ავტორი: ბექა ირომაშვილი
აპრილის დასაწყისში აფხაზურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც სოფელ ლიხნში აფხაზებისთვის სულიერ სიმბოლოდ მიჩნეული საუკუნოვანი ცაცხვის ხის ქერქზე ელექტრო ხერხით მიყენებული დაზიანებებია ასახული. ადგილობრივი სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, მაღალია იმის ალბათობა რომ ხის განკურნება ვერ მოხერხდეს.
ცაცხვის დაზიანებას აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე დე ფაქტო რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მსგავსი დანაშაულისთვის დამნაშავეს ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ფაქტს გამოეხმაურა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც ფაქტს „ვანდალიზმის ამორალური აქტი“ უწოდა, რომელიც „თითოეული აფხაზისთვის წმინდა ადგილას მოხდა“.
საქმეზე დაკავებულია დე ფაქტო რესპუბლიკის ორი მოქალაქე. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის მოხდენის მიზნით, დანაშაული შესაძლოა უცხოური სპეცსამსახურების ხელშეწყობითაც მოხდა.
ლიხნი, როგორც წმინდა ადგილი
აფხაზურ ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებში, მთავარ ღმერთს ანცვა წარმოადგენდა. ტრადიციის თანახმად, ანცვამ შექმნა აფხაზეთი, ხოლო მისდამი სათაყვანებლად, შვიდი წმინდა ადგილი გამოყო. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი სიწმინდეა სოფელ ლიხნში. სიწმინდის ადგილად მიჩნეულია ლიხნის ველი, ტაძრის ეზოს ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ტაძრის ჩრდილოეთიდან მოჩანს. არსებული სიწმინდის ადგილას, ადრე დიდი წმინდა ლოდი იყო, რომელიც ტაძრის მშენებლობის დროს გატეხეს.
სოფელი ლიხნი
აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი ლიხნი, XVIII-ის 80-იან წლებამდე აფხაზეთის სამთავროს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი, ისტორიულად კი, აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ლიხნში არსებობს, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული X-XI საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი. ეკლესიის კედლებზე არსებობს ძველ ქართული წარწერა, რომელშიც 1066 წელს კომეტის ჩამოვარდნაა აღწერილი. ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალულია აფხაზეთის სამთავროს მმართველების საგვარეულო შთამომავლობა. სოფელ ლიხნში აღმოჩენილია „ლიხნის განძი“, რომელშიც დაცული იყო XI საუკუნის ქართული მონეტები.
ცაცხვი სოფელ ლიხნში
ჯერ კიდევ ბერძენი ისტორიკოსების ცნობით, ქრისტიანობის მიუხედავად, აფხაზებს შენარჩუნებული ჰქონდათ ხეების თაყვანისცემა. ამასთანავე, „წმინდა“ ხეების ჩრდილში საჯაროდ იმართებოდა სასამართლოები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების დამორჩილება, ფიცით იყო გარანტირებული.
აფხაზებს დღემდე აქვთ შემორჩენილი „წმინდა“ ხეების კულტი, ხის გარშემო ხშირად სრულდება ლოცვები, რიტუალები, მსხვერპლშეწირვა, სადაც ქრისტიანი და მუსლიმი აფხაზები ერთად მონაწილეობენ. ლიხნის ცაცხვი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია უდიდესი საკრალური მნიშვნელობით.
როგორც სხვა სიწმინდეების შემთხვევაში, აფხაზეთში, ლიხნის ცაცხვებს საკრალური დატვირთვა აქვთ. თუმცა ასევე, არანაკლებ მნიშნველოვანია, მათი, როგორც ისტორიული მოვლენების „თვითმხილველის“ როლი ადგილობრივებისთვის. ერთ-ერთი ასეთი „თვითმხილველია“ დაზიანებული ხე, 147 წლის კავკასიური ცაცხვი, რომლის სიმაღლეა 19 მ, ხოლო გარშემოწერილობა - 6,3 მეტრი.
ლიხნის ველი და ცაცხვი - „თავისუფლებისა და ბრძოლის“ სიმბოლო
აფხაზეთის ერთ-ერთ მნიშნველოვან სიმბოლოდ, როგორც ისტორიულ, ისე საკრალური თვალსაზრისით, ისტორიულ ლიხნის ველი, მასზე არსებული სიწმინდე და სამი ცაცხვი წარმოადგენს.
