ახალი ამბები

„Duty Free“ მაღაზიები ოკუპირებულ აფხაზეთში

2023 / 04 / 16

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 6 უბაჟო ვაჭრობის ობიექტია, ე.წ. „Duty Free“. აქედან სამი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე მდებარე „ფსოუს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს, ორი საოკუპაციო ხაზზე, ე.წ. ენგურის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ერთი კი - უშუალოდ ქალაქ სოხუმში.

„Duty Free“ მაღაზიები საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ფსოუზე“

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვარზე, „ფსოუს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ფუნქციონირებს სამი სხვადასხვა „Duty Free“ მაღაზია: „Апсны Duty Free“ (2021 წლის მონაცემებით გადასახადების სახით გადახდილი აქვს 48,345,900 რუბლი), „Flagman Duty“ (7,249,300 რუბლი), „Duty Free Group“.

„Апсны Duty Free“

„Апсны Duty Free“ პირველი ამ ტიპის მაღაზიაა აფხაზეთში, რომელიც 2015 წლის ივნისში გაიხსნა. მაღაზიის  მართვაზე პასუხისმგებელია „Дьюти Фри Альянс“-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა - „Апсны Дьюти“. „Апсны Дьюти“-ის წარმომადგენელი მაღაზიის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამტკიცებდა, რომ კომპანია არის საერთაშორისო და მათი მაღაზიები ოპერირებს რუსეთში, მოლდოვაში, ბელარუსსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

მაღაზიის მფობელების განცხადებით, მაღაზიაში განთავსებული საკონდიტრო ნაწარმის 6 თვის მარაგი პირველ კვირაში გაიყიდა. ფსოუს ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაფორმებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის ბესლან სანგულიას განცხადებით, მაღაზიაში ფასები თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია მოსკოვთან შედარებით, რადგან „ისინი პროდუქციის საერთო ფასის მხოლოდ 1%-ს იხდიან  მაღაზიაში საქონლის შესატანად“.

„Дьюти Фри Альянс“, რომელიც 2008 წელს დაარსდა, საერთაშორისო კომპანია „Duty Free Holding International“-ის საკუთრებაა, რომელიც მსგავს მაღაზიებს ფლობს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საინტერესოა, რომ აღნიშნული საერთაშორისო კომპანია „Duty Free“-ის მაღაზიებს ფლობდა საქართველოშიც. მის საკუთრებაში იყო მაღაზიები, რომლებიც მდებარეობს საქართველო-სომხეთის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ და საქართველო-თურქეთის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფზე“. კომპანია ასევე ფლობდა საწყობს ფოთში და დიპლომატიურ უბაჟო მაღაზიას თბილისში, რომელიც ამჟამადად მდებარეობს ჭავჭავაძის 74ბ-ში.

თბილისში დიპლომატებისთვის უბაჟო ვაჭრობის ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით ცნობები 2011 წლის ოქტომბერში გაჩნდა. საქსტატის მონაცემებით, კომპანიამ ოპერირება საქართველოში 2012 წელს დაიწყო. 2012 წელს კომპანიის მეწილეები ანასტასია პოტემკინი (61,65 %), „Mello Trading“ AG (31,5%) და „Duty Free Holding International“ (6,85%) იყვნენ. 2014 წლის მეწილეების სიაში კი, „Duty Free Holding International“ აღარ ფიგურირებს.

ასორტიმენტი და ფასები

სამივე მაღაზიაში ფასები ევროებშია და 24 საათის განმავლობაში ღიაა.

Flagman Duty“-ში უმეტესად წარმოდგენილია კოსმეტიკა და პარფიუმერია (80%), ასევე წარმოდგენილია აქსესუარები, ალკოჰოლი და ტკბილეული.

Duty Free Group“ ყველაზე ძვირადღირებული მაღაზიაა, თუმცა მაღაზიაში ყველაზე დიდი არჩევანია: ალკოჰოლი, პარფიუმერია, კოსმეტიკა, სიგარეტი და სიგარა, კვების პროდუქტები, შოკოლადი, პრემიუმ ტანსაცმელი, აქსესუარები და სათამაშოები.

Апсны Duty Free“ ყველაზე დიდი მაღაზიაა. პროდუქციიდან წარმოდგენილია: პარფიუმერია, კოსმეტიკა, ალკოჰოლი, სიგარეტი და სიგარა, კვების პროდუქტები, შოკოლადი, ყავა, ჩაი, აქსესუარები და სათამაშოები.

