ახალი ამბები

ალან გაგლოევის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან

2023 / 10 / 17

13 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სერგეი ცეკოვი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის „ელჩმა“ რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა.

ამ შეხვედრამდე, 9 ოქტომბერს ცხინვალის „დელეგაცია“ მოსკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც გაფორმდა რუსეთისა და დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი. იგი ითვალისწინებს  „საპარლამენტთაშორისო“ კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა „საპარლამენტო კომისიის“ ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე გაგლოევმა აღნიშნა ამ მემორანდუმის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა რუს კოლეგებს ამ შესაძლებლობისთვის. ცეკოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის კონტაქტები უფრო მეტად ინტენსიური ხდება, რაც მტკიცდება გაკეთებული საქმეებით.

შეხვედრის დიდი დრო დაეთმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმოხილვას და მასში მონაწილე მებრძოლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. გაგლოევმა მადლობა გადაუხადა ცეკოვს ოკუპირებული რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად წასული მებრძოლების მხარდაჭერისთვის. ცნობისთვის, ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან  ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის აგრესიაში მონაწილე 37 მებრძოლი დაიღუპა, ხოლო რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში რეგიონის 1200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.   

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „ორმაგი მოქალაქეობის“ საკითხი ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. ცეკოვის განცხადებით, მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების მიღწევა ამჟამად ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებულია, მისი ამოქმედებისათვის კი დარჩენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საკითხების მოგვარება, რაც, ცეკოვის თქმით, წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.

გარდა ამ საკითხებისა, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაც.

Go BackGo Back