ახალი ამბები

სეპარატისტი მოხალისეები რუსეთ-უკრაინის ომში: ვინ არის ახრა ავიძბა?

2022 / 05 / 14

ავტორი: გიორგი ბეროშვილი

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრით რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ომში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან არაერთი სეპარატისტი იბრძვის. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია თვით სეპარატისტული რეჟიმების სურვილით გამოხატონ მხარდაჭერა, როგორც რუსეთის, ისე „დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების“ მიმართ, ასევე წახალისებულია რუსეთის მიერ, რითაც ის უკრაინაში წამოწყებულ ომში „საერთაშორისო ძმობის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. რუსული მედია ხშირად აშუქებს „უცხოელი“ (მაგ: აფხაზ ან ოს) მოხალისეების მონაწილეობასა და მათ როლს 2022 წლის ომში.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე მალევე გამოჩნდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასული სეპარატისტები (მაგ: ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ტანკზე მელიტოპოლში). აფხაზი და ოსი მოხალისეები აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ, თუმცა 2022 წლის ომის გააქტიურების შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა. მათგან გამორჩეულია ეთნიკურად აფხაზი სამხედრო, ახრა ავიძბა, რომელიც კონფლიქტში აქტიურადაა ჩართული 2014 წლიდან.

ვინ არის ახრა ავიძბა?

ახრა ავიძბა 1986 წელს სოჭში დაიბადა. ავიძბა რუსეთის მოქალაქეობას ფლობს და აფხაზეთში მხოლოდ 2011 წელს გადავიდა საცხოვრებლად. იგი ალხაზ ავიძბას ბიძაშვილია, აფხაზი კანონიერი ქურდის, რომელიც 2019 წელს სოხუმში რესტორანში მოკლეს. ავიძბას, რომელსაც ზედმეტსახელად „აფხაზს“ უწოდებენ (ასევე იყენებს ფსევდონიმს „გენადი ვიქტოროვიჩ“) მნიშვნელოვანი როლი ეკავა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჯერ კიდევ 2014 წლიდან. იგი უკრაინის ტერიტორიაზე იმავე წლის ივლისში მოხვდა. მისი თქმით, მას სურვილი ჰქონდა დახმარებოდა „თავის მოძმე ერს სამშობლოს დაცვაში“ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აღმოსავლეთ უკრაინაში წასვლა.

თავდაპირველად ავიძბა სამხედრო დაჯგუფება „ოპლოტს“ შეუერთდა, რომელსაც ალექსანდრე ზახარჩენკო (ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი 2014-2018 წლებში) მეთაურობდა. ზახარჩენკო 2018 წელს დონეცკში მოკლეს, როგორც ავიძბასთან ერთად მებრძოლი სხვა სეპარატისტი ლიდერები. ავიძბა 2021 წლის ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორი „დადებითი გავლენა ჰქონდა ზახარჩენკოს მასზე და დონბასში მიმდინარე მოვლენებზე“.

შემდგომში ავიძბა სეპარატისტების მხარეს მებრძოლ „საერთაშორისო“ დაჯგუფება „პიატნაშკას“ ჩაუდგა სათავეში. მოცემული დაჯგუფება მონაწილეობას იღებდა ილოვაისკის, შახტერსკისა და დებალცევეს ბრძოლებში. სწორედ ამ ბრძოლებში გაწეული დახმარებისთვის ავიძბა 2015 წლიდან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „გმირის“ წოდებასაც ფლობს. თუმცა ავიძბას როლის აქტიურად გაშუქება კონფლიქტის „საერთაშორისო“ ელფერის მისაცემადაც ხდება. ავიძბას თქმით, „პიატნაშკა“ თავდაპირველად განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, თუმცა მათი მზარდი სამხედრო გამოცდილების გამო მალე სხვა დანაყოფების შეერთებაც დაიწყეს. იმავე ინტერვიუში ავიძბა იხსენებს, რომ მის დანაყოფში იბრძოდნენ ფრანგი, ბრიტანელი, ბელარუსი და ყაზახი მოხალისეები. ავიძბა ამბობს, რომ „სხვადასხვა ენაზე საუბრის მიუხედავად, [უცხოელ] მოხალისეებს ესმით ღირსების ენა, რაც განაპირობებს მათ სურვილს იბრძოლონ დონბასში“. ავიძბა ამბობს, რომ ფრანგ მოხალისეებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემა არ შექმნიათ, განსხვავებით ბრიტანელებისა და ყაზახებისგან, რომელთა უმრავლესობაც დააკავეს. ფრანგი მოხალისეები „ჩართულები არიან დონბასის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში“. ავიძბა აფხაზეთში 2018 წელს დაბრუნდა.

