ავტორი: ბექა ირომაშვილი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დე ფაქტო სამინისტროს ე.წ. საგანგებო დავალებათა ელჩებმა იტალიური არხის - „Canale Italia”-ს გადაცემაში - „Noticzie Oggi Lineasera“ მიიღეს მონაწილეობა. გადაცემაში ძირითადად პრორუსული შეხედულებების პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც მთელი გადაცემის განმავლობაში რუსულ ნარატივებს აჟღერებდნენ.
იტალიური არხი „Canale Italia“
იტალიური სატელევიზიო არხი „Canale Italia“ იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ვენეტოში დაარსდა. აღნიშნულ რეგიონში ზოგიერთი პარტია ფართო ავტონომიას ითხოვს. ამ მხრივ, ვენეტოში პოპულარობით სარგებლობს პარტია „Lega Nord“, რომელიც პოპულისტური და ულტრამემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა. პარტიამ განსაკუთრებული პოპულარობა 2018 წელს ანტისაემიგრაციო და ულტრანაციონალისტური პოლიტიკის მხარდაჭერით მოიპოვა. პარტიას თანამშრომლობის შეთანხმება აქვს დადებული რუსეთის მმართველ პარტიასთან, ხოლო პარტიის ლიდერი მატეო სალვინი არაერთხელ ამხილეს რუსეთიდან საკუთარი პარტიისთვის მიღებულ დაფინანსებაში. ამავე დროს, რუსულ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ახალი ამბები, რომ აღნიშნული რეგიონის მმართველები ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთს მიმართ სანქციების გაპროტესტებას აპირებდნენ.
„Canale Italia“-ის პოლიტიკურ საინფორმაციო გადაცემებიც სწორედ ამგვარ შეხედულებების გავრცელებითაა დაკავებული და ერთმნიშვნელოვნად პრორუსული განწყობებით ხასიათდება.
არხი ძირითადად ამზადებს გასართობ პროგრამებს და ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის რეკლამას. თუმცა, არხის სატელევიზიო ბადეში მაყურებელს რამდენიმე პოლიტიკური და საინფორმაციო ხასიათის გადაცემის ხილვაც შეუძლია. „Canale Italia“-ის მაუწყებლობა ჯერ იტალიის აღმოსავლეთ რეგიონში დაიწყო, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მთელი ქვეყანა მოიცვა. არხის განცხადებით, მათ სატელევიზიო გადაცემებს 6 მილიონი მაყურებელი ჰყავს, რაც იტალიის მოსახლეობის დაახლოებთ 10%-ია. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, არხი განსაკუთრებით პოპულარულია. ეროვნულ დონეზე „Canale Italia”, მეოთხე ტელევიზიაა რეიტინგით.
არხს 250 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს „Youtube“-ზე, პოლიტიკურ გადაცემებს კი დაახლოებით 25 ათასამდე ნახვა აქვს. „Youtube“-ზე ახალი ამბებისა და პოლიტიკის კატეგორიაში „Canale Italia”-ს პოპულარობით 22-ე ადგილი უჭირავს.
გადაცემა „Noticzie Oggi Lineasera“
გადაცემის პოზიციონირება
„Noticzie Oggi Lineasera“-ის ავტორები (იტ. ახალი ამბები დღეს - საღამოს გამოშვება) გადაცემის პოზიციონირებას პოლიტიკასა და ახალი ამბების კატეგორიაში ახდენენ. აღნიშნული გადაცემის ფორმატი 2016 წელს შეიქმნა. ყოველ პარასკევს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე გადაცემა, როგორც იტალიური მაყურებლისთვის, ისე საერთაშორისო პუბლიკისთვისაც ხელმისაწვდომია. სტატისტიკის მიხედვით, გადაცემის ეთერის მიმდინარეობისას „Canale Italia“ არ არის პოპულარული მაყურებლებში.
