ავტორი: ოთარ ჯინჭარაძე
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენაა. აღნიშნული ომის დროს არაერთხელ დაფიქსირდა რუსეთისა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების სამხედრო ფორმირებების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების აღკვეთის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, რასაც კატეგორიულად კრძალავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 1998 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღო რომის წესდება, რაც გულისხმობს ძირითადი ოთხი საერთაშორისო დანაშაულის (გენოციდი, დანაშაულები ადამიანურობის წინააღდეგ, ომის დანაშაულები, აგრესიის დანაშაულები) განსაზღვრას. 2002 წელს ძალაში შესულ რომის წესდებას ხელს აწერს 123 სახელმწიფო და მათ შორის საქართველო 2002 წლის 1 ივლისიდან. რუსეთმაც, სხვა სახელმწიფოების მსგავსად ხელი მოაწერა რომის წესდებას, თუმცა შემდეგ გაიწვია ხელმოწერა, რითაც არ დაეთანხმა ჰააგის სასამართლოს მიერ დაწესებულ ძირითად პრინციპებს.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო საქართველოში ინტერვენცია. 16 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ჯარებმა ეტაპობრივად უკან დაიხიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე დღემდე ოკუპირებულია რუსების მიერ.
2015 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ეწვია თბილისს და შეხვედრები გამართა იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. ბენსუდა ასევე შეხვდა მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2009 წელს სხვადასხვა ანგარიში მოამზადეს აგვისტოს ომის დროს ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენსუდას მიერ გაგზავნილი 160 გვერდიანი თხოვნის შემდეგ, სამი თვის თავზე, 2016 წლის იანვარში დაიწყო გამოძიება აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.
ბენსუდას მიერ გაკეთებულ ნაბიჯს გამოეხმაურა Human Rights Watch-ი, რომელმაც 2009 წელს ასევე გამოაქვეყნა ანგარიში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, და მიესალმა ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებას, რაც სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა.
2008 წლის ომის დანაშაულების განხილვა სასამართლომ 2016 წელს დაიწყო და 2022 წელს დაასრულა. სასამართლომ განიხილა იმ პირების ძირითადი საქმეები, რომლებმაც არაერთი დანაშაული ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას. აღნიშნული დანაშაულები უკვე შეფასდა ჰააგის სასამართლოს მიერ, თუმცა ცოტასთვის არის ცნობილი მიღებული გადაწყვეტილებები და გაკეთებული შეფასებები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ძირითადი ჩადენილი დანაშაულებების რიცხვში შედიოდა:
სასამართლომ ბრალდებულად სცნო მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. ჩამოთვლილ ბრალდებულთაგან სამივე მხილებული იყო ადამიანთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ღირსების შელახვაში, მძევლების აყვანაში და უკანონო გადაადგილებაში. მინძაევი და გუჩმაზოვი ასევე იყვნენ ბრალდებულნი ადამიანთა წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც რომის წესდებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რუს გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვთან დაკავშირებით ასევე არსებობდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა სასამართლომ ეს საქმე არ განიხილა, რადგან ხსენებული პირი სასამართლოში საჩივრის წარდგენამდე გარდაიცვალა.
მთავარი ბრალდებულები
მიხაილ მინძაევი
რუსეთის მოქალაქე მიხაილ მინძაევი დაიბადა 1955 წლის 28 სექტემბერს ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში. წარსულში მსახურობდა პოლიციის უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2005 წლიდან სულ მცირე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
2022 წლის 10 მარტს სხდომის თავმჯდომარე, მოსამართლე პიტერ კოვაჩმა წარადგინა შუამდგომლობა მინძაევის დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე, 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების გამო.
პროკურორის ბრალდების მიხედვით, 2008 წლის 10 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში რამდენიმე სოფლის 170-მდე მაცხოვრებელი, რომლებიც ეთნიკურ ქართველებად მიიჩნიეს, ან შერეულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე დააკავეს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ქუჩებში ან სახლებში, იმ პირებმა, რომლებიც ეთნიკურ ოსებად არიან მიჩნეულნი. აღნიშნული დაკავებები, როგორც წესი, ეთნიკური ოსების შეიარაღებული ფორმირებების მიერ ძარცვის ან სახლების გადაწვის ფონზე მიმდინარეობდა, გარკვეული ძალადობის თანხლებით. აღნიშნულ დანაშაულებებში შეიმჩნეოდა მინძაევის პირდაპირი ან ირიბი ჩართულობა.
ბრალდების მიხედვით, ასევე ფიქსირდებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცებს, იძულებით ამარხინებდნენ ქართველი ჯარისკაცების გახრწნილ გვამებს, არაჰიგიენურ პირობებში და დამცავი საშუალებების გარეშე. დაფიქსირდა ტკივილის და ტანჯვის მიყენების შემთხვევები იმ მიზნით, რომ დაკავებულ პირებს ეღიარებინათ, რეზერვისტობა ან რათა ეიძულებინათ დამორჩილებოდნენ მითითებებს.
