29 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დუმის დემუტატს, ვლადიმირ რესინს შეხვდა.
შეხვედრაზე არძინბამ რესინს უამბო დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკისა და ტურიზმის შესახებ. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ტურიზმის განვითარებას. არძინბას განცხადებით, 2023 წლის საკურორტო სეზონზე ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია დაახლოებით, 2 მილიონი რუსი ტურისტი. მან აღნიშნული მონაცემები შეადარა საბჭოთა კავშირის დროს აფხაზეთში ჩასული რუსი ტურისტების რაოდენობას, რაც, ე.წ. მინისტრის თქმით, წელიწადში 4 მილიონს შეადგენდა.
არძინბას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონისთვის მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისა და სასტუმროების აღდგენა და ე.წ. მთავრობას იმედი აქვს, რომ შეძლებს მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები. ასევე, მან აღნიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება რუსეთთან შეთანხმების დადება ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვისა და ინვესტორებისთვის გარანტიების მიცემის შესახებ.
რესინის განცხადებით, იმის შემდომ, რაც რუსეთმა აღიარა დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და დაამყარა „ოფიციალური“ კავშირები, მან აიღო პასუხისმგებლობა აფხაზეთის განვითარებაზე, რაც „ორმხრივად მომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობაა“. მან დადებითად შეაფასა აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალი, რომლის აქტიური განვითარებაც შესაძლებელია რუსული ბიზნესის მოზიდვით ე.წ. მთავრობის მხრიდან შესაბამისი გარანტიების მიცემის შემთხვევაში. მან აღნიშნა, რომ მოსკოვში არაერთი მაღალპროფესიონალური საინვესტიციო-სამშენებლო სტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია ჩაერთოს აფხაზეთში მშენებლობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ რესინი იყო სამშენებლო კომპლექსის - „მოსკოვი“ ხელმძღვანელი და კოორდინირებას უწევდა არაერთ რუსულ-აფხაზურ პროექტს, მათ შორის სოხუმში „მოსკოვის სახლის“ აშენებას. ამჟამად რესინი სამშენებლო საკითხეში მოსკოვის მერისა და რუსეთის პატრიაქრის მრჩეველია. იგი კურირებს მოსკოვში ეკლესიების მშენებლობების პროექტს.