ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდი: მხარეთა შეფასებები

2023 / 04 / 11

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2023 წლის 4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 57-ე რაუნდი გაიმართა. პროცესი ტრადიციულად ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართა, სადაც მხარეებმა, ერთი მხრივ, უსაფრთხოების, მეორე მხრივ კი, ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს 2008 წელს დადებული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“  შეთანხმება, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხი და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაგრძელება წარმოადგენდა.

საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობის, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში „უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების“ შესახებ. ამ საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა, რადგან რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.  

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

აფხაზეთის „დელეგაციას“ „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე“ ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ „საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის“ უფროსი ლაშა ავიძბა, „საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი“ არტურ გაგულია და „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე“ ზაალ ხვარცკია.

სოხუმის განცხადებით, აფხაზეთი-საქართველოს „საზღვარზე“ ვითარება მშვიდი და სტაბილურია, თუმცა მან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე შიდა დაძაბულ პროცესებთან დაკავშირებით. აფხაზური მხარის შეფასებით, ეს პროცესები რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული რეგიონების წინააღმდეგ ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნისაკენ არის მიმართული, რაც მათი აზრით, რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის კუთხით არაპროგნოზირებად შედეგებს მოიტანს.

მოლაპარაკების მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქ. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების აღდგენას.

აფხაზურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების საკითხზე და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას მოლაპარაკების მაგიდაზე აფხაზეთის „დელეგაციამ“ აფხაზური პასპორტების, როგორც საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის აღიარების საკითხიც წამოჭრა და ისაუბრა განათლების, ისევე, როგორც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ უსაფრთხოების, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიას.

„დელეგაციამ“ ცხინვალის რეგიონიდან,  ხაზი გაუსვა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის“ დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის აუცილებლობას. მათი თქმით, ეს პროცესი გახდება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების სერიოზული ფაქტორი და სარგებელს მოუტანს „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.

ოსურმა მხარემ ასევე გააჟღერა სოფ. ჩორჩანაში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს ფუნქციონირების საკითხიც. მათი თქმით, აღნიშნული საგუშაგო არალეგიტიმურია ფუნქციონირებს რა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული ვითარებას უსაფრთხოებასა და სტაბილურობის კუთხით. აღნიშნულ ბრალდებას ქართული მხარე უარყოფს.

ამასთან, დე ფაქტო დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ერთი მხრივ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თრუსოს ხეობაში მცხოვრები ოსების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე, რომლებსაც წლებია არ ეძლევათ საშუალება მათი „წინაპრების კუთვნილ“ სოფლებში დაბრუნდნენ, მეორე მხრივ კი, ქართული ძალოვნების მიერ გატაცებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბედზე, თუმცა დეტალები თუ სად და რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავების ფაქტები, არ დაუკონკრეტებიათ.

საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით, სოხუმის ნარატივი ცხინვალმაც გააგრძელა და  საერთაშორისო საზოგადოების მიერ  „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული „დისკრიმინაციული სავიზო პოლიტიკა“ გააკრიტიკა. ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლში „მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნების“ შესახებ დისკუსიის გაგრძელება მხოლოდ მას შემდეგ დააანონსა, რაც „ქართული მხარე აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას შეწყვეტს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „დისკუსიების პოლიტიზება რეგულარული რაუნდების არამოტივირებული გაუქმებისა და გადადების გზით“ დაუშვებელია და ის დაძაბულობის რისკს ზრდის რეგიონის მასშტაბით. რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე დაგმო, „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტი მცდელობები და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ მიმართული პროვოკაციული მოწოდებები. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწონა თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის თავშეკავება ამ მიმართულებით, რაც დელეგატების თქმით, ადგილზე არსებული ვითარების სიმშვიდესა და სტაბილურობას განაპირობებს. სამინისტრო ასევე მიესალმა IPRM-ის ფორმატში ერგნეთის შეხვედრების შენარჩუნებას და გალში მათ აღდგენას.

 მოსკოვმა კიდევ ერთხელ დააყენა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების, ასევე ე.წ. „საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის“ საკითხები დღის წესრიგში.

რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა დელეგაციამ შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა მხარემ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლში მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნების საკითხი წამოჭრეს.

თანათავმჯდომარეების შეფასება

დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ გამოქვეყნებულმა კომუნიკემ შეაჯამა ჟენევის დისკუციების 57-ე რაუნდი.  მათი შეფასებით, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეების ჩართულობა კონსტრუქციული იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ვერ მოხერხდა დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ საკითხის განხილვა, „ვინაიდან ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრა დატოვა“.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ IPRM-ის ფორმატის შეხვედრების გაგრძელებას გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში, ქ. გალში კი მის განახლებას.  

თანათავმჯდომარეებმა ყველა მონაწილეს მოუწოდეს, რომ ნდობის აღსადგენად ძალისხმევა გააძლიერონ, კონსტრუქციულად ჩაერთონ ტექნიკური დონის დისკუსიებში, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან.

დისკუსიების მორიგი რაუნდი ჟენევაში 2023 წლის ივლისში გაიმართება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატი შეიქმნა. დისკუსიები წელიწადში ოთხ რაუნდად, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილება. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

Go BackGo Back