ავტორი: ელენე მინდიაშვილი
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გადაადგილება „ოფიციალურად“ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების (სგპ) გადაკვეთით არის შესაძლებელი. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვარზე ადამიანთა გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა სგპ-ების საშუალებით კონტროლდება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წლის 30 აპრილიდან, ე.წ. საზღვარს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო იცავს. ამ დღეს რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. სამმართველოს მოვალეობა ოკუპირებული რეგიონის „საზღვრის“ დაცვა და „ბორდერიზაციის“ პროცესის განხორციელებაა. ამ დროიდან იწყება სგპ-ების ფუნქციონირება და უფრო მკაცრი „სასაზღვრო“ კონტროლის დამყარება.
2009 წლიდან საოკუპაციო ხაზზე საკონტროლი-გამშვები პუნქტები (სგპ) მოეწყო. ამ პერიოდიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მათი გავლით გახდა შესაძლებელი.
საკონტროლო-გამშვები პუნქტები
ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის, სხვადასხვა პერიოდში სულ ოთხი სგპ ფუნქციონირებდა, რომლებიც ადგილობრივი სოფლების სახელებით არის მოხსენიებული. ზოგიერთ შემთხვევაში სგპ-ის დასახელება ორი სოფლის სახელს შეიცავს, რომელთაგან ერთი მდებარეობს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზოგიერთ შემთხვევაში, კი მოხსენიებულია მხოლოდ იმ სოფლის სახელით, სადაც იგი მდებარეობს.
პირველი დასახლებული პუნქტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქართულის გასწვრივ მითითებულია სგპ-ების ოსური დასახელებები).
ცხინვალის რეგიონისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი სგპ-ები.
შენიშვნა: საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ოკუპირებულ ჯავის რაიონს ორი სგპ აკავშირებს. 2010 წლამდე ისინი სოფ. სინაგურსა და სოფ. პერევში მდებარეობდნენ, 2010 წლის შემდეგ კი, სოფ. სინაგურსა და სოფ. ქარძმანში. საქმე იმაშია, რომ 2010 წელს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფ. პერევზე კონტროლი აღადგინა, რის გამოც საოკუპაციო ძალებმა სგპ სოფ. პერევიდან გადაიტანეს და საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფ. ქარძმანში განათავსეს - სოფელში, რომელიც სოფ. პერევიდან სულ რაღაც ორი კილომეტრით არის დაშორებული. აღნიშნულ სგპ-ს ოსური მხარე დღემდე პერევის გამშვებ პუნქტად მოიხსენიებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი მას ქარძმანის პუნქტს უწოდებს. ვინაიდან, ეს სგპ ორ მხარეს ოკუპირებული სოფ. ქარძმანისა და სოფ. პერევის საშუალებით აკავშირებს, წინამდებარე სტატიაში მას პერევი-ქარძმანის სგპ-ის სახელწოდებით მოვიხსენიებთ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საზღვრის მოწყობის პროცესი, „ბორდერიზაციის“ სახით, 2011 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთი მონაკვეთი რკინის კაპიტალური კონსტრუქციითაა შეღობილი, სხვაგან მავთულის ღობე ან მავთულხლართია გავლებული, ზოგიერთ ადგილას კი ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული. ისეთ მონაკვეთებზე, სადაც საოკუპაციო ხაზი ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზაზე გადის, აღმართულია მწვანე ფერის ჭიშკარი. ასეთ ჭიშკრებს ვხვდებით სოფ. დიცში, აბრევში, ხელჩუაში, არცევში, ღრომში, ზარდიაანთკარში და სხვ. ჭიშკრები შორიახლოს მდებარე სათვალთვალო კოშკებით ან საგუშაგოებით კონტროლდება. 2019 წლამდე, ვიდრე მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განკარგულებით სგპ-ები დაიკეტებოდა, ჭიშკრის გაღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებული ზედამხედველობის პირობებში იყო შესაძლებელი.
