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიიღო. იგი იტალიაში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი და „იტალია-სამხრეთ ოსეთის მეგობრობის საზოგადოების“ პრეზიდენტია.
მურჯა აქტიურად უჭერს მხარს ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“. მან აღნიშნა, რომ იტალიის ყველა რეგიონში არის წარმომადგენელი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის ინტერესებისთვის მუშაობს.
მურჯა მრავალი წელია ცხინვალისა და აფხაზეთის „ოფიციალური“ წარმომადგენელია იტალიაში. 2016 წლის მარტში მისი თაოსნობით იტალიაში ცხინვალის რეგიონის ე.წ. წარმომადგენლობა გაიხსნა. იმ დროს ის აცხადებდა, რომ ეს „სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევისთვის“ მნიშნელოვანი ნაბიჯი იყო.
2021 წლის ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა ცხინვალში მყოფი მურჯა მიიღო. საუბრისას იტალიაში ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მუშაობა განიხილეს და კულტურისა და განათლების სფეროში სხვადასხვა პროექტის განხორციელების პერსპექტივები დასახეს.
დიმიტრი მედოევმა მადლობა გადაუხადა მურჯას ორმხრივი კონტაქტების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და აღნიშნა „წარმომადგენლობის“ მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა. „მინისტრმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონს სჭირდება მეგობრები, რომლებიც მსოფლიოს მიუტანენ „სიმართლეს ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიის, ჩვენი ხალხის ბრძოლის შესახებ და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება.“ მედოევმა მურჯა ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი მედლით - „საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის“ დააჯილდოვა.