ავტორი: არსენ არაქელოვი
17 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი ეწვია. ნოვაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ეს მისი პირველი ვიზიტია რეგიონში.
ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაში. მან ასევე რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
ალან გაგლოევისა და ალექსანდრ ნოვაკის შეხვედრა
17 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ნოვაკს პირადად შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ალან გაგლოევისა და ალექსანდრ ნოვაკის შეხვედრა
ნოვაკმა გაგლოევთან ერთად საზეიმოდ გახსნა სამი საცხოვრებელი კორპუსიც. საცხოვრებელი სახლები აშენდა რუსეთის მიერ დაფინანსებული „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსებით. თითოეულ კორპუსში 75 საცხოვრებელი ბინაა.
საცხოვრებელი სახლის საზეიმოდ გახსნის ცერემონია
სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრა
17 ნოემბერს „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაც შედგა. მანამდე კი, მხარეები ერთმანეთს „ვიწრო წრეში“ შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა გაგლოევი, ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე და დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან კომისიის თანათავმჯდომარე, კონსტანტინე ჯუსოევი, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანალ მარგიევი და დე ფაქტო სამინისტროების ხელმძღვანელები.
რუსეთის დელეგაციის წევრები კი იყვნენ ნოვაკი, რუსეთის ე.წ. ელჩი რეგიონში, მარატ კულახმეტოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი, იგორ მასლოვი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი.
ნოვაკმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონი რუსეთისთვის სტრატეგიული მოკავშირეა, „მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი მოსკოვის გრძელვადიანი ინტერესია, მათ შორის, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში“. მან აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მულტიპოლარული და უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის მოწყობა, რაც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეტ საშუალებას იძლევა.
ნოვაკმა დე ფაქტო მთავრობის წევრებისადმი მადლიერება გამოხატა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისათვის. 22 ნოემბრის, ღია წყაროებში დადასტურებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე 39 მებრძოლი დაიღუპა.
ამის შემდგომ კი, ნოვაკმა ყურადღება მეტად დაუთმო ეკონომიკურ საკითხებს. მისი თქმით, რუსეთის ინტერესია დე ფაქტო რესპუბლიკამ მეტი კავშირი განავითაროს რუსეთის სხვადასხვა რეგიონთან და ასევე, რუსეთის მოკავშირეებთან. მან აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა ისეთი პროექტების შეთავაზება პარტნიორებისთვის, რაც მათ დააინტერესებთ.
დელეგაციების შეხვედრა
„კომისიის“ შეხვედრა გახსნა გაგლოევმა, მადლობა გადაუხადა დამსწრე დელეგაციებს, რის შემდგომაც სიტყვა ნოვაკს გადასცა. ნოვაკის თქმით, „კომისიის“ ეს შეხვედრა სიმბოლურია, რადგანაც რუსეთის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 15 წელი გავიდა. ნოვაკმა აღნიშნა, რომ „ამ წლების განმავლობაში რეგიონმა მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს ეკონომიკურად დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში“.
მან განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის განაგრძოს დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდაჭერა ფინანსებით, ექსპერტებითა და რესურსებით პოლიტიკურად ნეგატიური პროცესების მიუხედავად. თუმცა, ასევე მან განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას იმედი აქვს დე ფაქტო მთავრობის შესაბამისი მუშაობის. პირველ რიგში, ამ მხრივ, მან აღნიშნა „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში 2025 წლამდე ჩასატარებელი ყველა ღონისძიების ეფექტურად დასრულება, საბაჟო და საგადასახადო სფეროებში რუსეთის კანონმდებლობასთან ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება და რუსეთის მიერ გაცემული ფინანსური დახმარების კონტროლის გაძლიერება.
რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად ნოვაკმა გამოჰყო დე ფაქტო რესპუბლიკის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, რაც შესაძლებელია აისახოს რუსეთის სხვადასხვა რეგიონთან, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროს განვითარებაზეც.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო 2023 წელს „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები, მომავალი წლის გეგმა და დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგომომარაგების ოპტიმიზაციის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რის შემდგომაც ნოვაკი ჟურნალისტებს გაესაუბრა. ინტერვიუში ნოვაკმა აღნიშნა, რომ „პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული 18 პროექტიდან, წელს ექსპლუატაციაში შევიდა 12. მისი თქმით, ის კმაყოფილია დე ფაქტო მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოთი.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ბოლომდე დე ფაქტო მთავრობა გეგმავს დოკუმენტების რატიფიცირებასაც, რომლის თანახმადაც რეგიონი მიიღებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო ტარიფს და რუსეთში მოქმედ საბაჟო გადასახადების განაკვეთს.
შემდეგი, 23-ე „სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრა“ მოსკოვში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიგეგმა.
„სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრა
პროექტების მონიტორინგი
„სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, 18 ნოემბერს, ნოვაკმა დატოვა ოკუპირებული რეგიონი. თუმცა, რუსეთის დელეგაციამ მასლოვის ხელმძღვანელობით განაგრძო სამუშაო ვიზიტი. დელგაციამ „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პირველ რიგში, დელეგაციამ მოინახულა ქარხანა - „ვიბრომაშინა“. 2025 წლიდან ქარხანაში იგეგმება მარმარილოსა და სხვა ქვების დამუშავება და შემდგომ კი, სამშენებლო მასალად გამოყენება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში 148 ადამიანი დასაქმდება.
ცხინვალის რეგიონში დიდი ყურადღება ეთმობა სამშენებლო წარმოების საკითხს. ამ კუთხით აღსანიშნავია კომპანია „ირ ბაზალტიც“, რომელსაც დელეგაცია ასევე ეწვია. ქარხანა რუსული დაფინანსებით აშენდა, თუმცა წარმოება მასაც ჯერ არ დაუწყია. ქარხნის დირექტორის, რომან ჯიოევის განცხადებით, წარმოებისათვის კომპანიას შესაბამისი ტექნიკის შეძენა სჭირდება.
შემდეგი ობიექტი კი, რომელსაც დელეგაცია ეწვია, იყო კონსერვების მშენებარე ქარხანა, რომელიც ცხინვალის რაიონში, სოფ. ფრისში მდებარეობს. ქარხნის დირექტორის განცხადებით, 2024 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კონსერვების წარმოება, ობიექტზე კი 220-250 ადამიანი დასაქმდება.
საბოლოოდ კი, დელეგაციამ „ძველი ხიდის“ მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მასლოვის განცხადებით, იგი კმაყოფილი დარჩა იმ პროგრესით, რაც დე ფაქტო რესპუბლიკამ მისი ბოლო ვიზიტის შემდგომ მიაღწია.
იგორ მასლოვი პროექტებს ამოწმებს