ახალი ამბები

„საკონტროლო-გამშვები პუნქტები“ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში: საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების ანატომია

2022 / 11 / 24

ავტორი: არსენ არაქელოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გადაადგილება „ოფიციალურად“ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების (სგპ) გადაკვეთით არის შესაძლებელი. აფხაზეთის დე ფაქტო  ხელისუფლება და რუსეთის საოკუპაციო ძალები სგპ-ების საშუალებით ე.წ. საზღვარზე ადამიანთა გადაადგილებას და ტვირთების გადაზიდვას აკონტროლებენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წლის 30 აპრილიდან, ე.წ. საზღვრის დაცვას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო უზრუნველყოფს. ამ დღეს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. სამმართველოს მოვალეობაა ოკუპირებული რეგიონის საზღვაო და სახმელეთო „საზღვრის“ დაცვა და „ბორდერიზაციის“ პროცესის განხორციელება. ამ დროიდან იწყება სგპ-ების ფუნქციონირება და უფრო მკაცი „სასაზღვრო“ კონტროლის განხორციელება.

2009 წლიდან რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ დაიწყო მდინარე ენგურის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ გამაგრებითი სამუშაოები. 2013 წლამდე ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება „ფორმალურად“ მხოლოდ ენგურის გამშვებ პუნქტს ცნობდა. თუმცა, გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე ადგილობრივი, ძირითადად ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობა, შემოვლითი გზებით ახერხებდა გადაადგილებას. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 2013 წელს ხუთი ახალი გადასასვლელი პუნქტი გაიხსნა. ამ პუნქტებით ოთხი წლის განმავლობაში ინტენსიურად სარგებლობდა ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობა.

2016 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა გაეუქმებინა არსებული სგპ-ები, მდინარე ენგურის სგპ-ის გარდა. აღნიშნული წარმოადგენდა დე ფაქტო რესპუბლიკის იმდროინდელი „პრეზიდენტის“, რაულ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირებას. 27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „იმუშავებს მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მდინარე ენგურზე, რომელიც უმკაცრეს კონტროლს დაექვემდებარება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს შევამციროთ ყველა სახის დანაშაულის რაოდენობა“.  შემდეგ დღეს კი, ამავე წლის 28 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა დადგენილებას „საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების განთავსების“ შესახებ. ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ე.წ. საზღვრის კონტროლის გაუმჯობესებისთვის უნდა შემცირებულიყო სგპ-ების რაოდენობა და მათი „უკანონო“ გადაკვეთისთვის ჯარიმის ოდენობა უნდა გაზრდილიყო.

შედეგად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაზარდა სანქციები იმათთვის, ვინც უკანონოდ გადაკვეთდა ე.წ. „საზღვარს“. 2017 წლის მონაცემებით, ჯარიმები გასამმაგდა: თუ 2016 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაკავებისთვის 2 000 რუბლს (იმ დროისათვის დაახლ. 80 ლარი) იხდიდა, უკვე 2017 წელს ჯარიმა 4 800-დან 6 000 რუბლამდე (იმ დროისათვის დაახლ. 210-260 ლარი) მერყეობდა. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციებს დაემატა ადმინისტრაციული პატიმრობა. რაც შეეხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები პირების დაკავებას, მათ დაახლოებით 30 000-80 000 რუბლის (იმ დროისათვის დაახლ. 1 500-3 500 ლარი) ფარგლებში უწევდათ ჯარიმის გადახდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ ენგურის ხიდზე არსებული სგპ, თუმცა, აფხაზური მხარის თანახმად, ფუნქციონირებს ფახულანი-საბერიოს სგპ-ც.