მწვანე ფერის ჭიშკარი სოფ. დიცში. წყარო: ავტორის ფოტო
სგპ-ების გახსნისა და დახურვის ქრონოლოგია
სგპ-ები დროთა განმავლობაში პერიოდულად იხსნებოდა და იხურებოდა, ზოგიერთი კი უქმდებოდა. კოვიდ პანდემიამდე მათი დახურვის მიზეზად, დე ფაქტო რეჟიმი, სგპ-ების გავლით კონტრაბანდული საქონელის გადატანის კონტროლს ასახელებდა, პანდემიის პერიოდში კი მათი გაჭიანურებული ჩაკეტვის საბაბი ვირუსული ინფექციის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვა გახდა. გაჟღერდა ე.წ. „წნელისის კრიზისის“ სახელით ცნობილი საბაბიც.
სგპ-ები პერიოდულად რამდენიმე დღით 2019 წლამდეც იკეტებოდა. მცირეხნიანი ჩაკეტვა ძირითადად მნიშვნელოვან თარიღებს უკავშირდებოდა. მაგალითად, დე ფაქტო რეჟიმი რამდენიმე დღით კეტავდა სგპ-ებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამართული არჩევნების დროს. სგპ-ები პერიოდულად იკეტებოდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებების დროსაც, მაგალითად, „რესპუბლიკის დღის“ აღნიშვნის პერიოდში.
2009 წლიდან, 30 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების გასაკონტროლებლად ოთხი სგპ მოეწყო: ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახმაჯში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. მოსაბრუნს ემიჯნება და ხშირად იწოდება, როგორც „ოძისი-მოსაბრუნის“ სგპ; საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფ. ქარძმანსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფ. სინაგურში.
ერგნეთის მონაკვეთი
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთის მონაკვეთი, სადაც 90-იანი წლების ბოლოდან ფუნქციონირებდა ბაზრობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წელს ანტიკორუფციული ღონისძიებების ფარგლებში გააუქმა. აქ სგპ-ს, როგორც მოქალაქეთა გადაადგილების საკონტროლო საშუალებას, არ უმოქმედია, თუმცა ერგნეთი წლების განმავლობაში ქართულ-ოსური სავაჭრო ურთიერთობების გზაჯვარედინის დატვირთვას ატარებდა. დღესდღეობით საოკუპაციო ხაზის სოფ. ერგნეთის მონაკვეთი საგუშაგოებით კონტროლდება - მათგან ერთი ქართულია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მეორე კი რუსული - 50 მეტრის მოშორებით, ჩრდილოეთით - საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში. საგუშაგოებს შორის ე.წ. ნეიტრალური ზონაა - მონაკვეთი, რამაც სოფელს ქართულ-ოსური ურთიერთობის გზაჯვარედინის დატვირთვა შეუნარჩუნა. სწორედ „ნეიტრალურ ზონაში“ იმართება პერიოდულად „1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის“, უფრო ხშირად კი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“(IPRM) შეხვედრები. ამავე მონაკვეთს იყენებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაცემის ან პატიმართა გაცვლის დროსაც.
2009-2010 წლები
2008 წლის ომის შემდეგ ერთ-ერთი სგპ პირველად 2010 წელს დაიხურა, როდესაც ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციამ სოფ. ახმაჯში განთავსებული სგპ-ის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დე ფაქტო ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი, ალან ჯუსოევი 2009 წლის მიწურულიდან გამოდიოდა „საზღვრის“ ჩაკეტვის ინიციატივით, რათა ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრთა რაოდენობა დადგენილიყო. აღნიშნული ინიციატივა არ განხორცელებულა, თუმცა ახმაჯის სგპ-ის გაუქმების შემდეგ, ახალგორის მონაკვეთზე დარჩენილ ერთადერთ - ოძისი-მოსაბრუნის (რაზდახანი) სგპ-ზე გადაადგილების ახალი რეჟიმი შემოიღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შექმნეს ელექტრონული ბაზა, სადაც აღრიცხავდნენ ყველა იმ პირს, ვინც „საზღვარს“ კვეთდა.