ყვითელჟილეტიანები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით. წყარო: realtribune.ru

აღსანიშნავია, რომ ავიძბამ „მოასწრო“ დონბასის დატოვება, რადგან მასთან ერთად მებრძოლი ზოგიერთი სეპარატისტი ლიდერი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სეპარატისტები, ისე რუსები მათ გარდაცვალებას უკრაინის სპეციალურ სამსახურებს აბრალებენ, გავრცელებული მოსაზრებით, მათი ლიკვიდაცია რუსეთის სურვილით მოხდა, რათა კონფლიქტს ზედმეტად პოპულარული და „არაპროგნოზირებადი“ ლიდერები ჩამოცლოდნენ. ავიძბა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მედია სივრცეში, რითაც ხაზი ესმეოდა რუსეთის პატრონაჟით წარმოქმნილ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის „ძმობასა და ერთობას“.

ავიძბა აფხაზეთში: 2020 წლის კრიზისი, შიდა დაპირისპირება და დონბასში დაბრუნება

აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ავიძბა აქტიურად  ჩაერთო შიდა პოლიტიკაში. 2020 წლის იანვარში იგი მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. იგი რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად შეიჭრა ე.წ. პრეზიდენტის სასახლეში. მის ქმედებებს და შემდგოში განვითარებულ მოვლენებს დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. ავიძბა 2020 წლის ივნისიდან ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე იყო საერთაშორისო საკითხებში, თუმცა მისი პოზიცია უფრო სიმბოლური ხასიათის იყო. სწორედ ამან გამოიწვია ავიძბასა და აფხაზ დე ფაქტო ლიდერებს შორის უთანხმოება. მან იმავე წლის ოქტომბერში დატოვა თანამდებობა „აფხაზეთის ხელმძღვანელობაში იმედის გაცრუების გამო“.

ამავე პერიოდში ავიძბას რუსეთიდან აფხაზეთში შესვლისას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემა შეექმნა. ავიძბას არ აძლევდნენ რუსეთის დატოვების საშუალებას (ვიდეო). ინციდენტის შემდეგ ავიძბამ განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. ავიძბა პოლიტიკოსად ქცეული სამხედროა, რაც დიდი პრობლემის წინაშე აყენებს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს. 2020 წლის კრიზისის დროს ავიძბამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ხალხის მობილიზება და გააჩნია სამხედრო გამოცდილებაც.

მალევე, 2021 წლის მარტში ავიძბა იარაღის უკანონო ფლობისთვის დააკავეს, რისთვისაც მას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მასთან ერთად დააკავეს ოთხი პირი, რომლებიც ასევე იბრძოდნენ უკრაინაში. თავდაპირველად მათ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას აბრალებდნენ, თუმცა ავიძბას ადვოკატის განცხადებით, ამის დამტკიცება საკმაოდ რთული იქნებოდა, შესაბამისად სასამართლო მხოლოდ იარაღის უკანონო ფლობაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ავიძბა არც მალავდა იარაღის ფლობას და ამბობდა, რომ „მისი მტრები კიდევ უფრო შეიარაღებულები დადიან“. ავიძბას დაკავების შემდეგ დონბასელმა მებრძოლებმა მიმართვა გაავრცელეს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის, სადაც ისინი საქმის სამართლიანად გამოძიებასა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, გულრიფშის რაიონის „სასამართლომ“ ავიძბას 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და 10 000 რუბლი ჯარიმა დააკისრა. მის სახლში, სოფ. ეშერაში აღმოჩენილი იარაღი კი აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროს“ გადაეცა.