საკონტროლო-გამშვები პუნქტები

ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, სხვადასხვა პერიოდში სულ ექვსი სგპ ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი სოფლების სახელებით არის მოხსენიებული. როგორც წესი, სგპ-ის დასახელება ორი სოფლის სახელს შეიცავს, ერთი მდებარეობს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე:

  • შამგონა-თაგილონი
  • ფახულანი-ლეკუხონა (ასევე ცნობილია, როგორც მუჟავა-ლეკუხონა)
  • ორსანტია-ოტობაია
  • ხურჩა-ნაბაკევი
  • ფახულანი-საბერიო (ასევე ცნობილია, როგორც წყოუშის გადასასვლელი)
  • ენგურის ხიდი (ასევე ცნობილია, როგორც რუხი-ჭუბურხინჯი)

შენიშვნა: პირველი დასახლებული პუნქტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აფხაზურ ღია წყაროებში ზოგიერთი სგპ-ის განსხვავებული დასახელებებიც გვხდება, რომელიც აფხაზურ ტოპონიმიკას უკავშირდება. მაგ.: თაგილონი-ტაგლან, ლეკუხონა-ალაკუმხარა, ოტობაია-ბგოურა, ნაბაკევი-ბატაიგუარა, საბერიო-პაპინრხუა, ენგურის ხიდი-ინგურ.

ღია წყაროებში ასევე ნახსენებია განმუხური-ოტობაიას სგპ, თუმცა მისი დახურვისა და ამჟამინდელი ფუნქციონირების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება. გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: „პუნქტი, ფაქტობრივად, ოთხოზორიას (მკვლელობის) შემდეგ დაიხურა. ახლა ჩაკეტილია და როდესაც გალის მაცხოვრებლები აქეთ (იგულისხმება ოკუპირებული აფხაზეთი) ბრუნდებიან, ვისაც საბუთი არ აქვს, პირდაპირ რუსებს ბარდებიან აღნიშნულ პუნქტთან, რომ ჯარიმა გადაიხადონ (3000 რუბლი, დაახლ. 130 ლარი) და სახლში მივიდნენ.“

სგპ-ის დახურვის ქრონოლოგია

გამყოფ ხაზზე სგპ-ების გაუქმება დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას „წინასაარჩევნო“ დაპირებას წარმოადგენდა. „სახელმწიფო საზღვრის კანონში“ ცვლილების მიღების მიუხედავად, რაც სგპ-ების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებდა, საწყის ეტაპზე სგპ-ების დახურვა ვერ მოხერდა, რადგან ენგურის ხიდისკენ საგზაო ინფრასტრუქტურა არ იყო მოწესრიგებული და მოსახლეობისთვის ძალიან რთული იყო მხოლოდ ენგურის ხიდით გადაადგილება. სგპ-ების დახურვა მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როდესაც  გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონიდან ენგურის ხიდამდე შეკეთდა სამანქანო გზა და დაინიშნა ავტობუსები. სგპ-ები დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2016 წლიდან ეტაპობრივად დაიხურა.

2016 წელი

2016 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვსი სგპ-დან ორი გაუქმდა.

არსებული ინფორმაციით, შამგონა-თაგილონის სგპ 2016 წლის 15 აპრილიდან აღარ ფუნქციონირებს. შამგონა-თაგილონის სგპ-ის გაუქმება გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ შეაფასა, როგორც „ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა“.  მან განაცხადა, რომ უფრო მარტივია გააკონტროლო ერთი, ვიდრე რამდენიმე გამშვები პუნქტი. მისი თქმით, „თაგილონის“ გადასასვლელიდან წლების განმავლობაში ტერორიზმის საფრთხე და დიდი რაოდენობით კონტრაბანდა შემოდიოდა.

შამგონა-თაგილონის სგპ. წყარო: Google Maps

2016 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაუქმდა სგპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანის მოსაზღვრე სოფ. ლეკუხონაშიც.

ფახულანი-ლეკუხონას სგპ (ასევე ცნობილია, როგორც მუჟავა-ლეკუხონა): წყარო - Google Maps

2017

2017 წლის მარტში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ორი სგპ დახურა. ორსანტია-ოტობაიისა და ხურჩა-ნაბაკევის სგპ-ები მოქალაქეებს 5 მარტს დაკეტილი დახვდათ.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობამ 2017 წლის 25 იანვარს ენგურის ხიდთან და სოფ. ნაბაკევში ორი აქცია გამართა. ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეებს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების და უშიშროების წარმომადგენლები შეხვდნენ, რის შემდეგაც აქცია მალევე დაიშალა. ადგილობრივ მკვიდრთა განმარტებით, მათ დაემუქრნენ, რომ აღარ გაებედათ მსგავსი აქციები.

