დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და რუსეთის სასამართლო აღსრულების ფედერალურ სამსახურს შორის დაიდო მემორანდუმი. შეთანხმებას ხელი მოაწერა დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა, ოლეგ გაგლოევმა და აღსრულების სამსახურის დირექტორმა, რუსეთის მთავარმა სასამართლო აღმასრულებელმა - დმიტრი არისტოვმა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი და რეგიონში რუსეთის „ელჩი“, მარატ კულახმეტოვი.
მემორანდუმი ითვალისწინებს უწყებებს შორის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და იმ პირების საერთო სამძებრო სამუშაოების ჩატარებას, ვინც არ ემორჩილება სასამართლო განჩინებას და უარს ამბობს ფინანსური ვალდებულების გადახდაზე.
რუსეთის მთავარმა სასამართლო აღმასრულებელმა, არისტოვმა შეხვედრა გაგლოევთანაც გამართა. შეხვედრაზე არისტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის აღსრულების სამსახური მიაწვდიდა დე ფაქტო რესპუბლიკაში მომუშავე კოლეგებს საზაფხულო ფორმასა და საჭირო ტექნიკას. გარდა ამისა, არისტოვის ცნობით, მოსკოვის ოლქში შენდება ახალი სასწავლო ცენტრი, რომელშიც ელიან დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასაც.
ალან გაგლოევმა კი, თავის მხრივ, დააჯილდოვა არისტოვი მეგობრობის ორდენით და მადლობა გადაუხადა დე ფაქტო უწყების მხარდაჭერისათვის.