2022 წლის თებერვალში გამოჩნდა ავიძბას ინტერვიუ რუსულ მედია სააგენტოსთან, სადაც ის „უკრაინის დენაციფიკაციას უჭერდა მხარს“. მალევე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ავიძბა კვლავ გაემგზავრა დონბასში რუსულ მხარეს საბრძოლველად. ომის მიმდინარეობის დროს ავიძბამ კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კვლავ ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს მიმდინარე ომში. კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა მიმდინარე ომს, ავიძბამ განაცხადა, რომ: „რუსეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ერთად უნდა ვიდგეთ. აფხაზს, ოსსა და სომეხს შორის განსხვავება არ არსებობს - ჩვენ ყველა პოსტსაბჭოთა სივრციდან ვართ. ჩვენ ვსაუბრობთ რუსულად, ჩვენ ვაზროვნებთ რუსულად. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბოროტების წინააღმდეგ.“ ავიძბა თვლის, რომ რუსული „სპეცოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს და სამხედროები წინ მიიწევენ“. ინტერვიუში ის ასევე აცხადებს, რომ [მათ] უკრაინის დათმობა არ შეუძლიათ: „უკრაინის გაყოფა არ შეიძლება, ის მთლიანად რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს“. ინტერვიუს ბოლოს, ავიძბა თვლის, რომ ყველაზე რთული პროცესი „დენაციფიკაციის შემდგომი პერიოდი იქნება, როდესაც რუსი ინტელექტუალები ნაციონალისტური იდეოლოგიის ამოძირკვას დაიწყებენ“.

ახრა ავიძბა სოხუმში პოლიტიკური კრიზისის დროს, 2020 წელს. წყარო: hromadske.ua

ავიძბას როლი აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში

გავრცელებული აზრით, ავიძბას 2020 წლის კრიზისში მონაწილეობა განპირობებული იყო მისი ნათესავის, ალხაზ ავიძბას მკვლელობით, რამაც გაზარდა შურისძიების სურვილი და მას პოლიტიკაში წასვლისკენ უბიძგა. 2021 წლის მარტში ავიძბამ, დაკავების დღეს, საკუთარ ფეისბუკზე პოლიტიკური პარტია „ახალი ხალხის“ დაარსება დააანონსა. მისი დაკავებაც აფხაზურ პოლიტიკაში მისი ჩართვის პრევენციის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს, როგორც ჩანს, არ სჭირდებოდათ პოპულარული საველე მეთაურის პოლიტიკური აქტიურობა, რომელმაც ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლისთვის ბევრი რამ გააკეთა.

რთული სათქმელია თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა ავიძბა პოლიტიკაში. იგი პირველ რიგში სამხედროა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ანგარიშგასაწევი ძალის ჩამოყალიბება და აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა.

ავიძბა დაკავებამდე აპროტესტებდა ბენურ კვირაიას თბილისში ვიზიტს, რაც ნათელს ჰფენს მის პოზიციას თბილისთან მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა ამავდროულად საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს ავიძბა დამოუკიდებლობის მომხრე აფხაზების გულის მოგებას, რადგან ის ხშირად ახსენებს რუსეთის მნიშვნელოვან როლს, „რუსკი მირს“ და რუსულ გავლენის სფეროს.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ავიძბა ომის დაწყების მომენტში ჯერ კიდევ პირობით სასჯელს იხდიდა. მისი დონბასში გამოჩენა ერთის მხრივ შეიძლება ნიშნავდეს, რომ აფხაზურ მხარეს ურჩევნია იგი ჩამოშორდეს შიდა პოლიტიკას, და შესაბამისად ავიძბას პრობლემა არ შეექმნა ამ მხრივ. ამას გარდა, რუსული მხარისთვის მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული სიუჟეტების მომზადება, სადაც შესაძლებელი იქნება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ აქტიურად გამოყენება, ავიძბა კი ამ მხრივ „ცნობად სახედ“ ითვლება. როგორც აღნიშნავენ, ავიძბას თავი რეალურ ბრძოლებში დიდად არ გამოუჩენია, მაგრამ კონფლიქტში მონაწილეობის ფართოდ გაშუქება მას დიდი გავლენის პლატფორმას აძლევს როგორც უკრაინაში, ასევე აფხაზეთში. ავიძბა აქტიურად არის წარმოჩენილი რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში და ხშირად იძლევა ინტერვიუებს. ეს კი ავიძბას აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

Go BackGo Back