ტელეპროგრამის ოფიციალურ საიტზე მითითებულია „Noticzie Oggi Lineasera“-ის მთავარი პრინციპი: „მხოლოდ სიმართლე გათავისუფლებს. ინფორმაციულ ერაში, უცოდინრობა არჩევანია“. გადაცემის აღწერა კი შემდეგნაირია: „ეს არის პროგრამა, რომელიც სისტემის წინააღმდეგაა მიმართული და საკუთარ ძალას უხერხულ თემებზე საუბარზე ამყარებს (საიდუმლო საზოგადოებები, ევროსკეპტიციზმი - იტალიის გამოსვლა ევროკავშირიდან, ახალი მსოფლიო წესრიგი, ალტერნატიული ეკონომიკა).“ გადაცემის მიზანი - დიდი რაოდენობის საინტერესო, მწვავე და აქტუალური თემების გარშემო მოსაზრებების განხილვაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გადაცემა ე.წ. ალტერნატიული ნარატივების გაჟღერებითაა დაკავებული, რასაც მაგალითად, რუსული „Russia Today“ საკუთარ მისიად თვლის.
ფორმატი და განხილული საკითხები
გადაცემის ფორმატი სტუმრებს შორის, კონკრეტული თემის გარშემო, დისკუსიისგან შედგება. წამყვანი აქტიურად იყენებს ვიზუალურ მასალებს - რეპორტაჟებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეო რგოლებსა თუ ხალხის რეაქციების ამსახველ სხვადასხვა კონტენტს. ასევე, წამყვანი ხშირად კითხულობს საგაზეთო სტატიების ამონარიდებს და სტუდიაში დისკუსია, სწორედ ამ ერთი წყაროდან მოპოვებული ფაქტის გარშემო მიმდინარეობს.
გადაცემაში განხილული თემები უმეტესად იმეორებს მსგავსი არხებისა და გადაცემების შინაარსს. უკანასკნელი გადაცემები ეხებოდა შემდეგ თემებს: ვაქცინაციის ზიანი, როგორ იჩაგრებიან იტალიელები, გლობალიზმი - ნაციზმისა და კომუნიზმის ახალი ვერსია, სინთეტიკური ხორცის წარმოება და ა.შ. შესაბამისად, თემების დიაპაზონი ფართოა და არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს.
გადაცემაში რამდენჯერმე მეორდება ნარატივი, რომ მხოლოდ „Noticzie Oggi Lineasera“-მა მისცა მოწვეულ „ექსპერტებს“ საშუალება ცენზურის გარეშე გამოეხატათ საკუთარი აზრები. აღნიშნული გადაცემა მუდმივად რუსულ რიტორიკას ატარებს და მკვეთრად ანტიამერიკულ და ნატოს წინააღმდეგ მიმართულ პოზიციებს აჟღერებს.
ვიტო მონაკო - „Noticzie Oggi Lineasera“-ის წამყვანი
გადაცემას ჟურნალისტი, ვიტო მონაკო უძღვება. მასზე ბევრი ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა რამდენიმე ბიოგრაფიული დეტალი ცნობილია. ვიტო მონაკო კარიერის დასაწყისში მასწავლებლად მუშაობდა და ამ პროფესიაში სახელმწიფო აღიარებაც აქვს. პოლიტიკურ გადაცემებამდე ის სპორტული პროგრამებსა და სარეკლამო გადაცემებში მონაწილეობით იყო ცნობილი. მთელი ჟურნალისტური კარიერა მან „Canale Italia“-ზე გაატარა და 31 წელი „Noticzie Oggi Lineasera“-ის დილის გამოშვების ავტორი იყო, 2016 წელს კი ამ გადაცემის საღამოს, სადისკუსიო შოუს შექმნა გადაწყვიტა და წამყვანი გახდა.
19 მაისის ეპიზოდი - სტუმრები ოკუპირებული აფხაზეთიდან
ვინ მონაწილეობდა გადაცემაში?
19 მაისის სტუდიაში რამდენიმე სტუმარი შეიკრიბა, მათ შორის გადაცემაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა „ელჩები“ ვიტო გრიტანი და კან ტანია. ეს უკანასკნელი გადაცემაში ვიდეო ჩართვით მონაწილეობდა.