ცხინვალის იზოლატორში დაკავებული 170 საქართველოს მოქალაქიდან მხოლოდ 110 გადაეცა ქართულ მხარეს 2008 წლის 21-28 აგვისტოს პერიოდში. 12 აგვისტოს ქ. გორში დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება, თუმცა ეს განხორციელდა „ტყვეთა“ გაცვლის საფუძველზე, რაც რომის წესდებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
2022 წლის 30 ივნისს, სხდომის თავჯდომარის, მოსამართლე პიტერ კოვაჩის, მოსამართლე რეინე ადელაიდე სოფი ალაპინი-განსუსა და მოსამართლე მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერას ბრძანებით, მიხაილ მინძაევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში 2008 წლის აგვისტოს ომში პირდაპირ ან ირიბად ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ სცნეს.
გამლეტ გუჩმაზოვი
გამლეტ გუჩმაზოვი დაიბადა 1976 წლის 9 ივლისს ცხინვალში. ომის პერიოდში იგი იყო ცხინვალის წინასწარი დაკავების დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული პირი მიხაილ მინძაევის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ იყო. ის არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ მონაწილეობდა დაკავებული პირების არასათანადო მოპყრობაში, მათ შორის ფიქსირდებოდა გუჩმაზოვის მონაწილეობა სასტიკად ცემის ფაქტებში. აღნიშნული პირი ასევე ბრალდებულია სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილებასა და მძევლების აყვანაში. გუჩმაზოვი მუშაობდა დაჯგუფებასთან ერთად, რომელთაც განსაზღვრული ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების წინასწარ დაკავების იზოლატორში გახანგრძლივებული დაყოვნება და საქართველოს მთავრობასთან მძევალთა გაცვლის მიზნით მოლაპარაკებებში ჩართვა. გუჩმაზოვი პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა ომის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავებაში, წამებაში, მძევლების აყვანასა და სამოქალაქო პირების უკანონოდ გადაადგილებაში. ჰააგის სასამართლომ აღნიშნული პირი დამნაშავედ სცნო და მის დასაკავებლად ორდერი 2022 წლის 30 ივნისს გასცა.
დავით სანაკოევი
დავით სანაკოევი დაიბადა 1976 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში, საბჭოთა საქართველოში. 2005-2010 წლებში იგი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის პოზიციას იკავებდა. სანაკოევი ხელმძღვანელობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართველი და ოსი ტყვეების გაცვლის პროცესში, რაც ქართველი ტყვეების იძულებით დაკავებას და საქართველოში მყოფი ოსი მსჯავრდებულების გადმოცემას გულისხმობდა. სანაკოევის მონაწილეობით სულ მცირე 5 ტყვეთა გაცვლის ფაქტია დაფიქსირებული და აქედან, ყველაზე მასშტაბური 2008 წლის 27 აგვისტოს იყო, როდესაც 81 ქართველის საზღვარზე ტრანსპორტირება თავად გააკონტროლა და წარადგინა დოკუმენტი, სადაც ტყვეები იძულებით აცხადებდნენ, რომ დამკავებლების წინაშე არანაირი საჩივარი არ გააჩნდათ.
ჰააგის სასამართლომ სანაკოევი დამნაშავედ სცნო ტყვეების აყვანაში და არაკანონიერად მოქალაქეთა გადაადგილებაში, რაშიც პირდაპირ ან ირიბად მაინც იყო ჩართული.
ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენის მიხედვით, სამივე ბრალდებულ პირზე გამოცხადებულია ძებნა. გაცემული ბრძანების მიხედვით, აღნიშნული პირები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცნენ და წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, რათა პასუხი აგონ, ზემოთ ხსენებულ, დანაშაულებზე.
მხარეთა პოზიციები
საქართველოს პოზიცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს განაჩენი საქართველოს მორიგ გამარჯვებად შეაფასა. „ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათლად დადასტურდა ის, რომ სიმართლე თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს… ჰააგამ თქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ომში სიმართლე იყოს ქართველი ხალხისა და ქართველი გმირების მხარეზე...“– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოს ომში არ დაუშვია არცერთი შეცდომა და არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის არცერთი ნორმა.
რუსეთის პოზიცია
„დაკავების ორდერის გაცემის დრო და ასევე ბრალდებულთა შერჩევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იყო და რჩება დამჯერ ინსტრუმენტად დასავლეთის ხელში.“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა მშვიდობიან ცხინვალსა და რუს სამშვიდობოებს.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიცია
დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა და IPRM-ის მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ჩემი ყოფილი თანამშრომლების დაკავების ორდერი შეკვეთილი საქმეა და აბსურდი. რატომღაც არ არის ერთი ორდერიც კი გაცემული ქართველ დამნაშავეებზე, თუმცა ერთ-ერთი ასეთი კრიმინალი თავისუფლად დადის ევროპაში“. კოჩიევმა ასევე დაადანაშაულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, და გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვის ბრძანების გაცემის გამო დაიწყო აგვისტოს ომი.
დასავლეთის პოზიცია
სასამართლოს გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან არ მოჰყოლია რომელიმე დიდი დასავლური ქვეყნის აქტორის კომენტარი, თუმცა ჰააგის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებდა, „რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც“, განაცხადა პროკურორმა კარიმ ხანმა.