ახალი ამბები

ზონკარის წყალსაცავი და ტირიფონის საირიგაციო სისტემა: შეთანხმების ანატომია

2023 / 11 / 17

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შედეგად თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეწყდა. თუმცა, მხარეებს შორის არსებული პრობლემური ურთიერთობების მიუხედავად, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ ჰუმანიტარულ საკითხზე შეთანხმება მაინც მოხერხდა. ამ შემთხვევაში საუბარია ზონკარის წყალსაცავზე.

რა მოხდა?

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის რიგით 114-ე რაუნდამდე (ჩატარდა 2023 წლის 12 სექტემბერს) რამდენიმე დღით ადრე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქართული მხარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ხელმძღვანელობით, და ოსური მხარე, „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე“ იგორ კოჩიევის ხელმძღვანელობით, ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე ზონკარის წყალსაცავიდან წყლის გამოშვებასა და ტირიფონის საირიგაციო სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბრიდან საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მდებარე სოფლების მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება სარწყავი წყალი. წყლის პრობლემის მოგვარება კი, ადგილობრივ მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მოიყვანონ როგორც ერთწლიანი, ასევე, მრავალწლიანი კულტურები.

საირიგაციო სისტემის სპეციფიკა და მისი მნიშვნელობა

ტირიფონის საირიგაციო სისტემა საქართველოში ერთადერთია, რომელიც ნაწილობრივ საქართველოს მიერ კონტროლირებად, ნაწილობრივ კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. წამში 6-8 კუბური მეტრი გამტარუნატიანობის მქონე არხი მიუყვება საოკუპაციო ხაზს და ათ ადგილას კვეთს მას.

სისტემაში მდ. პატარა ლიახვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მდინარე სათავეს საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში იღებს, კვეთს საოკუპაციო ხაზს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში მიედინება. ეს კი მნიშვნელოვანი იმით არის, რომ მისი დაგუბების შედეგად შექმნილია 40 მლნ კუბური მეტრი ტევადობის ზონკარის წყალსაცავი, რაც ამავდროულად ტირიფონის საირიგაციო სისტემის პირველი რგოლია. წყალსაცავი 2008 წლის ომის შემდეგ დაკეტილი იყო. ოსურმა მხარემ ეს ომის შედეგად წყალსაცავის დაზიანებით ახსნა, ქართული მხარის ვარაუდით კი, წყალსაცავი მიზანმიმართულად იყო ჩაკეტილი.

სისტემა მუშაობს ამგვარად: მდ. პატარა ლიახვიდან წყალი ზონკარის წყალსაცავში გროვდება, შედეგად, აღნიშნული მდინარე მძლავრი ნაკადით აგრძელებს მოძრაობას სამხრეთით, და გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კარბის გავლის შემდეგ, მდინარიდან წყალი ტირიფონის არხში ჩაედინება. აქედან წყალი ორი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით მიედინება. დასავლეთის მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. თერგვისში, დასავლეთით კი წინაგარისა და ორჭოსნის მიმართულებით, გზად კი მრავალ სოფელს გადის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

ტირიფონის არხი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ფლავისმანთან

ტირიფონის არხს მოგვიანებით დამატებული, შედარებით მცირე მასშტაბის მონაკვეთიც აქვს. აღნიშნული მომცრო ზომის არხი ნადარბაზევის წყალსაცავიდან იღებს სათავეს, ნადარბაზევის წყალსაცავი კი, თავის მხრივ, ტირიფონის ძირითადი არხის ხურვალეთის მონაკვეთიდან ივსება. ხურვალეთში არხი ორ მიმართულებად იყოფა: ერთი (ცენტრალური) ხაზი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ორჭოსნის მიმართულებით კვეთს საოკუპაციო ხაზს, სადაც არხის ცენტრალური ხაზი სრულდება; მეორე (დამატებითი) ხაზი კი ნადარბაზევის წყალსაცავს უერთდება. ამ ხაზის საშუალებით ივსება ნადარბაზევის წყალსაცავი, იქიდან კი, წყალი გორის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით მდებარე სოფლების გავლით (რომლებსაც არხის ძირითადი ხაზი ტექნიკური თვალსაზრისით, წყლის დინების მარშრუტის შეცვლის გარეშე ვერ გაივლიდა) კასპის მუნიციპალიტეტში გადადის, კვეთს საოკუპაციო ხაზს, რის შედეგადაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის მომიჯნავე ოსური სოფლების მორწყვის შესაძლებლობაც იქმნება.

