ახალი ამბები

ინალ არძინბას პირველი ვიზიტი თურქეთში: ვის შეხვდა და რა განაცხადა არძინბამ

2023 / 07 / 11

ავტორი: არსენ არაქელოვი

22 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თურქეთის რესპუბლიკას „მინისტრის“ რანგში პირველად ეწვია. მისი ხანგრძლივი ვიზიტის პერიოდში იგი შეხვდა აფხაზური დიასპორისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს. მისი ვიზიტი 30 ივნისამდე გაგრძელდა. საყურადღებოა, რომ იგი არ შეხვედრია თურქეთის ხელისუფლების ან მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. სტატიაში მიმოხილულია თურქეთში არძინბას ვიზიტის დეტალები. 

ჩასვლა თურქეთში და პირველი შეხვედრები

არძინბას სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთში დე ფაქტო რესპუბლიკის სრულუფლებიანი „წარმომადგენელი“, იბრახიმ ავიძბა დახვდა. არძინბა აეროპორტიდან პირდაპირ ეწვია „წარმომადგენლის“ ოფისს, სადაც თურქეთში აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის თავმჯდომარეს, მურატ მახარიას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთში აფხაზი თანამემამულეების მუშაობისა და რუსი კოლეგების დახმარებით, უფრო აქტიური საინფორმაციო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობაზე.

ინალ არძინბასა და იბრახიმ ავიძბას შეხვედრა აეროპორტში

სტამბოლში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში, არძინბა ასევე შეხვდა რუსეთის გენერალურ კონსულს, ანდრეი ბურავოვს. შეხვედრას დაესწრო იბრაჰიმ ავიძბაც. შეხვედრის ბოლოს, ბურავოვმა არძინბას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინალ არძინბასა და ანდრეი ბურავოვის შეხვედრა

ინალ არძინბამ სტამბოლში, აია-სოფიაში, ოსმალეთის სულთნის, მუსტაფა I-ის დედის, ჰალიმე სულთნის მავზოლეუმიც მოინახულა. ჰალიმე სულთანი აფხაზური წარმოშობის იყო და ვალიდე სულთნის ტიტულს ატარებდა.

სტამბოლის შემდეგ, არძინბა თურქეთის დედაქალ ანკარაში ჩავიდა, სადაც რუსეთის საელჩოში თურქეთში რუსეთის ელჩს, ალექსეი ერხოვს შეხვდა. საელჩოში ვიზიტის ფარგლებში მან პატივი მიაგო 2013-2016 წლებში თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის ხსოვნას, რომელიც 2016 წლის 19 დეკემბერს თურქმა პოლიციის ოფიცერმა იარაღიდან გასროლით მოკლა. კარლოვის საპატივსაცემოდ საელჩოში მემორიალიც დგას. აღსანიშნავია, რომ არძინბამ მემორიალის ადგილიდან რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემისთვის - „Соловьев Live” ჩაწერა მოკლე ინტერვიუ, სადაც ასევე პატივი მიაგო კარლოვის ხსოვნას. მან ინტერვიუში ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ინალ არძინბასა და ალექსეი ერხოვის შეხვედრა

ანკარაში, ავიძბასთან და მახარიასთან ერთად, არძინბა ეწვია ქემალ ათათურქის მავზოლეუმსაც, სადაც პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას.

ინალ არძინბა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში

შეხვედრები თურქ პოლიტიკოსებთან

თურქეთის ზოგიერთ პროვინციაში საკმაოდ ძლიერი აფხაზურ-ადიღური დიასპორაა. დე ფაქტო რესპუბლიკის რეპატრიაციის „სახელმწიფო“ კომიტეტის ბოლო ცნობებით, რომელთა დაზუსტებაც შეუძლებელია, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად დაბრუნდა დაახლოებით, 4500 ადამიანი. თუმცა, ამის მიუხედავად, ეთნიკურად აფხაზები მრავლად ცხოვრობენ თურქეთში, სირიაში, იორდანიასა და რუსეთში. აღნიშნული გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკურ დღის წესრიგზეც, რადგან აფხაზური დიასპორა დე ფაქტო რესპუბლიკის ინტერესების ლობირებას ცდილობს.

დე ფაქტო პარლამენტის მე-6 მოწვევის წევრის, ასტამურ ლოგუას განცხადებით, თურქეთის ახლადმოწვეულ პარლამენტში აფხაზურ-ადიღური თემის 12 წარმომადგენელია, მათგან ორი, თალიჰ ხვატიში და ლევენტ ეშბა კი ეთნიკურად აფხაზები არიან. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, არძინბა თურქეთის პოლიტიკური წრეების სწორედ ასეთ წარმომადგენლებსაც შეხვდა.