2016 წლის 19 მაისს ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები, 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, სწორედ ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. ე.წ. საზღვართან მყოფი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი, მას მუქარით დაედევნენ. კანჯიოღლი დაეწია ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ჯერ ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში, მას შემდეგ კი, რაც ოთხოზორია ძირს დაეცა, კანჯიოღლიმ მას თავის არეშიც ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გარდა ამ ფაქტისა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 10 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც „უკანონოდ“ გადმოკვეთა აფხაზეთის „სახელმწიფო საზღვარი“. არსებული ინფორმაციით, ე.წ. საზღვარში ნაგულისხმევი იყო ხურჩა-ნაბაკევისა ან შამგონა-თაგილონის ე.წ. საკონტროლო პუნქტი. ის გადაიყვანეს სასაზღვრო სამმართველოს შენობაში. არსებული ინფორმაციით, ოთახში მარტო ყოფნის დროს მან თავი ჩამოიხრჩო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის მაისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფ. ნაბაკევში მავთულხლართები განაახლეს, კერძოდ, ძველი, დაზიანებული ბოძები და მავთულხლართები ახლით შეცვალეს და ფიზიკური ბარიერების მეორე ხაზიც გაავლეს, რადგან, ამ ადგილას ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნი „საზღვარს“ „უკანონოდ“ კვეთდნენ.

ე.წ. ხურჩა-ნაბაკევის სგპ, 2015 წელი - დახურვამდე. წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

ხურჩა-ნაბაკევის სგპ. წყარო: Google Maps

ორსანტია-ოტობაიას სგპ. წყარო: Google Maps

2020

2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ენგურის ხიდის და ფახულანი-საბერიოს. თუმცა, 2020 წლის 14 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის მოტივით საბერიო-ფახულანის სგპ ჩაკეტა.

2020 წლის დეკემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს იმ ადგილას, სადაც სგპ მდებარეობს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, უსაფრთხოების სამსახურის „სასაზღვრო“ სამმართველოს ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის ინფორმაციით, ამჟამად ფახულანი-საბერიოს სგპ ფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, სგპ-ით მხოლოდ სოფ. საბერიოს მაცხოვრებლები და „ენგურჰესის“ თანამშრომლები სარგებლობენ და სგპ სრულყოფილად არ ფუნქციონირებს.

ფახულანი-საბერიოს სგპ. წყარო: რადიო თავისუფლება

ფახულანი-საბერიოს სგპ (ასევე ცნობილი როგორც წყოუშის გადასასვლელი). წყარო: Google Maps

2020 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ პანდემიის მოტივით, ფახულანი-საბერიოს სგპ-თან ერთად, ჩაკეტა ენგურის ხიდის სგპ-ც. დე ფაქტო ხელისუფლება, გამონაკლისის სახით, საოკუპაციო ხაზზე მხოლოდ პენსიონერებს, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებსა და „ენგურჰესის“ თანამშრომლებს ატარებდა. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, 2021 წლის 11 თებერვალს ენგურის ხიდის სგპ, გარკვეული შეზღუდვებით, კვლავ ამოქმედდა.

2022 წლის 18 ნოემბრის მონაცემებით, ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გადაადგილება ენგურის ხიდზე არსებული სგპ-ით შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, მისი ფუნქციონირებაც პერიოდულად იზღუდება. რიგ შემთხვევებში, შეიძლება ასაკობრივი ზღვარი იყოს დაწესებული მამაკაცებისთვის და ა.შ.

„საზღვრის“ გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტები

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, 2019 წლიდან ენგურის ხიდზე გადაადგილება დაიშვება მხოლოდ ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტით, ფორმა №9-ით ან ბინადრობის მოწმობით, ხოლო 14 წლამდე პირებისთვის, დაბადების მოწმობით. გადაადგილება ასევე დასაშვებია ქართული პასპორტით მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა.