ახმაჯის სგპ. წყარო: ekhokavkaza.com
2010 წელს ვითარება საჩხერე-ჯავის მონაკვეთზეც შეიცვალა. 2010 წლამდე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლდებოდა, შესაბამისად რუსული საგუშაგო სოფლის შესასვლელში იყო განთავსებული. 2010 წელს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფ. პერევზე კონტროლი აღადგინა, რამაც საოკუპაციო ძალები აიძულა საგუშაგო პერევის შესასვლელიდან გადაეტანათ და მის მომიჯნავე, საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სოფ. ქარძმანში დაედგათ.
ვინაიდან ეს ორი სოფელი ერთმანეთთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ რთულია მათი გამიჯვნა, აღნიშნულ სგპ-ს ოსური მხარე კვლავ პერევის სგპ-დ მოიხსენიებს, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ის ქარძმანის პუნქტად იწოდება, ვინაიდან სოფ. ქარძმანის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს.
2010 წლიდან 2019 წლამდე სამი სგპ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა, ვიდრე 2019 წელს დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განკარგულებით, თითოეული მათგანი მიყოლებით არ ჩაიკეტებოდა.
2019 წლის 24 აგვისტოს ვითარება „წნელისის კრიზისის“ გამო დაიძაბა (ასე მოიხსენიებენ ამ პროცესს ცხინვალში). „წნელისის კრიზისი“ საქართველოს ხელისუფლების მიერ საპოლიციო საგუშაგოს სოფ. ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებას მოჰყვა. ახალმა საგუშაგომ საოკუპაციო რეჟიმის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ოსური მხარე მას ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური გარემოსთვის საფრთხის შემცველად თვლიდა. ქართული მხარისათვის აღნიშნული ბალდება დღემდე მიუღებელია, და უარს აცხადებს მის დემონტაჟზე. „წნელისის კრიზისის“ საპასუხოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ 2019 წლის 4 სექტემბერს ოძისის სგპ-ის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ქართული მხარის შეფასებით, ეს ქმედება უსაფუძვლო და მიუღებელია, რადგან სგპ-ების ფუნქციონირება წმინდად ჰუმანიტარული ასპექტია, რითაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოება სარგებლობს.
2020 წლის თებერვალში დარჩენილი სამი სგპ: სინაგური, პერევი და ოძისი-მოსაბრუნი (რაზდახანი) დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით 27 თებერვლის 20:00 საათიდან ჩაიკეტა „შემდგომ გაფრთხილებამდე“.
2020 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე სგპ-ების გავლით გადაადგილება აკრძალული იყო, რამაც, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი აფასებს, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოშვა. ამ პერიოდში ქართული და ოსური მხარეები IPRM-ის ფორმატში შეხვედრისას პერიოდულად სგპ-ების რამდენიმესაათიან ან რამდენიმედღიან გახსნაზე თანხმდებოდნენ. ეს შეთანხმებები ძირითადად მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებს უკავშირდებოდა.
2022 წლის 18 აგვისტოს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, სგპ-ების ფუნქციონირება ნაწილობრივ აღდგა. გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ყოველი თვის 20-30 რიცხვების მოქალაქეებს ოძისი-მოსაბრუნისა (რაზდახანი) და პერევი-ქარძმანის სგპ-ებით სარგებლობის უფლება ეძლეოდათ. 2023 წლის 19 იანვარს IPRM-ის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ დააანონსა, რომ სგპ-ების სისტემატიური გახსნის პრაქტიკის გაგრძელებას 2023 წლის განმავლობაშიც გეგმავდნენ.
პერევი - ქარძმანის სგპ. წყარო: parliament.ge
ოძისი-მოსაბრუნის სგპ. წყარო: cominf.org
„საზღვრის“ გადაკვეთის პროცედურები
მას შემდეგ, რაც 2019 წელს იმდროინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განკარგულებით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, სგპ-ები ჩაიკეტა, ცხინვალის რეგიონი თითქმის მთლიანად მოწყდა დანარჩენ საქართველოს.