არძინბა დუზჯეს პროვინციაში ვიზიტის დროს, სადაც მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორაა, შეხვდა თურქეთის პარლამენტის, ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის წევრს, ეთნიკურად აფხაზ თალიჰ ოზჯანს. აფხაზურ წყაროებში მას მოიხსენიებენ როგორც თალიჰ ხვატიშს.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ოზჯანმა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატობისთვის იყარა კენჭი სოხუმში და 2012 წლამდე დე ფაქტო პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატი იყო. ოზჯანს დე ფაქტო პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატები იხსენებენ, როგორც პატრიოტ ადამიანს. საინტერესოა, რომ ოზჯანმა „საკანონმდებლო“ ინიციატივაც კი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც აფხაზეთის სკოლებში ყოველ დილით დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა უნდა აღმართულიყო. „დეპუტატობის“ დროს იგი ხშირად გამოირჩეოდა ნაციონალისტური განცხადებებით. შეხვედრის დროს არძინბამ და ოზჯანმა თურქეთში მცხოვრებ აფხაზ თანამემამულეთა მხარდაჭერისა და თურქეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების საკითხი განიხილეს.

ინალ არძინბას შეხვედრა თალიჰ ოზჯანთან

არძინბა სტამბოლში შეხვდა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარეს, ნაციონალისტ პოლიტიკოსს, დოღუ ფერინჩეკს. შეხვედრაზე ფერინჩეკმა განაცხადა, რომ „მათი საერთო და მთავარი მიზანია თურქეთმა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა, ამისათვის კი იგი ძალ-ღონეს არ დაიშურებს“. მან დაარწმუნა არძინბა, რომ უახლოეს მომავალში ისინი ამ მიზანს მიაღწევენ. მას მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია. ფერინჩეკის განცხადებით, თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის საგარეო პოლიტიკას. არძინბას თქმით კი, რუსეთის აგრესია უკრაინაში მსოფლიოს ახალი, სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების წესრიგის ფორმირებას ემსახურება. გარდა ამისა, ფერინჩეკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ურთიერთობა განავითაროს ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან, რომელსაც მხოლოდ თურქეთი აღიარებს.

ინალ არძინბას შეხვედრა დოღუ ფერინჩეკთან

სტუმრობა საქარიის პროვინციაში

არძინბა ეწვია საქარიის პროვინციასაც, სადაც მოინახულა აფხაზური კულტურული ცენტრი - „Адапазары“, რომელიც ფუნქციონირებას წელს დაიწყებს. პროვინციაში არძინბა შეხვდა აფხაზ თანამემამულეებს, რომლებსაც მომავალ პროექტებში დე ფაქტო მთავრობის ჩართულობისა და ცენტრის მხარდაჭერის სურვილი დაუდასტურა.

ახალი ცენტრის ხელმძღვანელმა ორალ კობაშმა (ბგანბა) კი, თავის მხრივაც, გამოხატა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი.

არძინბამ საქარიის პროვინციაში ასევე მოინახულა რამდენიმე დასახლება, სადაც მჭიდროდ ცხოვრობს აფხაზურ-ადიღური მოსახლეობა.

ინალ არძინბას შეხვედრა აფხაზურ დიასპორასთან

აფხაზური კულტურული ცენტრის ღონისძიება

ვიზიტის ბოლოს, არძინბა ეწვია სტამბოლში აფხაზური კულტურული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ფოლკლორული ანსამბლის - „რიდადე“ კონცერტს.

კონცერტის შემდეგ, არძინბა ესაუბრა თურქ ჟურნალისტსაც. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „გლობალური პოლიტიკა და საერთაშორისო სიტუაცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ, თუ დე ფაქტო რესპუბლიკა, რუსეთი და თურქეთი გაერთიანდებიან და დაიწყებენ ერთობლივ მუშაობას, ყველა სირთულე დაძლეული იქნება“. არძინბამ თურქ ხალხს მშვიდობა უსურვა და აფხაზი ხალხის მათდამი სიყვარული გამოხატა.

ჩრდილოეთ კვიპროსში ვიზიტი

თურქეთში ვიზიტის შემდგომ, არძინბა გაემგზავრა ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში. მან SputnikLive-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებისა და ე.წ. რესპუბლიკის არაღიარების ფონზე, მნიშვნელოვანი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური კავშირების დამყარება.

ვიზიტის დროს არძინბას თან ახლდა რუსეთის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა „ტურიზმისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივაში, გამოიყურება ძალიან მომხიბვლელად“. ნეკრასოვი პეტერბურგში ფლობს დიდ სამშენებლო ჰოლდინგს - „ლიდერ ჯგუფი“ და Forbes-ის მიხედვით, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ საჯარო მოხელედ.  დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისთვის ჩაწერილ მცირე მიმართვაში, ნეკრასოვმა სოხუმის აეროპორტის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ არძინბას ვიზიტამდე 1 კვირით ადრე, 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა სწორედ სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციის შეთანხმებას. პროგრამა რუსული ინვესტიციებით განხორციელდება და აეროპორტის გახსნაში რუსეთის მთავრობის დიდი ინტერესიც იკვეთება.

ინალ არძინბა ალექსანდრ ნეკრასოვთან ერთად

ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ დე ფაქტო სამინისტროს საინფორმაციო გვერდებზე უფრო დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საყურადღებოა, რომ სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არძინბა თურქეთიდან გამოფრენის დროს თურქეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დროებით შეაჩერეს, რადგან იგი იძებნება უკრაინის სახელმწიფოს მიერ უკრაინაში სეპარატიზმის მხარდაჭერის გამო, თუმცა სხვა წყაროებით აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა.

Go BackGo Back