ახალი ამბები

„პროდექსპო 2024“: ოკუპირებული რეგიონების პროდუქცია გამოფენაზე წარადგინეს

2024 / 02 / 12

5-9 თებერვალს მოსკოვში გაიმართა „პროდექსპო 2024“, რომელიც რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ წარმოებული საკვები პროდუქტების და სასმელი წყლების ყოველწლიური გემოფენაა. გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ცხინვალის მხრიდან, როგორც წინა წლებში, გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზება გაუკეთა რუსეთში ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელმა, თეიმურაზ გოგინოვმა. მისივე თქმით, ორგანიზებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა რუსეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „ელჩმა“, ზნაურ გასიევმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საქონელი, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყალი, ჩაი და თაფლი. გამოფენაზე თავისი პროდუქცია (ღვინო, კონიაკი, ლუდი და მინერალური წყალი) წარადგინეს ცხინვალის რეგიონში მოქმედმა კომპანიებმა: „მეღვინეობა ირონსანი“ და „მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია უკვე რიგით მეექვსე წელია, რაც წარმოდგენილია „პროდექსპოზე“ მოსკოვში. „მეღვინეობა ირონსანისთვის“ ეს მესამე, ხოლო „ლუდსახარშისთვის“ მეორე წელია. ბოლო წლებში ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ „პროდექსპოს“ გამოფენებში.

გოგინოვის მტკიცებით, ეს მხოლოდ დასაწყისია ოკუპირებული რეგიონის „საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის“ და ამის მტკიცებულებაა ის, რომ აღნიშნული პროდუქცია უკვე რუსულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში ადგილობრივ პროდუქციასთან ერთად იყიდება.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის პროდუქციაც, მათ შორის ალკოჰოლური სასმელებიც.

Go BackGo Back