ავტორი: ბექა ირომაშვილი
ბოლო რამდენიმე წელია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი გაიზარდა, რაც ძირითადად ცხინვალის რეგიონში მდებარე „მეღვინეობა ირონსანის“ („Винодельня Иронсан“) საქმიანობას უკავშირდება. კომპანია რეგიონში მდებარე ღვინისა და კონიაკის ერთადერთი მსხვილი მწარმოებელია.
კომპანიის დაარსება და რუსული ინვესტიციები
ალკოჰოლური სასმელების წარმოების პროექტის იდეა სათავეს 2016 წელს იღებს, მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპოდან“. გამოფენაზე მონაწილეობის დროს კომპანიის აქციონერებმა გადაწყვიტეს, რომ ცხინვალის რეგიონი მეღვინეობისთვის იდეალური ადგილი იყო და მალევე დაიწყეს პროექტის განხორციელებაც.
ღვინის წარმოების პროექტის განხორციელება საკონსერვო ქარხნის ბაზაზე 2017 წელს დაიწყო, უშუალოდ ქარხნის ფუნქციონირება კი - 2018 წლის დეკემბერში, როდესაც დაფუძნდა „მეღვინეობა ირონსანი“. პროექტი რუსული ინვესტიციების წყალობით განხორციელდა. 2021 წლის მონაცემებით ინვესტიციის მოცულობა ჯამში 90 მლნ რუბლზე მეტს შეადგენდა. საინვესტიციო ჯგუფის შემადგენლობაში შედის „ფოტისალი“, „რუსანი“ და „ტამანის ღვინის კომპანია - ყუბანი“. უშუალოდ ღვინის წარმოების ინფრასტრუქტურა თანამედროვე იტალიური მექანიზმებითაა აღჭურვილი. ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანიას დე ფაქტო მთავრობაც ეხმარება. 2020 წლის ბოლოს ბიუჯეტიდან კომპანიასთან დაკავშირებული ელექტროსადგურის რეკონსტრუქციისა და საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 17,5 მლნ რუბლზე მეტი გამოიყო. გარდა ამისა, კომპანიას ისედაც აქვს სხვა სახის საგადასახადო შეღავათები.
კომპანიის მესაკუთრეები თეიმურაზ გოგინოვი და ვასილი შიშკოვი არიან.
თეიმურაზ გოგინოვი ჯერ კიდევ 2004 წელს მიცემულ ინტერვიუში მოხსენიებულია, როგორც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს რიგითი. ამავე ინტერვიუში, ის ქართულ-ოსურ კონფლიქტზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მეგობრებთან ერთად რაზმი ჩამოაყალიბა, რომელიც ქართული საფრთხისგან დაიცავდა რეგიონს. ის ამბობდა, რომ საბოლოო ჯამში ცხინვალის რეგიონი უნდა შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში და შეერთებოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას.
2003 წელს მიღებული ეკონომისტის ხარისხის გარდა, გოგინოვმა 2009 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობის საფინანსო აკადემია დაამთავრა „ფასიანი ქაღალდებისა და საბირჟო ბაზრის“ სპეციალობით. 2005 წლამდე მუშაობდა დე ფაქტო პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამების დეპარტამენტში, 2005-2006 წლებში კი, ცხინვალის რეგიონის ე.წ. ინფორმაციისა და პრესის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე იყო ეკონომიკის საკითხებში. 2010 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა გაყიდვების განყოფილების დირექტორის თანამდებობას „კონცერნ ვვ-გრუპ“-ში, რომელიც ალკოჰოლური სასმელების საბითუმო ვაჭრობით იყო დაკავებული. 2020 წელს დაინიშნა რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენლად.
ვასილი შიშკოვს 1990-იან წლებში მოლდოვასა და ბულგარეთში კონიაკებისა და სიგარეტების ბიზნესი ჰქონდა. საინტერესოა, რომ მისი მოკვლა რამდენჯერმე სცადეს მოლდოვაში. ამჟამად შიშკოვი მრავალი ბიზნესის მეწილე და მფლობელია ალკოჰოლური სასმელების სექტორში: კრასნოდარის მხარეში არსებული „ტამანის ღვინის კომპანია - ყუბანი“, კომპანია „ვერონა“ და „ვეგა“, რომლებიც საკვები, სასმელი და თამბაქოს პროდუქტების საბითუმო ვაჭრობით არიან დაკავებული. შიშკოვს ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში ალკოჰოლური სასმელების სერიოზული ბიზნესი აქვს, მათ შორის ნედლეულის წარმოების მიმართულებითაც. სწორედ მისი საწარმოებიდან მიღებული ნედლეულიდან აწარმოებენ კომპანიის პროდუქციას. შიშკოვისგან განსხვავებით, გოგინოვს კომპანიაში არ აქვს ინვესტიციები განხორციელებული და იგი უფრო მეტად გაყიდვებზეა პასუხისმგებელი.
კომპანიის პროდუქცია და ვენახები
კომპანიია აწარმოებს ღვინოებს: „ძველი ცხინვალი“, „ცხინვალის ველი“, „ალანური შინაური“, „ცარდი“ (ქართ. „სიცოცხლე“), „არვი დუარი“ (ქართ. ზეციური კარიბჭე), „ალანიის რეზერვი“. კომპანია ღვინოს აწარმოებს ისეთი ყურძნის ჯიშებისგან, როგორიცაა: მწვანე, საფერავი, მერლო, კაბერნე-სოვინიონი, თავკვერი. რუსულ ბაზარზე „ირონსანის“ წარმოებული ღვინის ფასი 500-დან 1300 რუბლამდე მერყეობს. კომპანია ასევე აწარმოებს „კონიაკს“. ექსპორტზე გადის 3-დან 12 წლამდე დაძველების სასმელი.
