ახალი ამბები

ლუდსახარში კომპანია ოკუპირებულ ახალგორის რაიონში

2023 / 05 / 30

ავტორი: ბექა ირომაშვილი

„მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“

2022 წლის 1 აპრილს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, ლუდის ქარხანა „მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“ („Высокогорная кельская пивоварня“) გაიხსნა. ახალი ლუდსახარში კომპანია ე.წ. სახელმწიფო ლუდის კომპანიის, „ალუტონის“ („Алутон“) ბაზაზე გაიხსნა.

რუსეთში დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლის, თეიმურაზ გოგინოვის განცხადებით, მათ შეძლეს რუსი ინვესტორის დაინტერესება, რომელმაც ლუდის ქარხნის რეაბილიტაციაში 150 მლნ რუბლზე მეტი ინვესტიცია ჩადო. გოგინოვის თქმით, პროექტის რეალიზაცია მხოლოდ რუსი ინვესტორის ხარჯებით ხდება.

ქარხნის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენების შემთხვევაში ლუდსახარშს დღეში 50 ტონა პროდუქციის წარმოება შეუძლია. ქარხნის გახსნის პირველ თვეებში კომპანიაში 30 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასები 20 ათასი რუბლიდან იწყებოდა. ამას გარდა, პროექტის ბოლომდე განხორციელების შემთხვევაში, იგეგმება დასაქმებულთა რიცხვის 100-მდე ზრდა.

კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსეი ცაპაევია, რომელიც ცხინვალის რეგიონში არსებული ღვინის კომპანია „ირონსანის“ გენერალური დირექტორიცაა.

ლუდსახარში კომპანია „ალუტონი“

„მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“ კომპანია „ალუტონის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართული ლუდის კომპანია „ლომისის“ საწარმოს მფლობელი გახდა. „ლომისი“ 1991 წელს ქართველმა ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა დაარსა და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის ქარხანაც ააშენა. ეს უკანასკნელი, იმ დროს საქართველოში, ერთ-ერთი უდიდესი ლუდის მწარმოებელი ქარხანა იყო. ახალგორის მუნიციპალიტეტის თითქმის მთლიანი ბიუჯეტი კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადებისგან შედგებოდა.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ახალგორში არსებული კომპანია „ლომისის“ შენობა მთლიანად დაინგრა. ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ ქარხნის ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოექცა და ბუნებრივია, ქარხნის მეპატრონემ მასზე კონტროლი დაკარგა. თუმცა, ოფიციალურად ეს ქარხანა დღემდე „ლომისს“ ეკუთვნის. „ლომისი“ დღეს უკვე კომპანია „ეფესის“ საკუთრებაშია. ცეზარ ჩოჩელმა კომპანია 2008 წელს მთლიანად გაყიდა, შესაბამისად ახალგორში არსებული ქარხანა ფორმალურად სწორედ „ეფესის“ საკუთრებაა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ  ომის შემდგომ ქართველ მეპატრონეს შესთავაზა, რომ მუშაობა გაეგრძელებინა როგორც, დამოუკიდებელ „სამხრეთ ოსეთში“ მომუშავე კომპანიას, თუმცა „ლომისმა“ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.  ამის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ ქარხნის „ნაციონალიზაცია“ მოახდინა. ახალმა მფლობელმა ლუდსახარშს სახელი შეუცვალა და „ალუტონი“ დაარქვა.

2008 წლის შემდეგ, დე ფაქტო რესპუბლიკის „აღდგენის“ პროცესი დაიწყო. ამ პროცესის ფარგლებში ლუდსახარში „ლომისის“ შენობის აღდგენაც დაიწყეს. ქარხნის აღდგენას სათავეში რუსი ბიზნესმენი რუსლან შარიპოვი ჩაუდგა, რომელმაც „ლომისის“ შენობა აღადგინა და ამ შენობაში, 2009 წელს, ახალი ლუდის კომპანია, უკვე შეცვლილი სახელით, „ალუტონი“, აამუშავა. კომპანია იმ პერიოდში 6 სახეობის ლუდსა და 8 სახეობის გაზიან სასმელს აწარმოებდა.

„ალუტონის“ სახელს გამხაურებული კორუფციული სკანდალიც უკავშირდება. 2010 წელს კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში ლუდის ქარხანა „ალუტონი“ ლიცენზიის გარეშე საქმიანობდა. ამასთან ერთად, კომპანიის საწესდებო ფონდში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაცემული, 5,5 მლნ რუბლი თითქმის მთლიანად გამქრალი იყო. ამას გარდა, 160 ტონა ლუდის გაყიდვიდან შემოსული 800 ათასი რუბლის საბუღალტრო აღრიცხვა არ იწარმოებოდა და პრობლემები იყო ხელფასების გაცემის მხრივაც. ყველაფერთან ერთად, აღმოჩნდა, რომ კომპანიის პრეზიდენტი შარიპოვი რუსეთში ქურდობისთვის ძებნილი პირი იყო.

შარიპოვი, ყველაფერში, დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ძმას ადანაშაულებდა, რომელსაც, მისი აზრით, ლუდის კომპანიის მითვისება სურდა. საბოლოოდ, შარიპოვი დე ფაქტო რესპუბლიკიდან გაიქცა, ხოლო კომპანია დაილუქა და მუშაობა შეწყვიტა.

ახალი დე ფაქტო მთავრობის მოსვლის შემდეგ, ქარხნის ამუშავებაზე და რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე დაიწყეს საუბარი. თუმცა ქარხნის მუშაობა სხვადასხვა მიზეზით სრულად ვერ აღდგა, მხოლოდ 2022 წელს ახალი კომპანიის - „მაღალთიანი კელის ლუდსახარშის“ დაარსებით აღდგა ქარხანაში სრულფასოვანი წარმოება.

წარმოება და რეალიზაცია

კომპანია პროდუქციას რუსეთიდან მიღებული გერმანული ნედლეულით აწარმოებს. „მაღალთიანი კელის ლუდსახარში“ მომხმარებელს ლუდის 4 სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. იგეგმება რამდენიმე ლუდის სახეობის დამატებაც. კომპანია ლუდს, თავდაპირველად „Border Star”-ის სახელის ქვეშ აწარმოებდა, თუმცა დღეს ამ რიცხვს ორი ახალი ბრენდი, „Аланова”და „IRYSTON” შეემატა.  

ლუდსახარშმა კომპანიამ დაარსებიდან 2023 წლის მაისამდე, ჯამში 160 ათასი ლიტრი ლუდი აწარმოა. პროდუქცია დღემდე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა, თუმცა მალე კომპანიის პროდუქცია რუსეთის ბაზარზეც გამოჩნდება.

გამოფენები

2023 წლის თებერვალში, კომპანია მოსკოვში გამართულ გამოფენა „Продэкспо-2023”-ზე გამოჩნდა. ლუდსახარშმა სამი სახეობის (მუქი, დაბალ ალკოჰოლური და ღია კლასიკური) ლუდი წარადგინა, ამასთან ერთად, აღნიშნულ ღონისძიებაზე, სამი ლუდის ბრენდი - „Аланова”, „IRYSTON” და „Border Star” გამოიფინა.  3-4 მაისს, კრასნოდარის მხარეში გამართულ კავკასიის საინვესტიციო გამოფენაზე, სტუმრებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგამოფენო სტენდზე, ლუდსახარშის პროდუქციის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. კომპანიამ საკუთარი ლუდი „IRYSTON” მაისში სოჭში გამართულ ფორუმზეც -„ლუდი-2023“ წარადგინა.   

 

Go BackGo Back