ავტორი: ოთარ ჯინჭარაძე
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო მარშრუტი ტრანსკამია (ტრანსკავკასიური მაგისტრალი), რომელიც მაღალმთიან ტერიტორიაზე გადის და სხვადასხვა სტიქიური მოვლენების გამო პერიოდულად, რამდენიმე დღითაც იკეტება. აღნიშნულ მარშრუტზე ხშირია ზვავი ან ქვების ვარდნის შემთხვევები.
ტრანსკამი იწყება ვლადიკავკაზიდან და სრულდება ქ. გორთან. ტრანსკამის საერთო სიგრძე 164 კმ.-ია, მათ შორის, უღელტეხილის - 65,9კმ., ხოლო როკის გვირაბის - 3,7 კმ. მაგისტრალის მშენებლობის პროექტი დამტკიცდა 1975 წელს. 1983 წელს როკის გვირაბის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეების შეერთების შემდეგ, ტრანსკამი ოფიციალურად 1986 წლის დეკემბერს გაიხსნა.
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გადაადგილება როკის გვირაბის საშუალებით ხდება, რის გამოც, გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და ფეხით გადასვლა დაუშვებელია. რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გადაადგილებისთვის მოქალაქემ ორი „სასაზღვრო პუნქტი“ უნდა გადაკვეთოს. რუსეთის მხარეს მდებარეობს ქვემო ზარამაგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი (სგპ), რომელიც 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ცხინვალის რეგიონის მხრიდან მდებარეობს ზემო როკას „საკონტროლო-გამშვები პუნქტი“ (სგპ).
ქვემო ზარამაგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
რუსეთიდან ცხინვალის რეგიონამდე მარშრუტი
რუსეთი ცხინვალის რეგიონს სოფ. ქვემო ზარამაგის გავლით, R297 გზატკეცილით უკავშირდება. სგპ არა უშუალოდ სოფ. ზარამაგში, არამედ სოფლიდან მოშორებით, 6,4 კმ.-ში მდებარეობს, სოფ. ნართან ახლოს.
სოფ. ნართან მისასვლელ გზაზე ცნობილი ოსი ლიტერატორის, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ხიდი მდებარეობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მდინარე ზაკას გადალახვა. ხიდის გადალახვისას, მალევე იწყება სოფ. ნარი, საიდანაც საბაჟო პუნქტამდე გასავლელი მხოლოდ 1,7 კმ. რჩება, ხოლო მდინარე ზაკა როკის გვირაბამდე გზას პარალელურად მიჰყვება.
კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ხიდი
ცხინვალის რეგიონში მიმავალს პირველი შლაგბაუმი ხვდება სოფ. ნართან, სადაც ტრანსპორტის მძღოლი იღებს „საბუთს“, რაც წარმოადგენს ერთგვარ ნებართვას შემდგომი გადაადგილების შესახებ. რამდენიმე მეტრში კი, უკვე ქვემო ზარამაგის სგპ მდებარეობს.
ქვემო ზარამაგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
რუსეთის მხრიდან საზღვარზე მხოლოდ 2 გამტარი ჯიხური დგას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი) გადააგილების შემთხვევაში, მგზავრთა რაოდენობის გამო ხშირად საცობები იქმნება. პროცედურამ შეიძლება 15 წთ. გასტანოს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მესაზღვრეები ავტომობილის დეტალურ დათვალიერებას ითხოვენ და ეს პროცედურა ხშირად მეტ დროს საჭიროებს.
სგპ-ის გავლის შემდეგ მალევეა გადასახვევი, სოფ. საუბინთან და სოფ. რეგახთან, თუმცა ტრანსპორტმა მოძრაობა მთავარ მაგისტრალზე უნდა გააგრძელოს როკის გვირაბამდე.
ქვემო ზარამაგის სგპ-დან როკის გვირაბამდე მანძილი 10 კმ.-ია. როკის გვირაბთან კიდევ ერთ გადასახვევია, რომელსაც მდინარე ზაკაც მიჰყვება და გადის შემდეგ სოფლებს: კესატიკაუ, ბიტიკაუ, ზრიგატა, აბაიტიკაუ, სადაც გზა სრულდება. ქვემო ზარამაგიდან მომავალი პირი ვალდებულია მთავარ მაგისტრალზე დარჩეს და როკის გვირაბი გაიაროს, რათა ცხინვალის რეგიონში აღმოჩნდეს.
მგზავრმა როკის გვირაბი აუცილებლად ავტოტრანსპორტით უნდა გაიაროს, რადგან გვირაბში ფეხით გადაადგილება აკრძალულია. მიმდებარე ტერიტორიაზე, გვირაბის შესასვლელთან, მანქანების ავტოსადგომიცაა, საიდანაც ფეხით მოსიარულეს შეუძლია სხვა მანქანის საშუალებით გადაადგილდეს როკის გვირაბში, რათა ცხინვალის რეგიონში მოხვდეს.
გვირაბში შესვლამდე, ხელმარცხნივ, მდებარეობს რუსეთის ფედერალური საგზაო სააგენტო „Росавтодор“, ხოლო ხელმარჯვნივ ელექტროსადგური „Северный Портал“, რომელსაც ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
როკის გვირაბის გავლის შემდგომ, ცხინვალის რეგიონში, პირველი დასახლებული პუნქტი სოფ. ზემო როკაა, რომლის განაპირა მხარეს, გვირაბთან მდებარეობს სგპ. ცხინვალის რეგიონის „მესაზღვრეები“ ყველა ტრანსპორტს არ აჩერებენ და ფორმალური შემოწმებით შემოიფარგლებიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მანქანის დეტალური შემოწმებაც ხდება.
„სასაზღვრო პუნქტის“ გავლის შემდეგ იწყება ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის გზა, რომლითაც შესაძლებელია რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან დაკავშირება.
საინტერესოა, რომ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში მიმავალი მანქანებისთვის ზემო როკას სგპ-ზე შემოწმებისა და აღრიცხვის აუცილებლობა არ არსებობს. ცხინვალის რეგიონიდან მიმავალ მგზავრებს შეუძლიათ შემოწმება პირდაპირ ქვემო ზარამაგის სგპ-თან გაიარონ და ამ გზით აღმოჩნდნენ რუსეთში.
უცხოელთა რეგისტრაცია
„საზღვარზე“ განსაკუთრებულ შემოწმებას ექვემდებარებიან ის მგზავრები, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები. ქვემო ზარამაგის სგპ-ზე მათი გატარების შემდეგ, მონაცემები გადაიცემა ზემო როკას სგპ-ზე, სადაც „მესაზღვრეები“ განმეორებით დეტალურად ამოწმებენ ცხინვალის რეგიონში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
სხვა მნიშვნელოვანი დეტალები
„სასაზღვრო ინფრასტრუქტურა“
ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელ გზაზე ხშირია საცობები, რაც რეგიონში ხშირად მწვავე პოლიტიკური განხილვების საგანია. რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ხშირად ხდება ოპონენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ტრანსკამზე წარმოქმნილი საცობების გამო კრიტიკის ობიექტი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 17 თებერვლის ბრძანებით, სატვირთო მანქანებისთვის საზღვარზე 2023 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდება ელექტრონული რიგი, რამაც სატვირთოების საზღვარზე გადაადგილება უფრო უნდა გაამარტივოს.