2022 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საოკუპაციო ხაზის „კანონიერი“ გადაკვეთის შესაძლებლობა მხოლოდ ჯავაში ან ახალგორში დაბადებულ მოქალაქეებს მიეცათ. დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად მათ სპეციალური საშვი - „პროპუსკი“ (რომელმაც ფორმა №9 ჩანაცვლა) და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ესაჭიროებათ. დადგენილია გადასატანი ტვირთის დასაშვები მაქსიმალური წონაც, რაც 50 კილოგრამს შეადგენს. სგპ-ის გავლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, ადგილზე წესრიგს კი რუსი „მესაზღვრეები“ იცავენ.
სგპ-ების გავლის პროცედურული ნაწილი მდებარეობის მიხედვით განსხვავებულია. ამ განსხვავებას ძირითადად ადგილზე არსებული სპეციფიკური პოლიტიკური თუ უსაფრთხოების ფონი განაპირობებს. მაგალითისთვის, 2021 წლის მდგომარეობით, მანამ სანამ ფორმა №9 „პროპუსკით“ ჩანაცვლდებოდა, ახალგორის ადგილობრივი „ხელისუფლების“ გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს „საზღვრის“ გადასაკვეთად უნდა წარმოედგინათ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი და ფორმა №9. სინაგურის შემთხვევაში კი, „საზღვრის“ გადაკვეთა, ადგილობრივების თქმით, კიდევ უფრო მარტივად შეიძლებოდა, რადგან აქ ფორმა №9-ის წარდგენის გარეშე, მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის პასპორტის“ საშუალებითაც შეეძლოთ მოქალაქეებს გავლა.
ადგილობრივები ბიბილოვის „პრეზიდენტობის“ პერიოდს სგპ-ების საშუალებით მიმოსვლის კუთხით მკაცრად აფასებენ. მათი ინფორმაციით, მისი „მმართველობის“ პერიოდში საბაჟო გადასახადიც დაწესდა ბარგზე, იმ შემთხვევაში, თუ მისი წონა 50 კილოგრამს გადააჭარბებდა. საბაჟო გადასახადის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულება ოფიციალურად არ გაუქმებულა ახალი „პრეზიდენტის“ არჩევის შემდეგ, თუმცა მათივე თქმით, სგპ-ებზე გავლისას ბარგს იშვიათად თუ წონიან, შესაბამისად გადასახადის გადახდა აღარ უწევთ.
„საზღვრის“ გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტები
ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შესვლა მხოლოდ ორი: პერევი-ქარძმანისა და ოძისი-მოსაბრუნის (რაზდახანი) გავლით შეიძლება მხოლოდ ყოველი თვის 20-30 რიცხვების პერიოდში. ამისათვის ადგილზე სპეციალური საშვი - „პროპუსკი“ გამოიყენება. „პროპუსკს“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გასცემს ქ. ცხინვალში. სგპ-ს გასავლელად „პროპუსკთან“ ერთად მოქალაქემ თან უნდა იქონიოს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი. პასპორტი ორენოვანია - ოსური და რუსული; მზადდება ქ. ვლადიკავკაზში და გაიცემა ქ. ცხინვალში. ცხინვალშივე გაიცემა „პროპუსკიც“. 2023 წლის აპრილამდე ამისათვის მოქალაქეს განცხადებით დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშოების კომიტეტისთვის უნდა მიემართა, თუმცა აპრილში „პროპუსკის“ აღების პროცედურა გამარტივდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს შეუძლია განცხადების სახით მიმართოს ახალგორის ან ჯავის „ადმინისტრაციას“ და წარუდგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში კი მოქალაქის განაცხადი დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ გადაიგზავნება. „პროპუსკის“ მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ჯავასა და ახალგორის „რაიონებში“ ცხოვრობენ. ქართულ პასპორტს დე ფაქტო რეჟიმი არ აღიარებს, შესაბამისად ეს უკანასკნელი, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საზღვრის კვეთის დროს ვერ გამოდგება. „პროპუსკი“ „საზღვრის“ კვეთისას ესაჭიროება არასრულწლოვანსაც, დაბადების მოწმობასთან ერთად. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობლის გარეშე ხდება მისი გადაადგილება, სგპ-ს გასავლელად საჭიროა მშობლის მინდობილობა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხინვალის რეგიონში სგპ-ების გავლით შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მოქალაქეს იმ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთის მოქალაქეობა აქვს, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის სუვერენიტეტს აღიარებენ. ესენია: რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.