აფხაზები 1810-1864 წლებში რუსული მმართველობის დამყარების წინააღმდეგ არაერთხელ აჯანყდნენ. სოფელი ლიხნი კი იყო აფხაზების შეკრებისა და აჯანყებების ორგანიზების უმთავრესი ადგილი. 1861 წელს პირველი შეკრება აჯანყებაში გადაიზარდა, რასაც რუსეთის იმპერიის მიერ 20 ათასი აფხაზის გადასახლება მოჰყვა. ლიხნთან დაკავშირებული მთავარი ისტორიული მოვლენა ლიხნის 1866 წლის აჯანყებაა. 1866 წელს, სოფელ ლიხნში, ლიხნაშთას ველზე (ცაცხვის გარშემო) 7000 აფხაზი შეიკრიბა, ისინი უკმაყოფილოები იყვნენ 1864 წელს აფხაზების მუჰაჯირობით (გადასახლების პირველი ტალღა) და აფხაზეთის მთავრის მიხეილ შერვაშიძის გარდაცვალებით. ეს შეკრება საბოლოოდ აჯანყებაში გადაიზარდა. რუსეთის იმპერიამ აჯანყება სასტიკად ჩაახშო და 20 ათასი აფხაზი ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა. ამის შემდეგ, აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა, სოხუმის ოლქად გადაიქცა და მთლიანად დაექვემდებარა კავკასიის მეფისნაცვალს. ბევრი აფხაზის წინაპარი მონაწილეობდა აჯანყებაში და გადასახლებული აღმოჩნდა ოსმალეთში, შესაბამისად ეს ადგილი აფხაზებისთვის მნიშნველოვანია, როგორც წინაპრების მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. სწორედ ამ აჯანყებებმა ჩაუყარა საფუძველი აფხაზების ლიხნის ცაცხვის გარშემო, საჭირბოროტო საკითხებზე სამსჯელოდ, შეკრების ტრადიციას. ამგვარი შეკრებები დღემდე იმართება იგივე ადგილზე, თუმცა დღეს ეს შეკრებები არც გამოხატავს მოსახლეობის საერთო პოზიციას და უფრო პარტიულ შეკრებებს ჰგავს.
ლიხნის ველი და სეპარატისტული ნარატივი
1989 წლის 18 მარტს ლიხნის ველზე 35 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ამ დღეს შეკრების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი ეროვნებათაშორის ურთიერთობებზე საგანგებო პლენუმს ამზადებდა. თუმცა, ,,სახალხო თავყრილობის“ შეკრებაზე, ანტიქართული განწყობებით გამორჩეულმა სახალხო ფორუმმა, „აიდგილარა“-მ მიიღო ე.წ. „ლიხნის მიმართვა“ აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფასა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1921 წლის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით. შეკრებაზე გაისმა ანტიქართული განცხადებები, აფხაზი ხალხის „ყველა უბედარებაში“ კი ქართველები დაადანაშაულეს. ე.წ. „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმში, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. „ლიხნის მიმართვამ“ განსაკუთრებით გაამწვავა სიტუაცია აფხაზეთში და ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი.
ომის დროს, 1992 წლის ოქტომბერში იმავე მდელოზე აფხაზურ-აბაზური კონგრესი ჩამოყალიბდა. კონგრესის მიზანი აფხაზი და აბაზი ხალხის საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანება იყო, რაც 1992-1993 წლებში აბაზების სეპარატისტების მხარეს ბრძოლას გულისხმობდა.
1992-1993 წელს ომის დროს აფხაზების მხარეს კაზაკებიც იბრძოდნენ, ომში დაღუპული კაზაკები ლიხნის წმინდა ადგილას არიან დაკრძალულები. სეპარატისტული ნარატივის თანახმად, ეს ადგილი კაზაკებისა და აფხაზების ურთიერთობების ახალი გვერდის სიმბოლოდაც მიიჩნევა.
დასკვნა
ცაცხვის დაზიანებაზე ამგვარი გამოხმაურება სოფ. ლიხნის, ლიხნაშთასა და ცაცხვის მნიშვნელობამ განაპირობა. ადგილობრივებისთვის ეს ცაცხვი გამძლეობის, „სახელმწიფოებრიობისა“ და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლოა. ამ ცაცხვს ადგილობრივებისთვის ღრმა ისტორიული და საკრალური მნიშვნელობა აქვს, რაც განაპირობებს ამ ხის გადარჩენისთვის ადგილობრივების შეშფოთებას. ამასთან ერთად, ამ ცაცხვთან დაკავშირებულია სეპარატისტული განწყობებიც, ადგილობრივ და რუსულ მედიაში, ცაცხვის დაზიანების შესახებ ინფორმაციის გაშუქების დროს, აქცენტი სწორედ 90-იან წლების დასაწყისში სოფ. ლიხნში განვითარებულ მოვლენებზეც კეთდება.