ახალი ამბები

კაზბეგ ცარიკაევი: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან

2023 / 07 / 10

ავტორი: ბექა ირომაშვილი

2023 წლის 5 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კაზბეგ ცარიკაევი დე ფაქტო ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ცარიკაევის კარიერა მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიასთან არის დაკავშირებული.

განათლება

კაზბეგ ცარიკაევი დაიბადა 1957 წლის 27 მაისს ქ. ნალჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკა), რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მან  1979 წელს დაამთავრა ყალმუყეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრონომის სპეციალობით, 2000 წელს კი, ჩრდილოეთ-კავკასიის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით.

კარიერა სტავროპოლის მხარეში

სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1980-1994 წლებში ცარიკაევი სტავროპოლის მხარეში სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოში აგრონომის პროფესიით მუშაობდა. 1994-1997 წლებში კომპანია „კაზბეკის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. 1997 წლიდან წამყვანი სპეციალისტი, 1998 წლიდან კი, სტავროპოლის მხარეში პრედგორნის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ფინანსური განყოფილების უფროსი იყო. 2007-2017 წლებში სტავროპოლის მხარის პრედგორნის მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციაში უფროსის მოადგილე და ფინანსური სამმართველოს უფროსი იყო.

ჩრდილოეთ ოსეთის ფინანსთა მინისტრი

2017 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 31 მაისამდე იგი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში ფინანსთა მინისტრი იყო. ჩრდილოეთ ოსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან ცარიკაევი საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიზეზი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტთან, ვიაჩესლავ ბითაროვთან უთანხმოება გახდა.

2017 წელს ცარიკაევის ინიციატივით რეგიონის მთავრობამ თითქმის 2 მლრდ რუბლის კრედიტი აიღო. კრედიტის აღების მიზანი ფედერალური ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა იყო. ცარიკაევის გეგმა იყო ვალების 7 წელიწადში გასტუმრება. თუმცა, ბითაროვი უკმაყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ დავალიანების დაფარვის გამო, პენსიონერთათვის და სხვა სოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის კომპენსაციების გაცემა დროულად ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივ მედიასა თუ პოლიტიკურ წრეებში მას ბრალს სდებდნენ, რომ მისთვის სოციალური კომპენსაციების გადახდის საკითხი მეორეხარისხოვანი იყო. ეს მოვლენები 2017 წლის მიწურულს ხდებოდა, რის შემდეგადაც რამდენიმე კვირაში ცარიკაევი პრაქტიკულად აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. მალევე მას მინისტრის თანამდებობის დატოვებაც მოუწია.

კარიერა ცხინვალის რეგიონში

2022 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით, ცარიკაევი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა, ფინანსური პოლიტიკის სფეროში. 2023 წლის 5 აპრილს კი ცარიკაევი დე ფაქტო ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

თანამდებობაზე დანიშვნის მეორე დღესვე, 6 აპრილს, ცარიკაევმა დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე ანგარიში წარადგინა. ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონში დარეგისტრირებული 3 102 კერძო მეწარმიდან, მხოლოდ 1 560 ეწევა აქტიურ საქმიანობას. მან ისაუბრა საკანონმდებლო ნორმის საჭიროებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს საგადასახადო სამსახურს რეესტრიდან ამოშალოს ის მეწარმეები, რომლებიც არ ეწევიან აქტიურ ბიზნეს საქმიანობას.  

 

Go BackGo Back