ახალი ამბები

რუსი „თავდაცვის მინისტრი“ ცხინვალის რეგიონში: ვინ არის მარატ პავლოვი

2023 / 05 / 21

ავტორი: ბექა ირომაშვილი

2022 წლის 23 აგვისტოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან სამ თვეში, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად, რუსეთის მოქალაქე, მარატ პავლოვი დანიშნა.

რუსი სამხედროები

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსი სამხედროების  დანიშვნა არახალია.

2001 წლიდან 2004 წლამდე ამ თანამდებობას ადგილობრივები იკავებდნენ:  ვალერი ტედეევი (26.12.2001- 01.07.2003) ბალა ბესტაუტი (ივლისი - სექტემბერი, 2003),  ზელიმ მულდაროვი (25.09.2003 - 15.04.2004).  თუმცა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან 2015 წლამდე, ყველა დე ფაქტო მინისტრი რუსი სამხედრო იყო, მათ შორის:  ანატოლი ბარანკევიჩი (06.07.2004 - 11.12.2006), ანდრეი ლაპტევი (11.12.2006 - მარტი, 2008; მისი სახელი დონბასში ბოინგის ჩამოგდების საქმეში ფიგურირებს),  ვასილი ლუნევი (მარტი – ოქტომბერი, 2008), იური ტანაევი (31.10.2008 – 27.07.2010), ვალერი იახნოვეცი (ივლისი, 2010 - დეკემბერი, 2015).

ბოლო წლებში ეს ტენდენცია თითქოს შეიცვალა, ვინაიდან ორი უკანასკნელი დე ფაქტო მინისტრი - იბრაგიმ გასეევი (სექტემბერი, 2016 -  თებერვალი, 2022)   და ვლადიმირ პუხაევი (აპრილი - აგვისტო, 2022) ადგილობრივი კადრები იყვნენ. თუმცა მარატ პავლოვის სახით, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სათავეში ისევ რუსი სამხედრო ჩაუდგა.

„საარჩევნო“ დაპირისპირება

პავლოვის დე ფაქტო მინისტრად დანიშვნამდე, ეს თანამდებობა „წინასაარჩევნოდ“ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. 2022 წლის თებერვალში მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის“ გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. ორი თვის თავზე, ბიბილოვმა თანამდებობაზე ვლადიმირ პუხაევი დანიშნა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. თუმცა, ბიბილოვს გასეევის გათავისუფლებამ ვერ უშველა და  „არჩევნები“ გაგლოევთან მაინც წააგო.

ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასეევის გათავისუფლების მიზეზი ბიბილოვის პოლიტიკური ეჭვიანობა იყო. წინა „არჩევნების“ დროს მოსკოველმა კურატორებმა გასეევი ტექნიკურ კანდიდატად დანიშნეს. საბოლოოდ ბაბილოვმა ის „არჩევნები“ მოიგო. თუმცა, ამის შემდეგ, ბიბილოვს ეჭვები გაუჩნდა, რომ მოსკოველი კურატორები გასეევის „პრეზიდენტობისთვის“ ემზადებოდნენ. ამიტომაც, ბიბილოვმა გასეევი საჯაროდ დაამცირა და დაითხოვა. გასეევის კანდიდატურა არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებადაც არ დაუშვეს. გასეევმა გაგლოევს დაუჭირა მხარი. გაგლოევმა გასეევის მხარდაჭერა დააფასა და „არჩევნებში“ გამარჯვების შემდეგ იგი დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრად დანიშნა.

ვინ არის მარატ პავლოვი?

ოფიციალური მონაცემებით, მარატ პავლოვი 1984 წელს დაიბადა. იგი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში 2001 წლიდან მოღვაწეობდა. პავლოვმა დაამთავრა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემია და სხვადასხვა „ცხელ“ წერტილში სამხედრო მოქმედებების ვეტერანია. მას მიღებული აქვს დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები.

თანამდებობაზე დანიშვნამდე პავლოვი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მდივნის თანამდებობას იკავებდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე მუშაობდა.  

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სკანდალები

პუხაევის გათავისუფლება

პავლოვის დანიშვნამდე დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში დიდი სკანდალი მოხდა. ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ქორწილში ცემა მოქალაქემ, საპასუხოდ სამხედროებმა მრავალი თვითმხილველის თანდასწრებით სცემეს აღნიშნული მოქალაქე, რომელიც სამხედრო ბაზაზე გაიტაცეს. ამ ფაქტზე გაგლოევმა განაცხადა, რომ საქმეს იურიდიული შეფასება მიეცემოდა, რის შემდეგაც 106-მა სამხედრომ თანამდებობა დატოვა.

გაგლოევმა იმჟამინდელ დე ფაქტო მინისტრ პუხაევს მოსთხოვა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სპეცრაზმის მეთაური, თუმცა უარი მიიღო. გაგლოევმა საპასუხოდ პუხაევი დაითხოვა. ამ ფაქტზე ადგილობრივების რეაქცია მწვავე იყო, რადგან პუხაევი დიდი ნდობით და პატივისცემით სარგებლობდა ცხინვალში. ამასთან ერთად, ადგილობრივებს სურდათ თანამდებობაზე ადგილობრივი ენახათ, რადგან ეს „სახელმწიფოებრიობის“ ნიშნად მიაჩნდათ და ეგონათ, რომ წინა ორი ადგილობრივი „მინისტრის“ დანიშვნით ტრადიცია დამკვიდრდა.

ადგილობრივი ჯარის აღდგენა

ახალი დე ფაქტო მინისტრით უკმაყოფილების მიზეზია „სამხრეთ ოსეთის“ ჯარის აღდგენის გარშემო მიმდინარე საუბრები. ეს საკითხი „არჩევნების“ დროსაც აქტიურად განიხილებოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული რუსი სამხედროების დიდი ნაწილი სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, რეგიონში კი დე ფაქტო ხელისუფლებას პრაქტიკულად აღარ ჰყავს ადგილობრივი სამხედრო შენაერთი. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პავლოვის დანიშვნის ერთ-ერთი მიზანია ადგილობრივი, „სამხრეთ ოსეთის“ ჯარის აღდგენა არ დაუშვას.  

სამხედრო აღჭურვილობის სკანდალი

2023 წლის იანვარში ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგლოევმა და პავლოვმა გადაწყვიტეს ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმისთვის განკუთვნილი სპეციალური აღჭურვილობის გაყიდვა, რომელიც წინა დე ფაქტო მთავრობამ 6,5 მლნ რუბლად შეისყიდა. ტელეგრამ არხი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ აღჭურვილობების ფასები გაიზარდა.  კორუფციაში ბრალდებას გამოეხმაურა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო, სადაც უარყვეს ბრალდებები და ინფორმაციის გამავრცელებლებს ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

Go BackGo Back