11-12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
მან, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ორი დღის განმავლობაში ოფიციალური შეხვედრები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბთან და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან გამართა.
რეშეტნიკოვმა TACC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობა დე ფაქტო რესპუბლიკის „აღდგენის“ ფაზიდან „განვითარებისა და წინსვლის“ ფაზაში გადადის, შესაბამისად, შეხვედრის მიზანი ორი „სახელმწიფოს“ თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება და მიზნობივი ამოცანების განხორციელებიდან ერთიან სახელმწიფო პროგრამაზე გადასვლა იყო.
ვიზიტის ძირითადი ნაწილი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო, როგორებიცაა მსხვილი საინვესტიციო პროექტები, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და თანამშრომლობის ჰუმანიტარული სფერო. რეშეტნიკოვის თქმით წარმატებით მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის პარალელურად, აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალი რუსული ბიზნესისთვის მიმზიდველია, შესაბამისად მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების ზრდას უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით ტურისტულ და ენერგო სექტორებში.
ანქვაბთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების პროგრამაზე, ინვესტორების ინტერესების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა და ბანკთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტივებზე დაისვა.
ვიზიტის მსვლელობისას რუსეთის დელეგაციამ ახალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ყოვლისმომცველი გეგმის ფარგლებში 2014 წელს აღდგენილი ახალი ათონის სკოლა, გაგრის აღდგენილი ქვესადგური და გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს.
მართალია აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის ათვისება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა, თუმცა რეშეტნიკოვის თქმით ტურისტული სფეროს განვითარებას საჭიროა თან ახლდეს წყალ და ენერგომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, წყლის მექანიკური გაწმენდა და სანიტარული ნორმების გაუმჯობესება. ვიზიტის ბოლოს ოზგანმა „АПСНЫПРЕСС“ -ს განუცხადა, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად რუსეთის დელეგაციასთან საუბარი აფხაზეთის „საჯარო სექტორში“ დასაქმებულ „მოქალაქეთა“ ხელფასების ზრდას, საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და „სახელმწიფოს“ მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების მხარდაჭერის გაძლიერებასაც შეეხო.