ვიდეო ჩართვას შეუერთდა იტალიური ორგანიზაციის „Aiutateci a Salvare i Banbini ODV”-ის (იტ. დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ ბავშვები) პრეზიდენტი ენიო ბორდატო. მისი ორგანიზაცია რუსულ ენაზე მოსაუბრე ბავშვების დახმარებაზეა კონცენტრირებული. ორგანიზაციის საიტზე მითითებულია, რომ ისინი ეხმარებოდნენ „2008 წელს ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომლებიც ოსი ხალხის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის მსხვერპლები გახდნენ.“ ასევე ისინი ეხმარებიან ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ-საქველმოქმედო ფონდ „Ашана“-ს. საიტზე რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინული ტერიტორიები მოხსენიებულია, როგორც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“. გადაცემაში ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებად მოიხსენია.
გადაცემაში მოწვეული იყო ჯანფრანკო ვესტუტო, ადგილობრივი გამოცემის „Russia News”-ის დირექტორი, მასთან ერთად მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამართლის ექსპერტები და დამკვირვებლები: ჯორჯო დესკოვიჩ დესჩი, ნიკოლა მარცარო და მარკო პატა.
რა თემები განიხილეს?
19 მაისს გადაცემის თემა სადავო ტერიტორიები იყო. წამყვანმა გადაცემა, აწ უკვე გარდაცვლილი, ცნობილი პრორუსი იტალიელი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მხარდამჭერის, ჯულიეტო კიეზას, ვიდეოთი დაიწყო. ეს უკანასკნელი ვიდეოში ამბობდა, რომ იტალია არის კოლონია, რომელიც ემორჩილება აშშ-ს და საჭიროა, „იტალიის ნეიტრალიტეტი, რადგან არ ჩაებას ომში. შესაბამისად საჭიროა ნატოდან გამოსვლა.“ ის ასევე ეწინააღმდეგებოდა სანქციებს და რუსეთს მეგობრად მოიხსენიებდა. ამასთანვე, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ტრიესტის პროვიციაზე, რომელიც „თავისუფალ მიწად“ მოიხსენიეს გადაცემაში და აღნიშნეს, რომ იქ ნატოს ბაზა არ უნდა იყოს. სტუმარმა აღნიშნა, რომ ნატოს ბაზა იქ 2013 წელს პუტინის ვიზიტის გამო გაჩნდა. გადაცემაში ნახსენები იყო, რომ ტრიესტში იგეგმება ბიოლოგიური ლაბორატორიის გახსნა, ვინაიდან საჭირო გახდა იმ ლაბორატორიების გადატანა, რომელიც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე აღმოაჩინა.
ჯანფრანკო ვესტუტომ ისაუბრა, რომ უკრაინის საკითხს დიდი ყურადღება ექცევა და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს 9 მაისს აღლუმზე მოსკოვში ჩასულ ლიდერებს, რომ ეს ახალი მოძრაობაა. მანვე გააკრიტიკა იტალიური მედიები და აღნიშნა, რომ რუსეთმა არ განახორციელა ფართომასშტაბიანი დაბომბვა, რადგან მისი მიზანი არ არის ხალხის ხოცვა. ასევე გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, აღნიშნა, რომ „დამოუკიდებელი დნესტრისპირეთის“ საზღვარზე უკრაინელი ჯარისკაცები განლაგდნენ, რომლებიც ემზადებიან დნესტრისპირეთში შეჭრისთვის.
გადაცემაში ასევე დიდი დრო დაეთმო რუსეთის შეჭრას უკრაინაში და სხვადასხვა ოკუპირებული ტერიტორიებს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხებს.
რა თქვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე?
ჯულიეტო კიეზას ვიდეოს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კან ტანია გამოეხმაურა და თქვა, რომ კიეზა ორჯერ იყო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული. მან შეაქო „აფხაზეთი“, როგორც „ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოს ხალხის აზრის გათვალისწინებით აშენებს“. ტანიამ იქვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ გზაზე დგას ოკუპირებული აფხაზეთი - შექმნას სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად სირთულეებისა.
