ახალი ამბები

ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა - შეჯამება

2023 / 02 / 10

მოსკოვში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა. დე ფაქტო მთავრობის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, ხოლო რუსეთის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენელი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ნოვაკი იყო.

შეხვედრაზე განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდასაჭერად გამიზნული რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რუსეთის სხვა სახის ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა საკითხები.

„სამთავრობათაშორისო კომისიას“ ესწრებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, ძამბოლატ ტადტაევი. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განხილული საკითხები რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას შექმნის. მისი ინფორმაციით, 2022 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ შეადგინა 135.7 მლნ რუსული რუბლი (დაახლ. 1 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი), რაც 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით.

ტადტაევი ასევე წარსდგა მოხსენებით, რომელიც შეეხებოდა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს ჩატარებული ღონისძიებების შეჯამებას. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობამ შეასრულა ყველა ვალდებულება, გარდა საბიუჯეტო ინვესტირებისა, რასაც შემდგომში აუცილებლად შეასრულებს.

ტადტაევმა დასძინა, რომ ასევე გაგრძელდება მუშაობა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის საბაჟო უწყებების ინტეგრაციისათვის.

შეხვედრის შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯამში, 2023 წელს რუსეთი ცხინვალს დაეხმარება 6 მლრდ რუბლით. დაფინანსება დაფარავს „რესპუბლიკის“ ძალოვანი სტრუქტურების ხარჯების ნაწილს, „საჯარო მოხელეთა“ ხელფასების ნაწილსა და სხვა სახელმწიფო ხარჯებს. გარდა ამისა, 2023 წელს დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთი ჩაატარებს ექსპერტიზას, რომლითაც შეამოწმებს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს.

„სამთავრობათაშორისო კომისიას“ ესწრებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ოლეგ გაგლოევიც. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც „საჯარო მოხელეებისთვის“ დაიგეგმება ხელფასების მატება. ასევე, „მხარეები“ შეთანხმდნენ ცხინვალის უფრო აქტიურ მონაწილეობაზე პეტერბურგის მე-12 საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე.

თავის მხრივ, ალექსანდრე ნოვაკმაც შეაფასა 8 თებერვალს გამართული შეხვედრა. მან განაცხადა, რომ რუსული ბანკები მზად არიან მეწარმეებს, რომლებიც განახორციელებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პროექტებს, 2 მლრდ რუბლის კრედიტი მისცენ. ასევე, შეხვედრაზე განიხილებოდა რუსეთიდან ინვესტორთა მოძიების საკითხიც. საბოლოოდ კი, დამტკიცდა 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ წლებში დე ფაქტო რესპუბლიკაში 45 პროექტის რეალიზებას. ამისათვის გამოყოფილია 3.5 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 47 ათასი აშშ დოლარი).

ნოვაკმა ასევე ისაუბრა 7 თებერვალს ხელმოწერილი პროტოკოლის მნიშვნელობის შესახებ, რომლის თანახმადაც, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვარზე საბაჟო ტარიფი და საბაჟო მოსაკრებელი იქნება იდენტური რუსეთისა და „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრი ქვეყნების. მან გამოთქვა იმედი, რომ ამ დოკუმენტის რატიფიცირება უახლოეს მომავალში მოხდება და ხელს შეუწყობს ორმხრივ, გამარტივებული წესით ვაჭრობას.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 8 თებერვლამდე ბოლო „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა ცხინვალში 2019 წლის 19 აპრილს ჩატარდა.

Go BackGo Back