ახალი ამბები

მინერალური წყლების წარმოება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

2023 / 06 / 22

ავტორი: ბექა ირომაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მინერალური წყლების ექსპორტი შემოსავლის პერსპექტიულ წყაროდ მიიჩნევა. ამჟამად მინერალური წყლების კომერციულ წარმოებას რამდენიმე კომპანია ეწევა.

2011 წლამდე წყლის წარმოებით მხოლოდ კომპანია „სამხრეთ ოსეთის მინერალური წყლები“ იყო დაკავებული, რომელიც მხოლოდ ორ ბრენდს აწარმოებდა. 2011 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში წყლის ჩამოსხმა სხვა კომპანიებმაც დაიწყეს.

„სამხრეთ ოსეთის მინერალური წყლები“

„სამხრეთ ოსეთის მინერალური წყლები“ („Минеральные воды Южной Осетии“) წყლის ჩამოსხმაში ე.წ. სახელმწიფო ქარხანა - „ბაგიათის ჩამოსასხმელ ქარხანასთან“ თანამშრომლობს. ეს უკანასკნელი დღეში 20 ათას ბოთლს ასხამს. „სამხრეთ ოსეთის მინერალური წყლების“ პროდუქცია ბაზარზე სამკურნალო მინერალური წყლის სახელით პოზიციონირებს.

„ბაგიატა“

2021 წელს „ბაგიატას“ ბრენდის ქვეშ საათში 3 ათასი ბოთლი  წყალი იწარმოებოდა, პროდუქციის რეალიზაცია ცხინვალში არსებულ „ბაგიატას“ სპეციალურ მაღაზიებში ხდება.

ექსპორტის თვალსაზრისით 2014 წელს წარმოების 22,4% ექსპორტზე ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმში გადიოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 36,5%-მდე გაიზარდა. თუმცა 2021 წლიდან პროდუქტის ექსპორტი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთში მიმდინარეობს.

„სანაი“

წარსულში ცნობილი მინერალური წყალი „ძაუ“, რომელიც ჯავაში არსებული, იგივე სახელის მქონე, საბადოსგან მიღებული წყლით იწარმოებოდა, დღეს „სანაის“ ბრენდის ქვეშ ჩამოისხმება. „სანაის“ ჩამოსხმა 2018 წელს, კერძო ინვესტიციების ხარჯზე საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო.  ბრენდის ყოველდღიური საწარმოო ბრუნვა 10-15 ათასი ბოთლია.

კომპანია „ატეი“ და „როდნიკ ოსეტიი“

კომპანია „ატეი“ („Атей“) და „როდნიკ ოსეტიი“ („Родник Осетии“) ორი სხვადასხვა კომპანიაა, თუმცა ისინი საერთო საწარმოო კომპლექსს იზიარებენ. 2011 წელს დარეგისტრირებული კომპანია „ატეი“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველი კერძო კომპანია იყო, რომელიც წყლის ბიზნესში ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ წყლის  ჩამომსხმელი ქარხანა 2014 წელს აშენდა და დღეს ორი ბრენდის წყალს („ალანდონი“ და „ოსური“) უშვებს. 2017 წელს „ატეიმ“  საპარტნიორო ხელშეკრულება დადო რუსულ ხორცპროდუქტების გიგანტთან - „ვლადიმირსკი სტანდარტთან“. სწორედ საპატრნიორო ხელშეკრულების დადების შემდეგ დაარსდა კომპანია „როდნიკ ოსეტიი“, ეს უკანასკნელი ექსპორტზეა ორიენტირებული, მაშინ როცა, „ატეი“ ადგილობრივ ბაზარზე.

„ალანდონი“ და „ოსური“

კომპანია „ატეიმ“ წყლის ბრენდი „ალანდონი“ ბაზარზე 2015 წელს გამოუშვა (2018 წლამდე „ზგუბირ-სუარის“ სახელით იწარმოებოდა), ხოლო „როდნიკ ოსეტიიმ“ 2017 წელს დაიწყო ბაზარზე ოპერირება, მინერალური წყლის ბრენდი - „ოსურის“ მეშვეობით.  

