ავტორი: ბექა ირომაშვილი
30 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსთან, იგორ მასლოვთან ერთად, რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. მასლოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. აღნიშნული ობიექტები დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც რუსეთი აფინანსებს. გაგლოევი და რუსული დელეგაცია პირველად ცხინვალის „რაიონში“ არსებულ ვაშლის ბაღებს ეწვივნენ, რომელიც რუსულ კომპანია „Южный сад“-ს ეკუთვნის.
იგორ მასლოვი ვაშლის ბაღებში
კომპანიის შესახებ
კომპანია „Южный сад“-ის მფლობელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრ ტოტოონოვია. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კომპანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კი ლევან ბეკოევია.
ალექსანდრ ტოტოონოვი
„Южный сад“-ის აგროპროექტი 2017 წელს შეიქმნა, სოფელ ხეთაგუროვში, წუნარის ტბასთან ახლოს. კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია 25 წლის იჯარის პირობით მიიღო. 2019 წელს კომპანიაში ინვესტიციის სახით უკვე 100 მლნ რუბლი იყო ჩადებული, ჯამური ინვესტიცია კი, 2022 წლის მონაცემებით 431 მლნ რუბლს უტოლდებოდა.
ვაშლის ბაღების მასშტაბები და დასაქმებულები
პროექტის თანახმად ვაშლის ბაღების გაშენება 4 ეტაპად, ჯამში 500 ჰექტარზე უნდა მოხდეს, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე ამ მასშტაბებისგან შორსაა. 2019 წელს ვაშლის ბაღები 18 ჰექტარზე იყო გაშენებული და 3 იტალიური სახეობის ვაშლის („გოლდენი“, „მესტარი“ და „გალა“), დაახლოებით, 60 ათას ნარგავს მოიცავდა. 2022 წლამდე ბაღების საერთო ფართობი 38 ჰექტრამდე გაიზარდა. 2022 წელს კი, კომპანიამ დამატებით, დაახლოებით, 40 ჰექტარით გააფართოვა მეურნეობა და ახალ პლანტაციაზე ვაშლის 3 ახალი ჯიში დარგო („პინკ ლედი“, „ფუჯი“ და „გრენი სმიტი“). შესაბამისად დღეს, პროექტის დაწყებიდან 6 წლის თავზე, კომპანია 80 ჰექტრამდე ვაშლის ბაღებს ფლობს.
2019 წელს კომპანიას 27 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. მათი მინიმალური ხელფასი 25 ათასი რუბლი იყო. 2021 წელს თანამშრომელთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. 2022 წლისთვის კომპანია უკვე 56 ადამიანს ასაქმებდა, რომელთა მინიმალური შემოსავალი 35 ათასი რუბლს უტოლდებოდა. მოსავლის აღების პერიოდში ვაშლის ბაღებში დამატებით 100 ადამიანი საქმდება. სეზონური მუშების ანაზღაურება დღეში 1600-2000 რუბლს შეადგენს.
მოსავალი
კომპანიამ ვაშლის პირველი მოსავალი 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. პირველი მოსავალი რუსი ინვესტორების გადაწყვეტილებით, საჩუქრად ცხინვალის ინტერნატს, მოხუცთა თავშესაფარ „ზრუნვას“ და ახალგორში არსებულ ბავშვთა სახლს გადაეცა. ამავე წელს გაკეთებული განცხადებით, კომპანია 1 ჰექტარი ბაღიდან მინიმუმ 50 ტონა ვაშლს იღებდა მოსავლის სახით.
2021 წელს მოსავლის საერთო რაოდენობამ 1200 ტონა შეადგინა, საიდანაც 1040 ტონა ექსპორტზე გავიდა, რაც გაცილებით მეტია ვიდრე 2020 წელს ექსპორტზე გატანილი 350 ტონა ვაშლი. 1000 ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა ექსპორტზე 2022 წელსაც.
მოსავლის აღება
ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტი
ცხინვალის რეგიონი, როგორც მთლიანად შიდა ქართლი, ცნობილია ვაშლის წარმოებით. შესაბამისად, ვაშლის ექსპორტზე გატანა პოტენციურად დიდი შემოსავლის წყარო იქნებოდა ადგილობრივებისთვის.