2018 წელს კომპანიის აქციონერები აცხადებდნენ, რომ გეგმაში იყო ნედლეულის ბაზის 200 ჰექტრამდე გაზრდა, რაც ქარხნის საჭიროებას მთლიანად დააკმაყოფილებდა მომავალი 5 წლის განმავლობაში. „ირონსანის“ ვენახები უმეტესად განთავსებულია ე.წ. ცხინვალის რაიონში, თუმცა ყურძენი ოკუპირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხარიდანაც შემოაქვთ. 2019 წლის შემოდგომიდან ქარხანა ღვინის წარმოებისთვის ყურძენს ადგილობრივებისგანაც იბარებს. ჩაბარების სეზონი 9 ოქტომბერს იწყება, კაფე „ვინჩენცოში“ სპეციალურად მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების შემდეგ. ყურძნის ჩაბარების ფასი კილოგრამზე 40-60 რუბლია. 2020 წელს ქარხანამ ადგილობრივებისგან 20 ტონა ყურძენი ჩაიბარა. გამოშვებული პროდუქციის ნედლეულის 50% ადგილობრივი ნედლეულია.
ექსპორტი
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ექსპორტი ხორციელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ექსპორტი ასევე ხორციელდება პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაშიც:
ყაზახეთში - ექსპორტი 16 ათასი ბოთლი ღვინო, მათ შორის „ცარდი“, „არვი დუარი“, თეთრი მშრალი, თეთრი ნახევრად ტკბილი, წითელი მშრალი, წითელი ნახევრად ტკბილი.
რუსეთში - 2019 წელს 755 ათასი ბოთლი (ჯამში 75 მლნ რუბლი), 2020 წელს 1,2 მლნ ბოთლზე მეტი (ჯამში 121 მლნ რუბლი). 2021 წლის მონაცემებით, კომპანიას რუსეთში თვეში, დაახლოებით, 300 ათასი ბოთლი ღვინო გაჰქონდა. რუსეთში „ირონსანის“ ღვინის საცალო ბაზარზე რეალიზატორი მაღაზიათა და დისტრიბუტორთა ქსელი „მაგნიტი“, „პიტიორაჩკა“, „გლობუსი“, „რუსსანი“ და „ექსპრეს ვინი“ არიან.
ისტორიულ-გეოგრაფიული პოზიციონირება და „კონკურენტები“
„მეღვინეობა ირონსანის“ ოფიციალური საიტი არ შეიცავს უშუალოდ კომპანიის დაარსებისა და განვითარების შესახებ ინფორმაციას. ინტერნეტ-საიტი მთლიანად ეძღვნება კომპანიის ასორტიმენტსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ქ. ცხინვალის ისტორიასა და ოსური ღვინის ტრადიციებს. ზოგადად, კომპანია ღვინის ბაზარზე შემდეგნაირად პოზიციონირდება: „მშობლიური მიწის სიყვარულით, ისტორიული ერის შენარჩუნების სურვილით, ანკარა წყაროებით, ალერსიანი მზითა და ძლევამოსილი მთებით“ შთაგონებული „მეღვინეობა ირონსანი“, რომელიც „ოსების უძველესი მეღვინეობის ტრადიციის“ აღდგენის გზაზე დგას.“
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სამხრეთ ოსურ“ ღვინოს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ქართულ ღვინოს, რომელიც კონტრაბანდულად შედის ცხინვალის რეგიონში. მედიაში გაკრიტიკებულია ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება, რადგან მათ 2006 წელს რუსეთის მხრიდან ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების პერიოდში ვერ შეძლეს რუსული ბაზრის ათვისება.
გამოფენები და ჯილდოები
„ირონსანმა“ გამოფენებში აქტიური მონაწილეობა 2019 წელს დაიწყო. კომპანიამ მონაწილეობა მიიღო: მოსკოვში გამართულ გამოფენაში - „პროდექსპო-2019“, კრასნოდარში გამართულ „ვინორუსის“ გამოფენაზე, ასევე, შავი ზღვის მეღვინეობის ფორუმში სოჭში და სანკტ-პეტერბურგში - პროექტ „დამზადებულია ალანიაში“. შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი იყო „პროდექსპოს“ ეგიდით გამართულ გამოფენებში მონაწილეობა. კომპანიამ გამოფენაში 2023 წელსაც მიიღო მონაწილეობა.
„პროდექსპო-2020“-ის გამოფენაზე „ირონსანმა“ სამი მედალი მოიპოვა სხვადასხვა ნომინაციაში - „ცარდი“ (ოქრო), „ცხინვალის ველი საფერავი“ (ვერცხლი), „ცხინვალის ველი კაბერნე“ (ბრინჯაო).
წარმოების გამოწვევები
წარმოებასთან დაკავშირებით კომპანიის მფლობელები ლოჯისტიკურ პრობლემებზე საუბრობენ, რაც პროდუქციის ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული. ყველაზე რთული საკითხი პროფესიონალების სიმცირეა, რეგიონში პრაქტიკულად არ არიან ღვინის სპეციალისტები. კომპანიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 35 ადამიანია დასაქმებული.