„არაოფიციალური“ გადასასვლელები
„ოფიციალურ“ სგპ-ებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე „არაოფიციალური“ გადასასვლელებიც არსებობს, რომლებსაც როგორც საქართველოს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სხვადასხვა დროს იყენებდნენ.
ოკუპირებული რეგიონის მრავალ სოფელში დანარჩენი საქართველოდან მოასფალტებული გზა შედის. ასეთ მონაკვეთზე „საზღვრის“ მოწყობის სამუშაოები კაპიტალურად ჩატარდა გასული წლების განმავლობაში, რაც იმას გულისხმობდა, რომ მიმდებარე ტერიტორია რკინის მყარი კონსტრუქციით შეიღობა და დამონტაჟდა დიდი ზომის მწვანე ჭიშკრები. ჭიშკრების შორიახლოს მოაწყვეს სათვალთვალო კოშკებიც. როგორც წესი ჭიშკარი დალუქულია, და აკრძალულია ამ მეთოდით ცხინვალის რეგიონში შესვლა (ასევე პირიქით, ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა). თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, არსებობს გამონაკლისებიც, რომლებიც, როგორც წესი, არ საჯაროვდება. მაგალითად, ოკუპირებულ სოფ. ხელჩუაში ბიბილოვის მიერ „სასაზღვრო კონტროლის“ გამკაცრებამდე მწვანე ჭიშკრის საშუალებით შესვლა მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ოსური პასპორტი ჰქონდა და ამავე დროს პასპორტში საცხოვრებელ ადგილად სოფ. გუგუტიაანთკარი იყო მითითებული. მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოსა და ოკუპირებულ სოფ. აბრევის მიჯნაზე განთავსებულ ჭიშკართან, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის - აბრევის საჯარო სკოლის საკორინთლოელი მასწავლებლისთვის ყოველდღე იღებოდა. ამჟამად იგი სოფ. აბრევის სკოლაში აღარ მუშაობს, შესაბამისად ჭიშკარი დალუქულია.
ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიაანთკარიც. სოფელი 2012 წლის ივლისში გავლენის ორ სფეროდ გაიყო. აღნიშნული საკითხი განიხილეს IPRM-ის ფორმატის საგანგებო შეხვედრებზე. ამავე შეხვედრაზე განიხილეს სოფელში მდებარე ჭიშკრის ფუნქციაც. ვინაიდან სოფელი ძირითადად შერეული - ქართულ-ოსური ოჯახებით არის დასახლებული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცხინვალის ადმინისტრაციაში წინასწარ შეტანილი განცხადების საფუძველზე ჭიშკრის გავლით სოფ. ზარდიაანთკარის იმ მაცხოვრებლებისთვის, ვისაც ქართულთან ერთად ოსური ან რუსული მოქალაქეობა ჰქონდათ, მიეცათ გადაადგილების უფლება.
მეორე მხრივ, ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის ყველა იმ მონაკვეთიდან შეიძლება ცხინვალის რეგიონში „გადაპარვა“, სადაც „სასაზღვრო“ კონსტრუქციები არ არის დამონტაჟებული. მთავარია არ მიმდინარეობდეს პერიმეტრის პატრულირება. ეს „ხერხი“ ვრცელდება იმ მონაკვეთებზეც კი, სადაც „სასაზღვრო“ ინფრასტრუქტურის არარსებობის მიუხედავად, განთავსებულია სათვალთვალო კოშკები. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დრო დაემთხვას გუშაგთა მორიგეობის ცვლის პროცესს - ადგილობრივების თქმით, „ამ დროს, სათვალთვალო კოშკი რამდენიმე წუთით უყურადღებოდ რჩება“.