ჯერ კიდევ 2017 წელს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს არ შეეძლოთ რუსეთში ვაშლის ექსპორტზე გატანა, მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის რაოდენობა ამის საშუალებას იძლეოდა. რუსეთში ექსპორტს არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი უშლიდა ხელს. შემდგომ წლებში ამ ბარიერების შემსუბუქებასთან ერთად, ადგილობრივ ბაზარზე სწორედ „Южный сад“-მა დაიწყო ოპერირება. კომპანია 2019 წელს ადგილობრივ მეწარმეებთან შედარებით ვაშლს 2-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად ყიდდა - 40-50 რუბლად.
სავიზიტო ბარათი
კომპანიის სახელი ხშირად ფიგურირებს რუსეთსა და ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლებს შორის შეხვედრებზე. კავკასიის საინვესტიციო გამოფენაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის ფედერაციაში დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენელმა, თეიმურაზ გოგინოვმა კომპანია „Южный сад“ მოიყვანა, სოფლის მეურნეობაში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის განხორციელებული წარმატებული პროექტის მაგალითად. ვაშლის ბაღებს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები. დე ფაქტო პრეზიდენტი ჩრდილოეთ ოსეთში სტუმრობისას ხშირად ახსენებს „Южный сад“-ს, როგორც ინვესტირების კარგ მაგალითს, ამავე დროს ხშირად საუბრობს, რომ კომპანიის მხარდასაჭერად ყველა დე ფაქტო სტრუქტურა მობილიზებულია.
ქველმოქმედება
კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 50 ტონა მოსავალს საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებს. ვაშლს ურიგებენ საავადმყოფოებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, მოხუცთა თავშესაფრებს და ა.შ. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, კომპანიამ რამდენიმე ათეული ყუთი ვაშლით უზრუნველყო ცხინვალის სტადიონზე განთავსებული რუსული მობილური ჰოსპიტლის მედიკოსები და პაციენტები.
ვაშლის დარიგება საბავშვო ბაღში
კომპანია გულუხვობით გამოირჩევა და ხშირად ჩუქნის ვაშლებს ადგილობრივი დე ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურებს. 2022 წლის მოსავლიდან 70 ყუთი ვაშლი დე ფაქტო შს სამინისტროს გადაეცა საჩუქრად. 2021 წელს 2 ტონა ვაშლი მილიციის თანამშრომლებს გადაეცათ. ამავე წლის 9 სექტემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების აღსანიშნავად, ვაშლი გადაეცა რუსეთის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლობებს.
კონსულტაციები რუსი მილიარდელისგან
ოკუპირებულ რეგიონში ვაშლის ბაღების ორგანიზაციაში საკონსულტაციო წვლილი ცნობილ რუს მილიარდერს, სერგეი კაციევს მიუძღვის, რომლის ქონება 1,6 მლრდ-ს შეადგენს. კაციევი ინტენსიური მებაღეობის სექტორში ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა, იგი ჩრდილოეთ ოსეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის ხეხილის ბაღებს ფლობს.
რუსი მილიარდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. მისმა კომპანიამ, „Казачий Хутор“ რესპუბლიკაში ვაშლის წარმოება 2016 წლიდან დაიწყო და უკვე 6,5 მლრდ რუბლის ინვესტიცია განახორციელა. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიის ვაშლის ბაღები 800 ჰექტარზეა გაშლილი, ამ ფართობის გაზრდა 2024 წლისთვის 1 100 ჰექტრამდე იგეგმება. გარდა ვაშლის ბაღებისა, კომპანიას ეკუთვნის ქარხანა, რომელიც წელიწადში 20 ათას ვაშლის გადაზიდვისთვის განკუთვნილ პლასტმასის ყუთს აწარმოებს. სწორედ ამ ყუთებით ხდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კომპანია „Южный сад“-ის პროდუქციის ტრანსპორტირება. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ხილის შესანახი ადგილი, რომელსაც 50 ათასი ტონა მოსავლის შენახვა შეუძლია. „Казачий Хутор“-ის პროდუქცია ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც გადის.
კომპანიის სოციალური პროგრამას - წელიწადში 50 ტონა მოსავალი სოციალური მიზნებისთვის, იმეორებს კომპანია „Южный сад“-იც, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მსგავსი საზოგადოებრივი პოლიტიკით გამოირჩევა.