გადაცემაში აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ომის დროინდელი სიუჟეტი და ადგილობრივების გამოკითხვა აჩვენეს, რომელიც იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (RAI) მიერ იყო მომზადებული. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარომადგენელმა ვიტო გრიტანიმ აღნიშნა, რომ ის იტალიაში უყვებოდა ხალხს 2014 წლის მოვლენებზე და მათ არაფერი იცოდნენ. სიუჟეტიდან მან ერთი ფრაგმენტი აღნიშნა, სადაც რესპონდენტი ამბობს, რომ მას არ სურს „უკრაინელებთან ერთად ყოფნა“, მას სურს „მშვიდობა საკუთარ მიწაზე“ და პროტესტს გამოთქვას თუ რატომ „მოვიდნენ ისინი (უკრაინელები) და ანადგურებენ მათ მიწას.“ სწორედ ამ ნარატივსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან პარალელის გავლებით ეცადა ვიტო გრიტანი საქართველოს დადანაშაულებას.
აქვე ერთ-ერთი სტუმარმა გრიტანის უპასუხა და აღნიშნა, რომ „აფხაზეთში ომი ათეულობით წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხი იარაღს ოჯახებში ინახავს და ამ მდგომარეობაში როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, როგორ უნდა მოხდენს ინვესტირება“ მას უბრალოდ არ ესმის.
სიუჟეტს ტანიაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სიუჟეტი კარგად აღწერს რატომ დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. მისი თქმით, მაპროვოცირებელი იყო ეთნიკურად რუსების ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა, რუსული ენისა და კულტურის აკრძალვა. შესაბამისად, მათ მიმართეს საერთაშორისო სამართალს და თვითგამორკვევის საფუძველზე გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი სახელმწიფო. მან იქვე დაამატა ფაქტი, რომ 2014 წელს, ერთ-ერთ აეროპორტს ახრა ავიძბას მიერ შექმნილი აფხაზებისგან შემდგარი ქვედანაყოფი („პიატნაშკა“) იცავდა. ტანიამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზი მებრძოლები „საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ დარჩნენ გულგრილები, კიევის მხრიდან ხალხის ეთნიკური ნიშნით ჩაგვრის ფაქტის მიმართ. ეს სწორედ ისეთი უპატივცემულობაა მშობლიური ენის, კულტურისა და ტრადიციებისადმი, როგორც თავის დროზე, ქართველებმა გამოიჩინეს აფხაზებთან მიმართებაში.“ ტანიამ იქვე აღნიშნა, რომ ეს ინფორმაციული ომია და დასავლური მედია ცვლის საკუთარ პოზიციებს, რადგან მათ „პატრონი ამერიკა ასე უბრძანებს“.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ დასავლურ საზოგადოებაში ცოტამ თუ იცის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში „სისხლიანი ომების“ შესახებ. ტანიამ ამ განცხადებაზე უპასუხა, რომ სადავო ტერიტორიების ერთ ჯგუფში მოქცევა არ არის სწორი, ვინაიდან ყოველი სადავო ტერიტორია ცალკე უნდა შეისწავლებოდეს, თუმცა ერთადერთი რაც მათ საერთო აქვთ, ეს ხალხის თვითგამორკვევის უფლებაა. „საგანგებო ელჩმა“ შედარება გააკეთა - დონბასის შემთხვევაში ხალხმა გადაწყვიტა ჯერ საკუთარი ქვეყნა შეექმნა, რათა საკუთარი იდენტობა დაეცვა და შემდეგ რეფერენდუმი ჩაატარა რუსეთთან შეერთების შესახებ, რადგან ისტორიულად ეს ტერიტორიები რუსეთის იყო და დასახლებული იყო რუსებით. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის შემთხვევა კი მან აღნიშნა, რომ „ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს, 30-იანი წლებიდან ვიყავით ქართველების მხრიდან ზეწოლისა და საქართველოს მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლი, რასაც დაემატა 1992 წელს ქართველების თავდასხმა აფხაზეთზე. შესაბამისად ჩვენ პრაქტიკულად იძულებულნი გავხდით დაგვეცვა ჩვენი კულტურა, ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა სხვა ქვეყანა, სადაც ლტოლვილებად ჩავბარდებოდით. ამიტომ ეს იყო ჩვენი ეთნიკური ჯგუფის გადარჩენის საკითხი, ჩვენი ძველ ენაზე საუბრის უფლების, კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნების ერთადერთი გზა.“
წამყვანი დაინტერესდა თუ როგორ ფუნქციონირებს ე.წ. აფხაზური დიპლომატია. ვიტო გრიტანიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა და იტალიის რესპუბლიკა არ ცნობენ ერთმანეთს, მათ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები“.
ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისაუბრა გეორგიევსკის ლენტების აკრძალვაზე ბალტიის ქვეყნებში, მოლდოვაში, გერმანიასა და ჩეხეთში და ეს ქვეყნები რუსების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ამ ნარატივს გამოეხმაურა ვიტო გრიტანი, რომელმაც აღნიშნა სირთულეები რასაც აფხაზები ევროპის მხრიდან აწყდებიან: „აფხაზებს არ შეუძლიათ რუსეთის გარდა არსად მოგზაურობა, რადგან აფხაზურ პასპორტს არ აღიარებს არავინ, ასეთი დოკუმენტი არ არსებოს. ამ პრობლემაზე ჩვენ მივწერეთ წერილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც ყველაფერი დეტალებში ავხსენით. ამასთან ერთად, არც აფხაზეთში გაცემული დაბადების მოწმობებია ვარგისი აფხაზეთის საზღვრებს გარეთ. ამის გამო, ვისაც სწავლა უნდა იტალიაში, არ შეუძლიათ მიიღონ კვალიფიკაცია.“ გრიტანიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ამაო მცდელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია ძალიან რთულია. გადაცემის ბოლოს, ვიტო გრიტანიმ სტუმრებს უთხრა, რომ საქართველო არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე ამ საკითხზე საუბარს საერთოდ გაურბის.
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლების სხვა ნარატივები
„Noticzie Oggi Lineasera“-ში ვიტო გრიტანიმ ისაუბრა 2022 წლის აგვისტოში დონბასში ვიზიტზეც. მათ თქვა, რომ მან ნახა უკრაინელების მიერ განადგურებული ციხე, სადაც უკრაინელი ტყვეები იყვნენ. შესაბამისად, უკრაინელების მასობრივი დაბომბვა უკრაინელებს დააბრალა.
გადაცემის წამყვანმა კითხვა დასვა თუ რატომ აფასებს დასავლური ქვეყნები რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში, როგორც უკრაინაში შეჭრად? ტანიამ საპასუხოდ თქვა, რომ ეს საინფორმაციო ომის ნაწილია. მანვე მაგალითად, აშშ-ის სპეციალური სამხედრო ოპერაციები მოიყვანა (იემენში, ერაყში, კამერუნში...) და აღნიშნა, რომ მსოფლიო არ აღუდგა აშშ-ის ქმედებებს წინააღმდეგ და არ დაუწესეს სანქციები ამერიკას. თუმცა, რუსეთის შემთხვევაში, როცა შეჭრა „სასიცოცხლო ინტერესების“ დასაცავად, სამეზობლოში მოხდა, ეთნიკური რუსებისა და ბავშვების დასახმარებლად, სხვა შედეგი დადგა. აქვე ტანიამ აღნიშნა, რომ რუსეთი რჩებოდა მინსკის მოლაპარაკებების ერთგულად, თუმცა როცა დაინახა რომ პერსპექტივები ამოიწურა, მოქმედება დაიწყო. მან იქვე გააკრიტიკა დასავლეთი, „ისინი არამარტო რუსეთის პრეზიდენტის დემონიზირებას ახდენენ, არამედ რუსი ერისა და მათი, ვინც რუსეთის მხარეს დგას“.
გადაცემის ბოლოს, „ელჩებმა“ მადლობა გადაუხადეს წამყვანს, განსხავებული ნარატივებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის საჭირო სივრცის არსებობისთვის.
დასკვნა
აშკარაა, რომ აღნიშნული გადაცემა ერთმნიშვნელოვნად ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივს ატარებს, თუმცა „Canale Italia”-ის ეთერში გასულმა გადაცემამ აჩვენა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „ელჩები“ არამარტო „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ ნარატივის გამყარებას ცდილობენ, არამედ პირდაპირ კრემლის ინტერესების დამცველებად გვევლინებიან და მოსკოვის ნარატივებს იმეორებენ - ეთნიკური რუსების ჩაგვრის, სპეციალური სამხედრო ოპერაციისა თუ რუსი ერის მიმართ დასავლეთის დისკრიმინაციულ მიდგომაზე.