დამატებითი არხი

მოლაპარაკებების პროცესი და საერთაშორისო მხარდაჭერა

ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე სოფლებში სამეწარმეო და მომსახურების სექტორი ნაკლებად არის განვითარებული, მოსახლეობისთვის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება (მოჰყავთ როგორც ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურა, ასევე მრავალწლიანი ხეხილი) და მესაქონლეობაა (ჰყავთ ძირითადად მსხვილფეხა პირუტყვი). სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტამ კი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დატოვა.

ზონკარის წყალსაცავის დაკეტვის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა მარცვლეულის მოყვანა; ხმობა დაიწყო მრავალწლოვანმა ხეხილმა და საძოვრებმა. ამრიგად, 2008 წლის შემდეგ, ბუფერულ ზონაში ჰუმანიტარული მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ვითარება უარესდებოდა მანამ, სანამ 2014 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემა არ აღადგინა. არხს ფუნქცია ნაწილობრივ დაუბრუნდა, და ამ გადაწყვეტილებას საოკუპაციო რეჟიმმაც დაუჭირა მხარი. თუმცა, აღნიშნული შეთანხმება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არხის მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამავალი ნაწილის გასუფთავებას და ინფრასტრუქტურულ აღდგენას გულისხმობდა, ზონკარის წყალსაცავის გახსნაზე კი შეთანხმება ოსურ მხარესთან ვერ შედგა. ამრიგად, საჭირო გახდა შექმნილიყო ზონკარის წყალსაცავის ალტერნატივა. ამისათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ნიქოზში, მდ. დიდ ლიახვზე, აშენდა კაშხალი, საიდანაც დამატებითი, შედარებით მცირე ზომის არხის საშუალებით წყალი ტირიფონის არხში ჩაედინებოდა. ამასთან ერთად, სოფ. კარბში მოეწყო წყლის შემკრები რეზერვუარი, რითაც წყლის ნაკადს სიმძლავრე მოემატა.

ნიქოზის კაშხალი და კარბის წყლის შემკრები

პროექტი 2012-2013 წლებში მიმდინარეობდა, მისი საერთო ღირებულება კი 13 მლნ 365 ათასი ლარი იყო. ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, წყალი გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის გავლით, 8500 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს მიეწოდება. სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად კი, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 16 სოფლის 9700 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს. აღნიშნული პროექტით სარგებელი ცხადია ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სოფლების მოსახლეობამაც მიიღო.

შენიშვნა: სალთვისის სარწყავი სისტემა ტირიფონის არხის საპირისპირო მიმართულებით, შიდა ქართლის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე სოფლებს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით და არ კვეთს საოკუპაციო ხაზს.

მხარეები, ყოველ წელს, საირიგაციო სეზონის დაწყებამდე ტექნიკურ სამუშაო შეხვედრებს მართავენ IPRM-ის ფორმატში. ტირიფონის არხის ამოქმედება ყოველ ასეთ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუმცა მოლაპარაკებები ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ კი წარუმატებლად სრულდებოდა. როგორც აღვნიშნეთ, 2012 წელს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მოლაპარაკება მორიგ ჯერზე წარმატებული 2016 წელს აღმოჩნდა, შემდეგ კი 2020 წელს, როცა ტირიფონის არხის მეორე, შედარებით მცირემასშტაბიანი, მონაკვეთის მოწყობის პროცესი დაიწყო და მორწყვის შესაძლებლობა გაჩნდა გორის, კასპისა და ოკუპირებული ახალგორის დამატებით რამდენიმე სოფელში.

შედარებით განსხვავებული, თუმცა ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის სადემონსტრაციოდ მნიშვნელოვანი ვითარება დადგა 2011 წელსაც, როდესაც ზონკარის წყალსაცავი გადაივსო. ვინაიდან მისი კაშხალი დაზიანებული იყო და წყლის მიმოქცევა დამცავი ფარების დაზიანების გამო სათანადოდ ვერ ხერხდებოდა, წარმოიშვა შიდა ქართლის, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტის დატბორვის სერიოზული საფრთხე. ვითარების სიმწვავის სათანადოდ შეფასების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტები წყალსაცავის შემოწმებას ვეღარ ახერხებდნენ, ეუთოს უშუალო ჩართულობითა და მხარეების შეთანხმებით, საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ და საერთაშორისო სპეციალისტებს კაშხლის შემოწმების ნება დართეს. შედეგად, კაშხალი შეკეთდა და დატბორვის საფრთხეც მოიხსნა.

