ავტორი: ოთარ ჯინჭარაძე
2022 წლის 4 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ სავჩენკო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსად და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა და ამავე დღეს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
ვლადიმირ სავჩენკოს წარდგენა
რუსი გენერლები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსები ძირითადად გამოცდილი რუსი გენერლები არიან. საინტერესოა, რომ სავჩენკოს დანიშვნამდე ამ პოსტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოღვაწე რუსი გენერლები იკავებდნენ. 2015-2018 წლებში ამ პოსტს იკავებდა 2010 წელს გადამდგარი გენერალი, ანატოლი ხრულოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს მძიმედ დაიჭრა.
ანატოლი ხრულოვი
2018-2022 წლებში გენშტაბის უფროსი კი, ვასილი ლუნევი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა. სავჩენკომ ლუნევი შეცვალა. სავჩენკოს კარიერა მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით არ არის დაკავშირებული ცხინვალის რეგიონთან.
ვასილი ლუნევი
ვინ არის ვლადიმირ სავჩენკო?
ვლადიმირ სავჩენკო დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს, ჩრდილოეთ ყაზახეთში, საბჭოთა კავშირში. საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში მისი კარიერა 1976 წელს დაიწყო. 1980 წელს დაამთავრა ბლაგოვეშჩენსკის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სკოლა. 1991 წელს იგი ასევე ირიცხებოდა ჯავშანსანტანკო ძალების სამხედრო აკადემიაში. 2001 წელს მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია დაამთავრა. 2001 წლიდან სავჩენკო სამხედრო აკადემიაში სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა, ხოლო 2005 წელს უკვე კათედრის უფროსის მოადგილე იყო. იგი სამეცნიერო კვლევებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
2007 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, „სამხედრო ადმინისტრაციის ისტორიისა და თანამედროვეობის თეორია“, სადაც ომის დროს თანამედროვე ტექნოლოგიებით ინფორმაციის დროული მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2021 წლის 22-24 ივლისში სავჩენკო, გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის უფროსის მოადგილის რანგში, გამოვიდა სიტყვით „მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე“, სადაც აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე ისაუბრა.
სავჩენკოს საქმიანობა სირიაში
სავჩენკოს კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი სირიაში მოღვაწეობას უკავშირდება. იგი ხელმძღვანელობდა სირიიდან ლტოლვილების მიღების, განაწილებისა და განთავსების ცენტრსა და სირიაში კონფლიქტური მხარეების შერიგების ცენტრს.
კონფლიქტური მხარეების შერიგების ცენტრი 2016 წლის თებერვალში დაარსდა. იგი 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ცენტრის მისიას წარმოადგენდა სირიაში კონფლიქტურ მხარეებს შორის (სირიის მთავრობა და ოპოზიციის მომხრე მებრძოლები) მშვიდობის დამყარება და მოლაპარაკებების წარმოება. სავჩენკო საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად ხშირად სტუმრობდა სირიას.
სავჩენკოს სირიაში ყველაზე ხანგრძლივი სტუმრობის ძირითადი მიზეზი ოპოზიციის მომხრე მებრძოლების მიერ ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქის, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკავება იყო. სავჩენკოს განცხადებით, მან ცენტრის დახმარებით ქალაქში ჰუმანიტარული მისია განახორციელა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქმიანობა
აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან სავჩენკო აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების საქმიანობაში. იგი ხშირად მონაწილეობს სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ საქმიანობაში:
ბადრა გუნბამ თავდაცვის ობიექტები მოინახულა