ამ მხრივ საინტერესოა საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშისა და ოკუპირებული სოფ. ზემო არცევის მონაკვეთი, რომელსაც სოფ. ზემო არცევში მცხოვრები სოფ. ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად კვეთდნენ, რათა საგაკვეთილო პროცესს დასწრებოდნენ. დღესდღეობით ქვეში-ზემო არცევის ჭიშკარი ჩაკეტილია.
საოკუპაციო ხაზის საპირისპირო მხარეს „უკანონო“ მეთოდებით გადასვლა განსაკუთრებით 2019 წლიდან გახშირდა, მას შემდეგ, რაც, ერთი მხრივ, „წნელისის კრიზისის“, მეორე მხრივ კი, პანდემიის გავრცელების პრევენციის საბაბით, სგპ-ები განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა. აქამდე თუ დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და რუსი „მესაზღვრეები“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებდნენ მოქალაქეებს და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებდნენ მათ, სგპ-ების ჩაკეტვის შემდეგ უკვე საქართველოს მოქალაქეები კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს, რათა მეორე მხარეს დარჩენილი ოჯახის წევრები და ნათესავები მოენახულებინათ.
„საზღვრის უკანონო გადაკვეთა“
„საზღვრის“ გადაკვეთის ბრალდება დე ფაქტო რესპულიკაში სისხლის სამართლის დანაშაულია, სამართალწარმოებისთვის კი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენება. აღნიშნულ ბრალდებას კოდექსის 322-ე მუხლი შეესაბამება. დაკავების ფაქტზე ორივე მხარე ვალდებულია აამოქმედოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კოორდინირებული ცხელი ხაზის მექანიზმი და დაკავების შესახებ ინფორმაცია მეორე მხარეს გადასცეს. ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება, თუმცა ისეთ პრეცედენტებსაც ჰქონია ადგილი, როდესაც „ცხელი ხაზი“ კვირებით, თვეებით გვიან ან საერთოდ არ ამოქმედებულა. აღნიშნული ბრალდების საფუძველზე დაკავებულ მოქალაქეებს ცხინვალის ციხეში ათავსებენ. თუ დაკავების ფაქტი ცხინვალიდან მოშორებით ხდება, მას დროებით უახლოეს სამხედრო ბაზაზე აჩერებენ, თუმცა საბოლოო დანიშნულების წერტილი მაინც ცხინვალის ციხეა. მომდევნო ეტაპი, როგორც წესი, დე ფაქტო რაიონული სასამართლოა. იქ წყდება დაკავების ხანგრძლივობა და გათავისუფლების პირობები - ზოგიერთ შემთხვევაში ეს რამდენიმე კვირაა, ხშირად თვე, იშვიათად კი წელი. სასამართლო ძირითად შემთხვევაში რამდენიმე დღეში ინიშნება, თუმცა ყოფილა „დროის გაწელვის“ პრეცედენტებიც. ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც უკანონოდ დაკავებულებს „ოფიციალური“ პროცედურების გარეშე, იმავე ან რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ. ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ქართული და ოსური მხარის მიერ გავრცელებული წლიური სტატისტიკები ხშირად განსხვავებულია.
შეჯამება
2023 წლის ივნისის მონაცემებით, 4 საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ამჟამად მხოლოდ ორი ფუნქციონირებს პერიოდულად - ყოველი თვის 20-30 რიცხვში.
სგპ-ების ჩაკეტვამ, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი მოსახლეობისათვის, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შექმნა. ზემოაღნიშნული ხელოვნური შეზღუდვების დაწესებამ ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია, სგპ-ების არასათანადო მუშაობის შედეგად კი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ თავისუფალ გადაადგილებას, სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვებისა და პენსიის დროულ მიღებას და სხვა სერვისებით სარგებლობას.