ზონკარის წყალსაცავი

სარწყავი წყლის თაობაზე სრულფასოვნი შეთანხმების მიღწევაში, ანუ ზონკარის წყალსაცავის გახსნაში, მხარეებს ხელს ორი მთავარი პრობლემა უშლიდათ: ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და პრინციპული უთანხმოება სხვა საკითხებზე. მოლაპარაკებები ხშირად იშლებოდა სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი გახლდათ საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, წამება და მკვლელობა, ისევე, როგორც, ე.წ. ჩორჩანა-წნელისის კრიზისი, რაც ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობამ გამოიწვია.

საბოლოო შეთანხმება და მისი მნიშვნელობა

როგორც აღვნიშნეთ, ტირიფონის არხის გახსნის შესახებ შეთანხმებას ქართულ-ოსურმა მხარემ 2008 წლის შემდეგ რამდენჯერმე მიაღწიეს, თუმცა ზონკარის წყალსაცავის გახსნაზე მხარეები საბოლოოდ ომის დასრულებიდან მე-15 წლისთავზე შეთანხმდნენ.

წყალსაცავს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. ნიქოზის კაშხლის, ნადარბაზევის წყალსაცავისა თუ ზერტის წყლის შემკრების სახით სარწყავი წყლის რესურსის მობილიზების ალტერნატიული საშუალებების შექმნის მცდელობების მიუხედავად, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ზოგიერთი სოფელი წლობით რჩებოდა სარწყავი წყლის გარეშე, იმ იშვიათ შემთხვევებში კი, როცა არხი იხსნებოდა, სარწყავი წყლის ნაკადი იმდენად ცოტა იყო, რომ მის მოხმარებაზე გრაფიკი წესდებოდა.

საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა 2023 წლის სექტემბერში მიაღწიეს, მაშინ როცა, IPRM-ის ფორმატში ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მხარეთა წარმომადგენლების ცნობით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ოსური მხარე სრულად გახსნიდა ზონკარის წყალსაცავს. ასევე ორივე მხარემ სრული პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებული ნაწილის გასუფთავებასა და შეკეთებაზე.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარის დადებითი შეფასება გამოიწვია. შეთანხმებაზე საუბრისას ოსური მხრიდან მედიასთან იგორ კოჩიევმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა“ თემურ ცხურბათმა ისაუბრეს. კოჩიევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ოსური მხარე მონიტორინგს უწევს წყლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებას. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიწოდების აღდგენის პირველ დღეს წყლის ნაკადი მნიშვნელოვნად ცოტა იყო, თუმცა  იმედოვნებს სიტუაციის გამოსწორებას. ცხურბათმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმება მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მან ყურადღება გაამახვილა, რომ თანამშრომლობის ხარისხისა და ინტენსივობის გაზრდა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის პარტნიორად აღქმის პროცესს შეუწყობს ხელს“.

სამშვიდობო პროცესთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური და დემოგრაფიული კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ატარებს.

სარწყავი წყლის შეუფერხებელი და რეგულარული მიწოდების გარანტია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ახალი სავაჭრო და სამეწარმეო შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს. ამ ზონაში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ის იყო, რომ არ შეეძლოთ არც სამეწარმეო და არც სავაჭრო საქმიანობა. რადგანაც მათი მოყვანილი მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მხოლოდ ამინდზე იყო დამოკიდებული, მოყვანილი პროდუქტი ვერც ქსელურ მაღაზიებში შეჰქონდათ წინასწარ დადებული კონტრაქტის საფუძველზე და სათანადოდ ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამების შესაძლებლობებს იყენებდნენ.

უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, ზონკარის წყალსაცავისა და ტირიფონის არხის სარგებლობის შესახებ მიღწეული შეთანხმებები ის იშვიათი საკითხია, რომლის შედეგადაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს სარგებელი. ეს შეთანხმებები წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგია:

  • 2011 წელს ერთობლივი ძალისხმევით აღმოიფხვრა სტიქიური უბედურების საფრთხე;
  • 2012 წელს მოირწყა 18 სოფელი და დამატებით აშენდა ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებას;
  • 2016 წელს გაიწმინდა ტირიფონის არხი;
  • 2022 წელს მოეწყო ტირიფონის არხის დამატებითი ხაზი;
  • 2023 წელს გაიხსნა ზონკარის წყალსაცავი.
Go BackGo Back