ლატიპოვის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია აფხაზური და უცხოური პასპორტით, ბინადრობის მოწმობით. უცხოელებისთვის კი, მათ შორის ქართველებისთვის, საჭიროა ვიზა, რომელსაც გასცემს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. „საზღვრის“ კვეთისათვის სავალდებულოა საერთაშორისო დოკუმენტების ან ე.წ. „პროპუსკის“ (საშვი) ქონა. 18 წლამდე პირთათვის საკმარისია დაბადების დამადასტურებელი მოწმობაც.

 

პოლიციის შენობა გალში. ეთნიკური ქართველები ბინადრობის ნებართვის ასაღებად რიგში დგანან. წყარო: chai-khana.org

„არაოფიციალური“ გადასასვლელები

„ოფიციალური“ გადასასვლელების გარდა, ადგილობრივი, ძირითადად გალის მოსახლეობა იყენებდა/იყენებს „არაოფიაცილურ“ გადასასვლელებს, როგორც სახმელეთო, ასევე მდინარე ენგურის გადაკვეთის გზით. იყო შემთხვევები, როდესაც მდინარის გადაკვეთის შედეგად ადამიანებიც დაიღუპნენ. 2021 წლის 7 აპრილს ადიდებულ მდინარე ენგურში მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. შამგონასთან დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აფხაზეთის მცხოვრებნი მდინარის გადალახვით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან მალულად ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას.

ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირის ინფორმაციით, არსებობს ადგილები, საიდანაც შესაძლებელია გადასვლა არალეგალურად. მისი თქმით, „ადრე ყველა იყენებდა ამ ხერხს, ვისაც არ ჰქონდა საბუთი, მაგრამ ახლა ძალიან საშიში გახდა, რადგან რუსები დგანან საზღვარზე. ამ ხერხს ის ადამიანები მიმართავენ, ვისაც არ აქვს შესაბამისი საბუთები და სხვა გამოსავალი. მათ სწორედ მაშინ უწევთ რისკზე წასვლა ან პოულობენ მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც გადაუხდიან ფულს და იგი შეძლებს მათ დახმარებას ტყით გადასვლაში.“

ასევე, ოკუპირებულ გალში მცხოვრები სხვა პირის ინფორმაციით, არალეგალურ გადასვლაზე ახალი კანონია, რომელიც ითვალისწინებს 30-60 ათასამდე რუსული რუბლის (დაახლ. 1300-2600 ლარი) ჯარიმას ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ, მისი ინფორმაციით, ჯერ არავინ დაუკავებიათ. მისივე თქმით, ეს გზები ახლა უფრო მეტად კონტრაბანდის გადასატანად არის განკუთვნილი და ადამიანები ნაკლებად სარგებლობენ ე.წ. შავი გზებით.

ლატიპოვის ინფორმაციით, ბოლო წლებში მათ 1000-მდე პირი დააკავეს „არალეგალური“ გზით „საზღვრის“ კვეთისათვის, თუმცა ეს რიცხვი, მისი თქმით, მოსახლეობისთვის მეტი ინფორმირებულობის შედეგად, მცირდება.  ლატიპოვის თქმით, ე.წ. საზღვრის საერთო სიგრძე 160 კმ-ზე მეტია, აქედან ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი მდ. ენგურის გასწვრივ (დაახლ. 60 კმ) და მთიან ადგილებში (დაახლ. 48 კმ) გამავალი „სასაზღვრო“ მონაკვეთებია.

„საზღვრის“ გადაკვეთის პროცედურები

აღნიშნულ თავში მოცემული ინფორმაცია ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანების ინტერვიუებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ გალის რაიონში შესვლა, ენგურის სგპ-ის გამოყენებით, შემდეგნაირად შეიძლება: 

სგპ-ზე დაცვის პირველ ხაზში დგას აფხაზი „მესაზღვრეების“ პუნქტი. ისინი ამოწმებენ პირს, არკვევენ იგი მოწვევით არის დე ფაქტო რესპუბლიკაში თუ არა. „საზღვრის“ კვეთისთვის არ არის დაწესებული კონკრეტული საფასური, მთავარია საბუთების ქონა, რადგანაც სხვა შემთხვევაში პირს არ შეუშვებენ. ადრე შესაძლებელი იყო აფხაზი „მესაზღვრისთვის“ ფულის მიცემა, პირობითად 10 ლარისაც კი და იგი ადამიანს გაატარებდა, თუმცა ბოლო წლებში გართულებულია და ამავე დროს გაძვირებულია „საზღვარზე“ გადასვლა.