ორივე ბრენდის წყალი ერთი ნედლეულის გამოყენებით, ერთსა და იმავე ქარხანაში იწარმოება. „ალანდონი“ უმეტესად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, ხოლო „ოსური“ ექსკლუზიურად საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს კომპანია „როდნიკ ოსეტიიმ“ წყლის ბრენდი „ოსურით“ ყირიმში რესტორნების, სასტუმროების, ბარებისა და სავაჭრო ქსელების მომარაგება დაიწყო.

კომპანია „აპიუოტერს“

კომპანია „აპიუოტერს“ („АпиУотерс“) საკუთარ პროდუქციას ე.წ. სახელმწიფო საწარმო „ბაგიათის ჩამოსასხმელ ქარხანაში“ აწარმოებს.

„ძიმური“

კომპანია „აპიუოტერსმა“ ბრენდი „ძიმურის“ წყლის წარმოება 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. წყალი, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ჟამურის ხეობაში არსებულ წყლის საბადოდან მოიპოვება და ჩამოისხმება.

„სუადონი“

ბრენდის ჩამოსხმა „ბაგიათის ჩამოსასხმელ ქარხანაში“ კომპანია „აპიუოტერსის“ დაკვეთით 2016 წელს დაიწყო. „სუადონი“, უმეტესად, 19 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება. აღნიშნული ბრენდი სპეციალური წყლის დისპენსერებისთვის განკუთვნილია. აღნიშნული ბრენდის წყალი ბაზარზე ასევე 5 და 0,5 ლიტრიანი მოცულობის ბოთლებითაცაა წარმოდგენილი, უმეტესად კორპორაციული მოხმარებისთვის.

კომპანია „ნატურპლანტ“

„ედისი“

„ედისი“ კომპანია „ნატურპლანტის“ („Натурплант“) წარმოებული წყლის ბრენდია, რომელიც  2019 წლიდან სოფელ ედისში იწარმოება. სოფელში წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა 2017 წელს გაიხსნა, რომლის ღირებულება 120 მლნ რუბლს აღემატებოდა. საწარმოო შესაძლებლობები ორ საწარმოო ხაზზე ჯამში საათში, 6000 ბოთლს უტოლდება, რაც დღეში 20 ათასამდე ბოთლს ნიშნავს. „ედისის“ ასორტიმენტი 0,5 და 0,95 ლიტრიანი, კარბონატული და არაკარბონატული, მხოლოდ მინის ბოთლში ჩამოსხმული, პროდუქციისგან შედგება.

გამოფენებში მონაწილეობა

ცხინვალის რეგიონში წარმოებული მინერალური წყლები პერიოდულად რუსეთში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქტების გამოფენებზე მონაწილეობენ.

2018 წელს, მოსკოვში გამართულ „პროდექსპოზე“ „2018 წლის საუკეთესო პროდუქტის“ კონკურსში ბრენდმა „ოსური“ ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წელს აღნიშნულმა წყლის ბრენდმა, ოკუპირებულ ყირიმში  გამართულ ტურისტულ გამოფენაზე მაღალი შეფასებები მიიღო.

ამავე კონკურზე, 2019 წელს „ალანდონმა“ ოქროს მედალი მიიღო. უკვე 2021 წელს კი, ამავე კონკურსზე, ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით, თავი „ძაუ-სუარიმ“, „ძაუმ“ და „ბაგიატმა“გამოიჩინეს.

2022 წლის თებერვალში, მოსკოვში გამართული გამოფენაზე „პროდექსპო“ ბრენდმა „ძიმურიმ“ ოქროს მედალი მოიპოვა „2022 წლის საუკეთესო პროდუქტის“ კატეგორიაში. 

Go BackGo Back