ავტორი: ელენე მინდიაშვილი
2023 წლის 2 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანაფასილიტატორობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 111-ე შეხვედრა გაიმართა.
თანათავმჯდომარეების შეფასებები
შეხვედრას დიმიტრიოს კარაბალისი პირველად ესწრებოდა, შესაბამისად მან IPRM-ის ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რაოდენ დიდია აღნიშნული შეხვედრების ფორმატში კონსტრუქციული დიალოგის როლი ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით როდესაც საქმე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გამარტივებას ეხება. თანათავმჯდომარეებმა მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის პერიოდში მხარეებს თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების (სგპ) გახსნის აუცილებლობა.
თბილისის შეფასება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის განცხადების მიხედვით, აღნიშნული შეხვედრა კონკრეტულობით გამოირჩეოდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მხარეებმა გასული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტი, მათ შორის უკანონო დაკავების შემთხვევები, ისევე, როგორც ცხინვალის ციხეში ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პერსპექტივები, დაწვრილებით და ინდივიდუალურად განიხილეს.
სუს-ის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და მისი მასშტაბების ზრდის საკითხიც განიხილეს.
ცხინვალის შეფასება
„ყველაზე მშვიდი პერიოდი“ - ასე შეაფასა ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა IPRM-ის 110-ე და 111-ე შეხვედრებს შორის პერიოდი. მისი თქმით, დროის ამ პერიოდში ე.წ. საზღვრის საქართველოს მონაკვეთზე „უკანონო“ გადაკვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებიც შემცირდა. კოჩიევმა ამ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანაში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს არსებობის ფაქტზე. მან ჩვეული კატეგორიულობით მოითხოვა მისი დემონტაჟი, თუმცა ამავდროულად ერთ, მისი შეფასებით, საყურადღებო შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება: აღნიშნულ საგუშაგოზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა პროდუქტები ჯავშანმანქანით მიიტანეს. ჯავშანმანქანის გამოჩენამ საგუშაგოს შორიახლოს საოკუპაციო ძალების ყურადღება მიიქცია, თუმცა ქართული მხარის „ამომწურავი პასუხის შემდეგ“ , რითაც შეჯავშნული მანქანის გამოყენების მიზეზი ახსნეს, ვითარება არ დაძაბულა.
რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე
უცვლელი დარჩა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს თაობაზე, ცხინვალის ციხეში კვლავ რჩებიან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები და წინა შეხვედრის მსგავსად მხარეები ამჯერადაც გამოთქვამენ ე.წ. სგპ-ების პერიოდული გახსნის პრაქტიკის გაგრძელების მიმართ მზაობას.
რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე
110-ე და 111-ე შეხვედრებს შირის მონაკვეთში გათავისუფლდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე - ლაშა ხეთერელი და გელა იობაშვილი, დაფიქსირდა „ბორდერიზაციის“ მხოლოდ ერთი ფაქტი - მავთულხლართის გაბმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანისა და ოკუპირებული სოფ. მუგუთის მიჯნაზე, უკანონო დაკავების შემთხვევებს კი ადგილი არ ჰქონია.
შემდეგი შეხვედრა
მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 112-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 25 აპრილს ჩაინიშნა.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.