ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის კავშირები ოკუპირებულ რეგიონებთან

2024 / 02 / 22

ავტორი: არსენ არაქელოვი

19 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა ჩრდილოეთ კორეული საერთაშორისო სავაჭრო კორპორაცია „მანგენბონ“-ის გენდირექტორს, იუნ გუკ ნამს სოხუმში უმასპინძლა. შეხვედრაზე სოხუმსა და ფხენიანს შორის „სავაჭრო წარმომადგენლობების“ გახსნის პერსპექტივები და კვების ინდუსტრიის, საბანკო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მანგენბონ“-ის საქმიანობის შესახებ ღია წყაროებში მწირი ინფორმაციაა. აფხაზური წყაროების მიხედვით, კორპორაციის საქმიანობის სფერო მოიცავს სამრეწველო და არასამრეწველო საქონლით ვაჭრობას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ასევე თანამშრომლობას მედიცინის, ზღვის პროდუქტების გადამუშავებისა და ტრიკოტაჟის წარმოების სფეროებში.

საინტერესოა თუ ამ ვიზიტის გარდა რა კავშირები იკვეთება ჩრდილოეთ კორეასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის.

ჩრდილოეთ კორეელი შრომითი მიგრანტები აფხაზეთში

2017 წელს გაერომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა, რომლის თანახმადაც 2019 წლამდე ჩრდილოეთ კორეის ყველა შრომით მიგრანტს უნდა დაეტოვებინა გაეროს წევრი-ქვეყნები. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ჩინეთმა და რუსეთმაც. 2019 წლის მონაცემებით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯერ კიდევ 10 000 ან მეტი მოქალაქე მუშაობდა. აღნიშნული სანქციის მიზანი იყო ფხენიანისთვის უცხოურ ვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, რის ნაკლებობასაც ჩრდილოეთ კორეა დასავლეთის სანქციების გამო განიცდიდა. გაეროს 2015 წლის მოხსენების თანახმად, უცხოური ვალუტის მოზიდვის მიზნით ჩრდილოეთ კორეის მთავრობას 50 000 თავისი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ ჰყავდა გაგზავნილი. შრომითი მიგრაციისგან შემოსული თანხა წელიწადში 1.2-2.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთი არ არის გაეროს წევრი, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ცდილობს აფხაზეთი აკრძალვებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენოს. აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეელი  შრომითი მიგრანტებისთვის რამდენიმე წელია უკვე რაც დასაქმების ერთ-ერთი ადგილია. ე.წ. საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, 2019 წელს აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის, დაახლოებით, 250 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ძირითადად სამშენებლო საქმით იყვნენ დაკავებულები. Washington Post-ის 2019 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის 400 მოქალაქე ცხოვრობდა და მათ შორის, ყველა მამაკაცი იყო.

2019 წელს ამ საკითხს „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა, აფხაზეთში მცხოვრებმა ვიტალი შარიამაც მიუძღვნა სტატია. ის წერს, რომ ხშირად ამჩნევს დე ფაქტო რესპუბლიკაში მომუშავე მიგრანტებს ჩრდილოეთ კორეიდან. მან სცადა გასაუბრებაც რამდენიმესთან, რომლებიც „მინისტრთა კაბინეტის“ შენობის სარემონტო სამუშაოებით იყვნენ დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი რუსულ ენასაც ფლობდა. იმ დროს ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, თამილა მერცხულავამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ თავად მიმართა მათ. „მათ შემოგვთავაზეს მუშები. ეს არის ის, რისი ექსპორტიც მათ შეუძლიათ“ - განაცხადა მერცხულავამ.

რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ჩრდილოეთ კორეას აფხაზეთში?

სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ საშუალებად ჩრდილოეთ კორეა, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების განვითარებასაც მიიჩნევდეს. ჩრდილოეთ კორეას შეუძლია აფხაზეთში „დაასაქმოს“ შრომითი მიგრანტები. გარდა ამისა, ფხენიანს შეუძლია თავისი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს და რუსეთის მსგავსად ოკუპირებული აფხაზეთი სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. სოხუმში ჩრდილოეთ კორეული კომპანიის ვიზიტიც სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ.

ჩრდილოეთ კორეის საბანკო ანგარიში ცხინვალში

2024 წლის იანვარში „თეთრმა სახლმა“ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე,  რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და 2.5 მლნ ვაზნა მიაწოდა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა სანაცვლოდ მის ფინანსურ დაწესებულებებში ჩრდილოეთ კორეის გაყინული აქტივების, 30 მლნ აშშ დოლარის ნაწილზე, კერძოდ, 9 მლნ დოლარის განკარგვაზე, შეზღუდვა მოხსნა. ამავე ინფორმაციით, ფხენიანი ამ თანხით ნავთობის შეძენას აპირებს, რაშიც ფხენიანს შესაძლოა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დაეხმაროს.

2024 წლის თებერვალში „The New York Times“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედ ბანკში ანგარიში გახსნა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან ურთიერთობაში გამოიყენებს. სტატიაში არ არის მითითებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკზე“, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მოსკოვის მხარდაჭერით შეიქმნა. რუსეთი ბანკს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებამდე მათთან ეკონომიკური ურთიერთობებისთვის იყენებდა.

ცხინვალის რეგიონში მდებარე, სავარაუდოდ, „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკში“ გახსნილი ჩრდილოეთ კორეული ანგარიში გამოყენებული იქნება სანქცირებული 9 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვისთვის, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ნავთობის შესასყიდად გამოიყენებს. ამ სქემით რუსეთი „არ დაარღვევს“ გაეროს მიერ დაწესებულ სანქციებს, რადგან თავად რუსეთში გადარიცხული თანხა, ფორმალურად, არ იქნება ჩრდილოეთ კორეული სანქცირებული ფული, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს კი, როგორც გაეროს არაწევრ „ქვეყანას“, არ აქვს არანაირი ვალდებულება აღასრულოს ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია. ამ სქემით ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის მიწოდებული იარაღის სანაცვლოდ შეძლებს დაიბრუნოს საკუთარი თანხები, რომელსაც ნავთობის ან სხვა საქონლის შეძენისთვის გამოიყენებს.

მოსკოვ-ფხენიანის გარიგებაში ცხინვალის რეგიონიც მიიღებს სარგებელს. 2023 წლის სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რეგიონის შეერთების შემდეგ, „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ ეტაპობრივად დატოვებდა რეგიონს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმით იყო გამოწვეული, რომ რუსეთს აღარ სჭირდებოდა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან საკუთარი ფინანსური ოპერაციების შენიღბვა. ცხინვალში შიშობდნენ, რომ ბანკის დახურვა „ბიუჯეტში“ 350 მლნ რუბლის დეფიციტს გამოიწვევდა, რადგან ბანკი ოკუპირებული რეგიონის „ბიუჯეტში“ ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია, ამ გარიგებით კი „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ გარკვეული პერიოდით კვლავ განაგრძობს ცხინვალის რეგიონში მუშაობას და „ბიუჯეტში“ თანხის შეტანას.

რატომ გააქტიურდა ჩრდილოეთ კორეა ოკუპირებულ რეგიონებში?

ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით ჩრდილოეთ კორეის გააქტიურება, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მოსკოვსა და ფხენიანს შორის დაახლოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. როგორც ჩანს, რუსეთი სამხედრო აღჭურვილობით დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებული რეგიონების საშუალებით სანქციების გვერდის ავლასა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს.

Go BackGo Back