დაცვის მეორე ხაზზე უკვე რუსი „მესაზღვრეები“ დგანან და სწორედ აქ არის გადამწყვეტი, შეუშვებენ ისინი ადამიანს თუ არა. სწორედ მათზე არის დამოკიდებული ყველაფერი ან ისეთ ადამიანთან არის დაკავშირება საჭირო, რომელიც რუსი მესაზღვრისგან „საზღვრის“ კვეთაზე (სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით) თანხმობის მიღებას შეძლებს.

საბოლოო ეტაპი კი აფხაზი „მებაჟეები“ არიან. ისინი ამოწმებენ, თუ რა გადააქვს პირს ე.წ. საზღვარზე. იმ შემთხვევაში, თუ საეჭვოდ ეჩვენებათ ბარგი ან იგი ზედმეტად დიდია - ამოწმებენ. ფაქტობრივად, არ არსებობს კონრეტული წესი, რითიც ისინი ხელმძღვანელობენ და მათ ნებაზე არის დამოკიდებული ყველაფერი, თუ რას გაატანენ ადამიანს. მაგალითად, ტელევიზორის ან სხვა დიდი ნივთის გადატანის შემთხვევაში, ითხოვენ გარკვეულ თანხას. ოფიციალური თანხა არ არის დადგენილი, რამდენიც აქვს პირს, რამდენზეც შეძლებს, რომ მორიგდეს, იმდენს იხდის. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანს დიდი მოცულობის ან ოდენობის რამე გადააქვს ე.წ. საზღვარზე, მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს „უწყების“ თანამშრომელი და გადასახდელი თანხაც შესაბამისად დიდია.

ლატიპოვის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ 1500-მდე პირი კვეთდა ე.წ. საზღვარს. ეს რიცხვი არ არის ზუსტი საზომი, რადგანაც იცლვლება სეზონის მიხედვით და მათ შორის ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ენგურჰესის“ თანამშრომლების ე.წ. საზღვრის გადაკვეთის სიხშირეც.

შეჯამება

2022 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან ამჟამად მხოლოდ ერთი (აფხაზური წყაროს ინფორმაციით - ორი) ფუნქციონირებს.

  • შამგონა-თაგილონი: დაკეტილია 2016 წლიდან
  • ფახულანი-ლეკუხონა: დაკეტილია 2016 წლიდან
  • ორსანტია-ოტობაია: დაკეტილია 2017 წლიდან
  • ხურჩა-ნაბაკევი: დაკეტილია 2017 წლიდან
  • ფახულანი-საბერიო: დაკეტილია 2020 წლიდან (აფხაზური წყაროს ინფორმაციით - ფუნქციონირებს).
  • ენგურის ხიდი: ფუნქციონირებს

შენიშვნა: მოცემულ ჩამონათვალში არ არის მოხსენიებული განმუხური-ოტობაიას სგპ მისი არსებობის შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების კუთხით არსებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველებისთვის გამოწვევებს ქმნის ჯანდაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობის, განათლების, ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. სგპ-ების დახურვა და გადაადგილებაზე არსებული ბარიერები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება.

მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩადან ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. ნაბაკევში 5 მოსწავლე გადადიოდა, 2016-2017 წლებში - 4, 2017-2018 სასწავლო წელს კი - არცერთი. 2015-2016 წლებში სოფ. ოტობაიადან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. განმუხურში 15 მოსწავლე გადადიოდა, 2016-2017 წლებში - 17, 2017-2018 წლებში კი, სავარაუდოდ, არცერთი.

სგპ-ების დახურვისა და გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვების პირობებში მაღალია იმის რისკიც, რომ ოკუპირებული გალის მოსახლეობა პერიოდულად შეეცდება „არაოფიციალური“ გადასასვლელებით ისარგებლოს და ამით საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, საერთოდ დატოვოს ოკუპირებული რეგიონი.

Go BackGo Back