ახალი ამბები

დენის გონჩარი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი გადახედვას არ ექვემდებარება

2023 / 08 / 05

2023 წლის 4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან - „ТАСС“ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებაც ისაუბრა. გონჩარი სამინისტროში სამხრეთ კავკასიის, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების, კურატორია. ინტერვიუში გამოთქმული ძირითადი მოსაზრებები:

  • 11-12 ივლისს ჟენევაში დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატში მიმდინარე სამუშაო ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. შემდეგი შეხვედრა 2023 წლის დეკემბერში ჩატარდება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის გზით.
  • რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, „სამხრეთი ოსეთისა“ და საქართველოს გავლით სატრანზიტო მიმოსვლის პრობლემა პერიოდულად განიხილება ერევანთან. დარწმუნებული ვართ, რომ დამატებითი სატრანსპორტო დერეფნის გახსნა ხელს შეუწყობდა რეგიონის სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას. ვფიქროთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სრულიად მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას.
  • ვემზადებით რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავისთვის (რუსეთმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, აღიარა). რუსეთი  ღირსეულ დონეზე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებებში. სოხუმსა და ცხინვალში მაღალი დონის რუსული დელეგაციები გაემგზავრებიან.
  • აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი გადახედვას არ ექვემდებარება.
  • რუსეთის მიზანია გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება მოძმე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხალხებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები.  
Go BackGo Back