ახალი ამბები

გაგლოევი კურატორებს შეხვდა

2023 / 03 / 17

2023 წლის 17 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. კოზაკი და ნურგალიევი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების კურატორები არიან. წინა დღით, გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კოზაკთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს: 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. კოზაკმა ოკუპირებულ რეგიონში შიდა სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ნურგალიევთან შეხვედრაზე გაგლოევმა საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

Go BackGo Back