ფასები დაახლოებით მსგავსია ან იაფია რუსეთში არსებულ ფასებთან შედარებით: ალკოჰოლის შემთხევაში ფასები მინიმუმ 1,5 ჯერ ნაკლებია, ჩეხური, გერმანული და ბელგიური ლუდის შეძენა 0,5-1,2 ევროს ფარგლებში შეიძლება, 1 ლიტრიანი არაყი „Absolut“ 8 ევრო ღირს, 1 ლიტრი ვისკი „White Horse” 10 ევრო ღირს (ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე სოჭში), ორი ბოთლი „Jack Daniels”-ის ყიდვა 27 ევროდ შეიძლება.

მაღაზიების კლიენტებისა და ადგილობრივების აღქმა

ინტერნეტში მრავლად არის გამოხმაურება მაღაზია „Апсны Duty Free“-ის შესახებ. შეფასებები დაწერილია 2017 წლიდან 2022 წლის ბოლომდე. დადებითი შეფასებები დაწერილია 2020 წლამდე, ხოლო 2020 წლის შემდეგ დაწერილი ყველა შეფასება მაქსიმალურად ნეგატიურია, მომხმარებლები ამბობენ, რომ ადგილობრივები დანარჩენ ორ მაღაზიაში ვაჭრობენ. მომხმარებლების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ყალბი პროდუქციაა, ევროს კურსი (როცა კურსი 1 ევრო = 57 რუბლი იყო, მაღაზიაში კურსი 88 რუბლს შეადგენდა), მოლარეების არაკეთილსინდისიერება (გადახდისას იპარავენ პროდუქტს), პარფიუმერიის მაღალი ფასები.

„Duty Free“ მაღაზია სოხუმში

მაღაზია 2021 წლის 26 ივნისს გაიხსნა რუსული სამხედრო ქალაქის წინ, სოხუმში. მაღაზიის სახელი დოკუმენტების მიხედვით არის: „დიპლომატ-აფხაზეთი“. ობიექტის გახსნამ საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია, პირველ რიგში, იმიტომ რომ მაღაზია არსებობს დე ფაქტო რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე, მეორე, არის ეჭვები, რომ მაღაზიის გახსნასთან შესაძლოა კავშირები ჰქონდეთ დე ფაქტო პარლამენტის წევრებს.

ე.წ. საბაჟო კონტროლის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სოხუმში არსებული მაღაზიის მომხმარებლები მხოლოდ დიპლომატები შეიძლება იყვნენ, დიპლომატს უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ბარათი ან პასპორტი და უნდა იყვნენ აკრედიტებული დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 60 დიპლომატიური აკრედიტაციის ბარათი ჰქონდა გაცემული. თუმცა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-უფლებრივი დეპარტამენტის წარმომადგენლის, ალიას ბრანძიას განცხადებით, ვენის კონვენციის თანახმად, სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლები უთანაბრდებიან დოპლომატიურ წარმომადგენლებს და იღებენ იგივე პრივილეგიებს, რასაც დიპლომატები. შესაბამისად, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს, საბაჟო და სავაჭრო  წარმომადგენლობები და ა.შ. თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისგან. მაღაზიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მისი მაღაზიის კლიენტები არიან მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის „საელჩოსა“ და სხვა დე ფაქტო რესპუბლიკების საელჩოების (ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი), ასევე დიპლომატიური მისიების (გაერო, ეუთო, წითელი ჯვარი) თანამშრომლები.

Duty Free“ მაღაზია ენგურზე

საოკუპაციო ხაზზე უბაჟო ვაჭრობის ორი ობიექტი არსებობს. პირველი მაღაზიის გახსნაზე დე ფაქტო მთავრობისგან ნებართვა 2021 წლის 31 აგვისტოს გაიცა, მშენებლობა 2022 წლის ივნისში, ხოლო ფუნქციონირება იმავე წლის ივლისში დაიწყო. მაღაზიის გეგმის მიხედვით მას ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მასში შესვლას მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მხრიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირები შეძლებენ. დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბესლან ცვინარიას თქმით, მაღაზიის გახსნა ხელს შეუწყობს უშუალოდ ტერმინალის გახსნას, ეს უკანასკნელი აუცილებელია, რადგან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედის დე ფაქტო რესპუბლიკაში. ის ასევე აღნიშნავს, რომ უბაჟო ვაჭრობის ობიექტი ვერ იმუშავებს მოძრაობის გახსნის გარეშე. პირველი მაღაზიის მფლობელი კომპანია „Апсны Дью Ти“-ია.

მეორე მაღაზიის გახსნაზე კომპანია „Куазан МБТ“ მიეცა ნებართვა 2022 წლის ოქტომბერში. მაღაზიის გახსნა ენგურის ხიდთან, სოფელ ჭუბურხინჯში იგეგმება.  

Go BackGo Back